რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 10-დან 30 დღის ვადაში გაიმართება

საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება (ყრილობა), რომელზეც პრეზიდენტის არჩევნები უნდა შემდგარიყო, ქვორუმის არარსებობის გამო ამ ეტაპზე ვერ შედგა.

დღევანდელ საერთო კრებაზე 24 სუბიექტი დარეგისტრირდა, ხმების საერთო რაოდენობით – 42 (74-იდან). რადგან ქვორუმი – ხმების 2/3 არ მოგროვდა, დებულების თანახმად განმეორებითი არჩევნები 10-იდან 30 დღის ვადაში გაიმართება და მის თარიღს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა უახლოეს დღეებში დაადგენს.

განმეორებითი არჩევნები იმ შემთხვევაში შედგება, თუ ხმების საერთო რაოდენობის 50%+1 მქონე დელეგატი გამოცხადდება.

„დებულების თანახმად, განმეორებითი არჩევნები 10-იდან 30 დღის ვადაში ჩატარდება, რაზეც გამგეობა უახლოეს დღეებში იმსჯელებს“ – განაცხადა გამგეობის თავმჯდომარე გოჩა მაჭავარიანმა, რის შემდეგაც მედიის კითხვებს პრეზიდენტობის ერთადერთმა კანდიდატმა იოსებ ტყემალაძემ უპასუხა:

„დღეს იმაზე მეტი სუბიექტი გამოცხადდა, ვიდრე ველოდი, მაგრამ სამწუხაროდ, ქვორუმისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩემი თხოვნა იყო, არ დაგვეკარგა დრო, რადგან ნაკრებს მალე თამაშები უწევს და არც კლუბები არიან კარგ მდგომარეობაში. შემოსასვლელში იყო გარკვეული ზეწოლა და შესაძლოა, ზოგიერთმა სუბიექტმა ამის გამოი ვერ შეძლო მოსვლა. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და ვთხოვ, რომ რაგბს გაფუჭებულ მოედანს ნუ დავამსგავსებთ. განმეორებითი არჩევნები დათქმულ ვადებში ჩატარდება და მაშინ დღევანდელი ქვორუმი საკმარისი იქნება“.