20 წ. | იტალიასთან ბონუსით! – ჩვენი გასაკეთებელი გაკეთებულია

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე მატჩში, იტალია 28:17 დაამარცხა, 4 ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღეს და იმისათვის, რომ მომავალი მეტოქის ვინაობა შეიტყონ, გ ჯგუფის ბოლო თამაშს ელოდებიან.

თუ ინგლისმა სამხრეთ აფრიკა ისე დაამარცხა, რომ ქულა არ ააღებინა, საქართველო მე-5-მე-8 ადგილების ნახევარფინალში გავა, თუ არა და მე-9 ადგილისთვის მოუწევს ბრძოლის გაგრძელება.

მსგავსი სიტუაცია შარშანაც იყო. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დასკვნით ტურშიც იტალიას სძლიეს (ბონუსით), მაგრამ ბოლო თამაში ჩვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდა და თასის ნაცვლად, მე-5 ადგილის ნახევარფინალში გავედით. იმედია წელს საპირისპირო შედეგი დაფიქსირდება…

ლადო კილასონიას შეგირდები ამას იმსახურებენ, რადგან 5 დღის წინ, ირლანდიასთან საოცარი თამაში აჩვენეს და მსაჯის შეცდომების შედეგად, მე-3 გაწითლებულ წუთზე მიღებული ლელო-გარდასახვის გამო დამარცხდნენ (16:22).

იტალიასთან უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კვლავ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს, ფაქტობრივად მთელი 80 წუთი უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და 5 ქულაც დამსახურებულად მიიღეს. შედეგად, მათ ჯგუფური ეტაპი 6 ქულით მესამე ადგილზე დაასრულეს, ავსტრალიის მძლეველ იტალიას გადაასწრეს და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ახლა ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის თამაშის შედეგს ელიან.

მატჩის დებიუტში ბურთს მეტოქე აკონტროლებდა, ატალახებულ მოედანზე ჩვენს 22-ში ბოჭვა გაცუდდა და იტალია ლელო-გარდასახვით მე-12 წუთზე დაწინაურდა. ამას მყისიერად მოყვა ჩვენი ბიჭების გააქტიურება, ლუკა ცირეკიძემ წნეხში ფეხით ითამაშა, რასაც კარგი ახურვა და კონტრ-რაქი მოყვა. შედეგად, იტალიელთა მეორეხაზელი შუბური ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა, ბურთი აუტში გადაიგზავნა, რასაც მძლავრი მოლი და მიხეილ ხახუბიას ლელო მოყვა. ცირეკიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

31-ე წუთზე ცირეკიძეს ლელოს გატანა შეეძლო, როდესაც მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა, მერე ოვალს ფეხი ორჯერ წაკრა, თუმცა მიზნამდე 2 მეტრში შებოჭეს. სამაგიეროდ იტალია მისსავე შერკინებაში დავაჯარიმეთ, დერეფნიდან ორჯერ ავაგორეთ მოლი, მეტოქე ორივეჯერ დაჯარიმდა და სინბინთან ერთად საჯარიმო ლელოთიც დაისაჯა. შესვენებამდე იტალიამ ჯარიმით გვიპასუხა – 14:10.

მეორე ტაიმში საქართველო კიდევ უფრო უკეთესი იყო. გუნდი კარგად კინძავდა ფაზებს და ლელოს გატანა მხოლოდ დროის საკითხი გახლდათ. ხაზი კარგად გაჭრეს ლუკა კობაურმა და ლუკა კოტორაშვილმა. მეორე ეპიზოდში, 19 ფაზის შემდეგ მეტოქე დაჯარიმდა და სინბინით კიდევ ერთხელ დაისაჯა. რიცხობრივ უპირატესობაში ორჯერ შევუტიეთ 5-მეტრიანი დერეფნიდან, მაგრამ ერთხელ მცველებმა ლელოში ჩაგვიხურეს ბურთი, მეორედ კი ბლოკისთვის დავჯარიმდით.

რიცხობრივი უპირატესობა 62-ე წუთზე გამოვიყენეთ. ანდრო დვალმა 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია, მცველი აიყვანა და ძელებსშუა ბურთი გიორგი ხაინდრავამ დაამიწა, ცირეკიძემ კი გარდასახა. იტალიამ საპასუხო ლელო-გარდასახვა მოლიდან მოულოდნელი შეტევის შემდეგ 5 წუთში გაიტანა, მაგრამ ეს დღე ქართველების იყო.

თამაში რომ განახლდა ლუკა კოტორაშვილმა მეტოქე რაქში დააჯარიმა, მოლიდან ბურთი შეცვლაზე შესულმა მიხეილ ყაჩლავაშვილმა გაიტანა, იქვე შეუტია და ლამაზი, ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა. ცირეკიძე კვლავ ზუსტი იყო, დარჩენილი დრო უქულოდ მიილია და საქართველომ დამსახურებულად – 28:17 გაიმარჯვა.

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

მესამე ტური. 9 ივლისი.

სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში. „დენი ქრავენ სთედიუმი“

საქართველო – იტალია 28:17 (14:10)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ოთარ მეტრეველი (აია), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. შოთა ხელაძე (ლელო); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 23. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

4 ლელო: ხაინდრავა, საჯარიმო, ხაინდრავა, ყაჩლავაშვილი

3 გარდასახვა: ცირეკიძე