20 წ. | ანდრო დვალი – სახიფათო გუნდი ვიქნებით

ორ დღეში უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს იწყებენ. საქართველო ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 29 ივნისს, ჩვენი დროით 18:30 საათზე ქეიფთაუნში, „ეთლონ სპორტ სთედიუმზე“ ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.

მზადებისა და მოლოდინების შესახებ უმცროსი ბორჯღალოსნების მესამეხაზელს, ანდრო დვალს ვესაუბრეთ:

„უკვე რამდენიმე დღეა სამხრეთ აფრიკაში ვართ და მონდომებით ვემზადებით. გვყავს რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე, თუმცა შემადგენლობაში ამ პოზიციებზე სიღრმეები გვაქვს და დანაკლისს ვავსებთ. საკმაოდ კარგი, მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები გვაქვს და დარწმუნებული ვარ ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათო გუნდი ვიქნებით“.

„ჩვენი გუნდის უპირატესობა ისაა, რომ ძალიან კარგი ბალანსი გვაქვს შერკინებასა და ხაზს შორის. შერკინება თავის საქმეს აკეთებს, რომელსაც შემდგომ ხაზის მოთამაშეები აბოლოვებენ. ასევე გაზრდილია სისწრაფეები. გუნდში მრავლად არიან ისეთი მორაგბეები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ თამაშის გამწვავება“.

„კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ, 20-წლამდელთა ჩემპიონატი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია და მოუთმენლად ველით მის დაწყებას. რთული გამოწვევები გველის და ვფიქრობ ამისათვის მზად ვართ. სამხრეთ აფრიკაში ისეთ ფასდაუდებელ გამოცდილებას შევიძენთ, რომელიც ყველა ჩვენთაგანს შემდგომ კარიერასა და წინსვლაში გამოადგება“.

რაც შეეხება პირველ მეტოქე ავსტრალიას და მოლოდინებს, დვალი ამბობს:

„ავსტრალიამ 20-წლამდელთა ოთხ ერზე კარგი თამაშები ჩაატარა. ის ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც უყვარს არეული, სწრაფი თამაში. ჩვენი მიზანია, რომ როგორც ინგლისთან ტესტ-მატჩისას, მეტოქეს არ მივცეთ მარტივი ბურთი, ყველა დარტყმა იყოს საბრძოლო და დავკეტოთ თამაში“.

„შედეგებზე წინასწარ საუბრისგან თავს შევიკავებ. ჩვენ არ ვიცით როგორი მომზადებული არიან მეტოქეები. პროგრამა მინიმუმი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა თავს არცერთ შეხვედრაში დავზოგავთ და დანარჩენს უშუალოდ თამაშები გვაჩვენებს“.

ავსტრალიის გარდა, ბ ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ირლანდიისა და იტალიის ნაკრებები იქნებიან.