მსოფლიო რაგბის სწავლა-განათლების „სუპერ კვირა“ „შევარდენზე“

თბილისში, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე მსოფლიო რაგბის სწავლა-განათლების მორიგი „სუპერ კვირა“ გაიმართა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა.

საქართველოს რაგბის კავშირის მიზანია, რომ ყველა მიმართულებით მოხდეს ცოდნის გაღრმავება, რაც ქართული რაგბის წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს და მასშტაბური ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გარკვეული პერიოდულობით იმართება. აღსანიშნავია, რომ ევროპაში მსგავსი სწავლა-განათლების „სუპერ კვირა“ წელიწადში 2-3-ჯერ იმართება და მათგან ერთ-ერთს, უკვე ტრადიციულად, საქართველო მასპინძლობს.

კურსი ხელმძღვანელები იყვნენ რაგბი ევროპის წარმომადგენელი, მსოფლიო რაგბის ტრეინინგ-მენეჯერი, დიდი ბრიტანელი ჩარლი ბრაუნი და საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების დირექტორი რამა ჩანდი. მასტერ-ტრეინერები იყვნენ ბრიტანელები – ჯონ ლანი და რეიჩელ ფოლ-ბრაუნი, რომლებსაც ეხმარებოდნენ ტრეინერები – ხორვატი პეტრა დრუშკოვიჩი და ქართველი ლუკა კილასონია.

პირველ დღეს ტრეინერების კურსი ჩატარდა და ტრეინერები გახდნენ გიორგი ჯოხია და ნიდერლანდელი ანელიზი აკდა, ქეთი მოდებაძე და დავით ლობჟანიძე კი კურსს მსმენელების რანგში ესწრებოდნენ.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჩატარდა ედუკატორების კურსი ოთხი მიმართულებით: სამწვრთნელო, ფიზ. მომზადება, სამსაჯო და ადმინისტრაციული. მას ქართველ მსმენელებთან (16 მონაწილედან 7) ერთად ესწრებოდნენ გერმანელი, უკრაინელი, ნიდერლანდელი, რუმინელი, ფინელი, თურქი და ლატვიელი მსმენელები.

დასკვნით, მეოთხე დღეს ტრეინერებმა და დატრეინინგებულმა ედუკატორებმა 4 კურსი ჩაატარეს სამწვრთნელო პირველი დონის (19 მონაწილე), ფიზ. მომზადების პირველი დონის (16 მონაწილე), სამსაჯო პირველი დონის (11 მონაწილე) და ლიდერები რაგბიში (18 მონაწილე) მიმართულებებით.