20 წ. | საოცარი თამაშით მხოლოდ ქულა ირლანდიასთან

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩში, ირლანდიასთან დამსახურებულ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ მესამე გაწითლებულ წუთზე გარდასახული ლელო მიიღეს და საბოლოოდ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდნენ – 16:22.

პირველ ტურში ავსტრალიასთან 11:35 მარცხის შემდეგ, სტელენბოშში, „დენი ქრავენ სთედიუმზე“ ლადო კილასონიას შეგირდები მაქსიმალური მობილიზებით გამოვიდნენ. გუნდი დროის უმეტესი ნაწილი შესანიშნავად ირჯებოდა დაცვასა თუ შეტევაში და გამარჯვებასაც იმსახურება, მაგრამ არ გაუმართლა და ბოლო, 24-ფაზიანი შეტევა კაცნაკლულმა ვეღარ მოიგერია.

ირლანდიასთან, რომელმაც წლევანდელი ექვსი ერი დაუმარცხებლად დაასრულა, ინგლისს მხოლოდ ბონუს-ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა, საქართველომ სოცარი თამაში აჩვენა. მორკინალებმა თუ ხაზის მოთამაშეებმა, მეტოქეს არაერთი პრობლემა შეუქმნეს და მთელ რიგ ეპიზოდებში დაჯაბნეს.

შექება მთელმა გუნდმა დაიმსახურა, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ცენტრების, გიორი ხაინდრავასა და ლუკა კობაურის დუეტი, რომლებმაც რამდენჯერმე შეძლეს ხაზის გაჭრა და ბურთით დიდი მანძილის მოგება.

თამაში მაღალ ტემპში, ირლანდიელთა მწვავე შეტევებით დაიწყო. ისინი კარგად აბამდნენ ფაზებს, მაგრამ უმცროსი ბორჯღალოსნები ახერხებდნენ გადაწყობას და მომაკვდინებელი ბოჭვებით მეტოქის შეჩერებას. საწყის 20 წუთში ბურთს უმეტესად ირლანდიელები აკონტროლებდნენ და ორჯერ შეძლეს დაცვის ხაზის გარღვევა. მე-6 წუთზე ლელო გივენმა გაიტანა, ხოლო ტაიმის შუაში თავი სმიტმა გამოიჩინა და ერთი გარდასახვაც ზუსტი იყო – 0:12.

ამის შემდეგ კილასონიას შეგირდებმა მოახერხეს ბურთზე კონტროლის დამყარება, თუმცა შეტევების მცდელობა ტექნიკური წუნის გამო იშლებოდა. 35-ე წუთზე ირლანდია საკუთარ შერკინებაში დაჯარიმდა და ლუკა ცირეკიძემ 30 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა, გაწითლებულ დროზე კი უფრო შორიდანაც ზუსტი იყო და შესვენების წინ სხვაობა 6 ქულამდე დავიდა.

მეორე ტაიმი უკვე სრულად საქართველოსი იყო. ხაინდრავამ დებიუტშივე გაჭრა ხაზი და უკვე მეტოქის 22-ში ბურთი კობაურს გაატანა, რომელიც 22-ში შეაჩერეს, თუმცა ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა, ნიკა ლომიძემ ის რაქიდან აიტაცა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. ცირეკიძემ გარდასახვით დაგვაწინაურა. ამან დამატებითი მუხტი მოგვცა, ფაზები ავკინძეთ და ანდრო დვალის შესანიშნავი თამაშის შემდეგ მეტოქე დავაჯარიმეთ. პოზიცია გასატანი იყო, მაგრამ ლელოზე თამაში ვარჩიეთ და შემტევ მოლში დავჯარიმდით.

56-ე წუთზე ის იშვიათი მომენტი იყო, როდესაც ირლანდიამ ჩვენს 22-ში მოახერხა შემოსვლა და ჯარიმით ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა ხაინდრავას პასუხმა არ დააყოვნა, ხაზი ცენტრში გაჭრა, დაახლოებით 30 მეტრი იარა და გზად 6 მბოჭავი ჩამოიცილა. შეტევა მარჯვენა ფრთაზე გაგრძელდა და ლელოც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ შეტევა წინპასმა შეგვიჩერა.

ქართველმა მორაგბეებმა იერიშები გააგრძელეს და 61-ე წუთზე ცირეკიძემ 32 მეტრიდან გატანილი ჯარიმით კვლავ წინ გაგვიყვანა. ხუთიოდე წუთში ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მეტოქემ მოლი ლელოს ხაზთან ჩაგვიქცია, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. ანგარიშის გაზრდის შანსი დასკვნით წუთებში კიდევ ორჯერ გვქონდა, მაგრამ ცირეკიძეს გასატანი პოზიციებიდან, 27 და 20 მეტრიდან გაუცუდდა დარტყმები.

ამან ირლანდიელებს თამაშის მოგების იმედი გაუჩინა და დასკვნით წუთებში მაგრად შემოგვიტია. პირველივე ფაზაში ერთ-ერთი ჩვენი მორაგბე დაშავდა. მიუხედავად ამისა, კაცნაკლულები უჯარიმოდ ვახერხებდით თავის დაცვას, თუმცა შეცდომა არც ირლანდიელებმა დაუშვეს, 24-ე ფაზისას მარცხენა ფრთაზე დარჩენილი სივრცით ისარგებლეს და გამარჯვების ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და საქართველოს 4-ის ნაცვლად მხოლოდ 1 ნუგეშ-ქულა ერგო – 16:22.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით თამაშს უმცროსი ბორჯღალოსნები 9 ივლისს იტალიის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა სტელენბოშში, „დენი ქრავენ სთედიუმზე“ საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება.

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

მეორე ტური

სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში. „დენი ქრავენ სთედიუმი“

საქართველო – ირლანდია 16:22 (6:12)

საქართველო

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა ხორბალიძე (ლიონი), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 5. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო)17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

1 ლელო: ნიკა ლომიძე

1 გარდასახვა: ლუკა ცირეკიძე

3 ჯარიმა: ლუკა ცირეკიძე