20 წ. | ავსტრალიას ტაიმი მოვუგეთ, თამაში ვერა

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში, ავსტრალიას ტაიმი 8:6 მოუგეს, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქის შეტევები ვეღარ მოიგერიეს – 11:35.

საწყის 30 წუთში ლადო კილასონიას შეგირდებმა უმცროს კენგურუებს ტოლი არ დაუდეს. ისინი დიდ უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში, თამაშს კარგად მართავდნენ, დაცვაში კედელივით იდგნენ და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა, მაგრამ ტაიმის დასკვნითი წუთები და მეორე ნახევარი მთლიანად მეტოქის იყო.

ანგარიშის გახსნა ჯარიმით შეგვეძლო, თუმცა ლელოზე თამაში ვარჩიეთ და შეტევა უშედეგოდ დასრულდა. მერე მეტოქე ოთარ მეტრეველზე ჰაერში დაჯარიმდა და ვიდეო-რეფერიმ მათ ლელო გაუუქმა. ანგარიში მე-16 წუთზე მაინც საქართველომ გახსნა. გასატანი ჯარიმა ამჯერადაც აუტში გადავგზავნეთ, საიდანაც კარგი მოლი ავაგორეთ და ლუკა სულუაშვილმა ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და პასუხად ავსტრალიამ მალევე ჯარიმა გაიტანა.

საწყის წუთებში ავსტრალიას შერკინებაში ვჯაბნიდით, ბურთსაც ვაკონტროლებდით და 26-ე წუთზე ჰარვი ქორდუქსმა ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მოგვიანებით წითელ ბარათად გადაკვალიფიცირდა და ახალი წესების თანახმად, 20 წუთის განმავლობაში რიცხობრივი უპირატესობა მივიღეთ, მაგრამ ვერ ვისარგებლეთ…

28-ე წუთზე ლუკა ცირეკიძემ ჯარიმით უპირატესობა კვლავ 5 ქულამდე გაზარდა, რის შემდეგაც ინიციატივა სრულად გადავიდა ავატრალიელთა მხარეს და 37-ე წუთზე საპასუხო ჯარიმა მივიღეთ. მთლიანობაში, პირველ ტაიმში დაცვაში კარგად ვირჯებოდით, მაგრამ ბურთზე კონტროლის დამყარება ვერ მოვახერხეთ და საკუთარი თავი წნეხში მოვიქციეთ, რაც 39-ე წუთზე ავსტრალიის ლელოთი დასრულდა, თუმცა საქმეში კვლავ ვიდეო-რეფერი ჩაერთო, ლელო სამართლიანად გააუქმა და ტაიმი 8:6 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი კენგურუების მაღალ ტემპში შეტევებით დაიწყო. ისინი სწრაფად ცვლიდნენ შეტევის მიმართულებებს, მაგრამ უმცროსი ბორჯღალოსნები ამ გამოწვევას გაუმკლავდნენ, 48-ე წუთზე ჯარიმა გამოიმუშავეს და ცირეკიძემ 44 მეტრიდან გაიტანა. ავსგტრალიამ ტემპს კიდევ უფრო უმატა, მე-60-ე წუთამდე ორი გარდასახული ლელო გაიტანა და 20:11 დაწინაურდა.

აქ იყო მომენტი, რომელსაც შეეძლო თამაშში დიდი გარდატეხის შეტანა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბურთი მაღალ ტემპში კარგად ჩაათამაშეს, მეტრეველმა და ლუკა ხორბალაძემ მარცხენა ფრთაზე კარგად იარეს, ანდრო დვალი ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს, რასაც ცირეკიძის არაზუსტი ფეხით გადაკიდება მოყვა და სალელოვე შანსი გაანიავა. დასკვნით წუთებში ავსტრალიამ ფრთაზე მეტობა ორჯერ გამოიყენა, ორი ლელო გაიტანა და ბონუს-ქულის თანხლებით, თამაში  35:11 მოიგო.

ჩვენივე ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ირლანდია სრულად დომინირებდა იტალიასთან და მიუხედავად იმისა, რომ სამი ლელო მიიღო, თამაში 55:15 მოიგო. უმცროსი ბორჯღალოსნები მომდევნო შეხვედრას სწორედ ირლანდიასთან, 4 ივლისს საქართველოს დროით 16 საათზე სტელენბოშში გამართავს.

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „ეთლონ სპორტ სთედიუმი“

საქართველო – ავსტრალია 11:35 (8:6)

საქართველო

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა ხორბალიძე (ლიონი), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

1 ლელო: სულუაშვილი

2 ჯარიმა: ცირეკიძე