7-ქალა | ორი მოგება პირველ დღეს

საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის პირველ, ზაგრების (ხორვატია) ეტაპზე, პირველ სათამაშო დღეს ორივე შეხვედრა დამაჯერებლად, მშრალი ანგარიშით მოიგო და თასის 1/4-ფინალში თამაში ვადაზე ადრე გაინაღდა.

ჯაბა მალაღურაძის შეგირდებს ჯგუფური ეტაპის პირველი თამაში ისრაელთან ქონდათ და 5 უპასუხო ლელო გაიტანეს. ლელოები მარიამ გოგუაძემ, თამარ მანაგაძემ, მანონი საღარაძემ, თეონა ჩიტაიშვილმა და ანა დათიაშვილმა მიითვალეს. ანა პოღოსიანმა ერთი გარდასახვა გამოიყენა და საქართველომ 27:0 გაიმარჯვა.

გოგონებმა 5 უპასუხო ლელო გაუტანეს ნორვეგიასაც. ამ შემთხვევაში თავი სალომე მაკასარაშვილმა, ლიკა ხუფენიამ, მარიამ გოგუაძემ, მანონი საღარაძემ და სალომე საღარაძემ გამოიჩინეს – 25:0.

საქართველოს ფინეთთან ერთად გ ჯგუფში 6 ქულა აქვს და მეოთხედფინალის საგზური განაღდებული აქვს, თუმცა ფინელებთან ხვალინდელი მატჩი, რომელიც საქართველოს დროით 12:22 საათზე დაიწყება განსაზღვრავს, თუ რომელი ადგილით გავალთ ფლეი ოფში და შესაბამისად, ვინ იქნება ჩვენი მომდევნო მეტოქე.

ხვალვე გაიმართება თასის 1/4-ფინალური თამაშები, ნახევარფინალები და ფინალები კი 16 ივნისსაა ჩანიშნული.

 

ზაგრების ეტაპზე თამაშობენ

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელიშვილი, ანი კაპანაძე, თეონა ჩიტაიშვილი, თამარ მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ანა რურუა.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე