ბორჯღალოსნები | 4 ლელო „ვოლაბებთან“

ბორჯღალოსნებმა სიდნეიში გამართულ სანახაობრივ მატჩში ავსტრალიას 4 ლელო გაუტანეს და ბოლომდე თამაშში დარჩნენ, თუმცა გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ – 40:29.

„ვოლაბებს“ თითო ლელო მიხეილ ბაბუნაშვილმა და დავით ნინიაშვილმა გაუტანეს, აკაკი ტაბუცაძემ კი დუბლი გაახერხა. ჯარიმითა და სამი გარდასახვით ლუკა მატკავამ გუნდის მონაგარს კიდევ 9 ქულა შემატა.

თამაშის დაწყებამდე იძულების წესით ორი ცვლილების განხორციელება მოგვიწია. მატჩის წინა დღეს დაშავდა კაპიტანი ბექა გორგაძე და მის ნაცვლად სასტარტოში გიორგი ცუცქირიძე დაწინაურდა, ხოლო გახურებისას ტრავმა სანდრო თოდუამ მიიღო, მის ნაცვლად ფრთაზე დემე თაფლაძემ გადაინაცვლა, ცენტრში კი გიორგი კვესელაძეს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდა. შედეგად, მარქაფაში დებიუტანტი იოანე იაშაღაშვილი გამოჩნდა, რომელიც მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა 306-ე ბორჯღალოსანი გახდა.

მატჩის დებიუტში ავსტრალია დაჯარიმდა და მატკავამ ანგარიში გახსნა. ამას მასპინძლების გააქტიურება მოყვა, მათ სისწრაფეს უმატეს, ფაზები გადააბეს და სამი ლელო გაგვიტანეს, რომელთაგან ორი გარდასახეს. 25-ე წუთიდან საქართველომ მოახერხა ბურთზე კონტროლის დამყარება და სალელოვედ შეუტია. 32-ე წუთზე კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ლელოში დემე თაფლაძე შევიდა, მაგრამ მსაჯმა ლელო გაგვიუქმა და კარის წინ ჯარიმა დაგვიბრუნა, რომლის გათამაშების და ორი მიძალების შემდეგ პირველი საპასუხო ლელო მიხეილ ბაბუნაშვილმა მიითვალა, მატკავამ კი გარდასახა.

საქართველომ შეტევები გააგრძელა და ავსტრალია სინბინით დაისაჯა, თუმცა კაცნაკლულმა ტაიმის ბოლოს კარგად აგორებული მოლით შეგვიტია და მეოთხე ლელო გაიტანა – 10:26.

მეორე ტაიმის დასაწყისი საქართველოსთვის საუკეთესო გამოდგა და ორი ერთი მეორეზე უკეთესი ლელო გავიდა. ცენტრში ბურთის მოპოვების შემდეგ თორნიკე კახოიძემ ხაზი გაჭრა, მას კარგად მიყვა დავით ნინიაშვილი, ფეხით თამაშის შემდეგ მეტოქისგან ასხლეტილი ბურთი ხელში ჩაუვარდა და ლელო ძელებსშუა გავიდა.

47-ე წუთზე ავსტრალიელ მორაგბეს ჩვენს ლელოსთან ხელიდან წავღლიტეთ ბურთი, აკაკი ტაბუცაძემ ის ფეხით გადაკიდა, მცველს სისწრაფეში აჯობა და ცენტრთან ცალი ხელით მოუხსნა ოვალი, რის შემდეგაც მის წინ აღარავინ დარჩა და 100-მეტრიანი ლელო გაიტანა. მატკავამ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 2 ქულამდე დავიდა.

სამწუხაროდ, 53-ე წუთზე ნინიაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, მეტობით უკვე ავსტრალიამ ისარგებლა და ორი გარდასახული ლელო გაიტანა. შემადგენლობა რომ შეივსო უკვე საქართველო გადავიდა შეტევაზე, 69-ე წუთზე მოლში წინ ვერ წავიწიეთ, თუმცა ბურთი ხაზზე გავიტანეთ, მატკავას კარგი პასის შემდეგ თედო აბჟანდაძემ ფრთაზე ტაბუცაძე ჩართო იერიშში, რომელიც მცველს ერთი-ერთზე გაექცა და ალამთან შეხვედრის ბოლო ლელო გაიტანა – 40:29.

ეს იყო ჩვენი გუნდის ბოლო ტესტ-მატჩი 2024 წლის ზაფხულში, რომელთაგან ერთი (იაპონიასთან) საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ორში კი მეტოქემ იმარჯვა, თუმცა თამაშიდან თამაშამდე პროგრესი აშკარა იყო.

2024 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩი

20 ივლისი. სიდნეი (ავსტრალია). „ალიანს სთედიუმი“.

საქართველო – ავსტრალია 29:40

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 6. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. იოანე იაშაღაშვილი (მონ-დე-მარსანი), 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

4 ლელო: ბაბუნაშვილი, ნინიაშვილი, ტაბუცაძე (2)

3 გარდასახვა: მატკავა

1 ჯარიმა: მატკავა