ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | 1/2-ფინალში ელიტის მოწინავე კვარტეტი ითამაშებს

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის საჩემპიონო პლეი ოფი ხმაურიანი სენსაციების გარეშე გრძელდება. 1/2-ფინალში თამაშის უფლება „ოქროს“ ჯგუფის მოწინავე კვარტეტმა მოიპოვა.

1/4-ფინალური ეტაპის გამორჩეული შეხვედრა „ლელო არენაზე“ გაიმართა. დიდ დიღომში, დედაქალაქურ დერბიში გასული სეზონის ფინალისტები ‘ლელო’ და ‘ხვამლი’ დაუპირისპირდნენ. ჩემპიონმა ‘ლელომ’ რეგულარული სეზონი დამაჯერებლად მოიგო, მუხიანელებმა კი პლეი ოფს „ვერცხლის“ ლიგიდან უწიეს, რის გამოც პრინციპულ მეტოქეთა გზები პლეი ოფში ნაადრევად გადაიკვეთა.

ჩემპიონი დიდ უპირატესობას ფლობდა და შეხვედრას სრულად აკონტროლებდა. პირველ ტაიმში, დიდ დიღმელთა ფრთა ნიკოლოზ ლობჟანიძისა და კვაჭ საბა ჯიბღაშვილის დადებულ ლელოებს, მუხიანელებმა მგეზავი კაპიტნის ნიკა ქადაგიშვილის გატანილი ჯარიმა შეაგებეს, რამაც პაატა მაისურაძის ბიჭებს შესვენების წინ 12-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა.

მეორე ტაიმში ჩემპიონის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ‘ლელო’ დაცვაში ხისტ თამაშს, მწვავე იერიშებს კარგად უთავსებდა. მუხიანელებმა დიდი  მცდელობის მიუხედავად, მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლეს. მასპინძელთა მარბიელების: შოთა გვრიტიშვილისა და გიორგი ბერძენიშვილის დადებულ ლელოებს, მხტომელ დავით ბარამიას გატანილი ლელოც დაერთო. ‘ლელოს’ მგეზავმა ლევენ ბუცხრიკიძემ 3 გარდასახვა გამოიყენა და 1 ჯარიმაც ზუსტად შეასრულა. ჩემპიონმა დამაჯერებლად – 34:3 მოიგო და ტიტულის დაცვას წარმატებით განაგრძობს.

„აია არენაზე“, ადგილობრივ ‘აიას’ ფოთის ‘კოლხი რაინდებთან’ პრობლემები არ შექმნია. რიონისპირელები საგრძნობ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ. ნიკოლოზ ლაღაძის ბიჭებმა კოლხებს ტაიმებში 3-3 უპასუხო ლელო გაუნაწილეს. ‘აიას’ წარმატებას სათავე შუამარბ გივი ჩიხლაძის გატანილმა ლელომ დაუდო. ჩიხლაძემ მოგვიანებით „დუბლი“ გაიფორმა.

‘აიას’ „მშრალი“ ანგარიშით დამაჯერებელი გამარჯვება მარქაფადან ჩართული კვაჭის საბა კლდიაშვილის დადებულმა ლელომ დააფიქსირა – 43:0. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რიონისპირელთა ჰავბეკ გოგა უშვერიძის საუცხოო თამაში. უშვერიძე სწრაფად, აზრიანად და პროდუქტიულად მოქმედებდა. მასპინძელთა ჰავბეკმა ქომაგი განსაკუთრებით ეფექტური „ბოქს კიკებით“ მოხიბლა.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’-მარნეულის ‘არმაზის’ შეხვედრის პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში განვლო, თუმცა ქვემო ქართლელებმა ანგარიშში დაწინაურება ერთხელაც ვერ შეძლეს. „მხატვართა“ რიგებში ლელოს გატანა ფრთა ანდრია გულორდავამ და მხტომელმა რეზი მათიაშვილმა მოახერხეს, ‘არმაზის’ მხრიდან კი ბურჯმა სანდრო მარეხაშვილმა „დუბლი“ შეასრულა. შესვენებაზე ‘აკადემია’ 2-ქულიანი სხვაობით წავიდა.

მეორე ტაიმში ‘აკადემიამ’ დაცვაში თამაში გაამკაცრა და ტემპსაც უმატა. ნიკა ჩიტალაძის ბიჭები სწრაფად, ლაღად მოქმედებდნენ და ‘არმაზს’ 3 უპასუხო ლელო დაუდეს. მარქაფადან ჩართულმა ფრთა არჩილ ენუქიძემ „დუბლი“ შეასრულა. კიდევ ერთი ლელოს ავტორი, „მხატვართა“ შუამარბი დემეტრე დევდარიანია, ვინაც პირად  მონაგარს 3 გარდასახვა და 1 გატანილი ჯარიმაც შემატა. ‘აკადემიამ’ მატჩი 34:17 მოიგო.

1/4-ფინალური ეტაპის ყველაზე დაძაბული შეხვედრა აჭარის დედაქალაქში გაიმართა. ‘ბათუმმა’ რეგულარულ სეზონში ‘წიქარას’ „ოქროს“ ჯგუფში 1 საფეხურით აჯობა და დებულებით მატჩის მასპინძლობის უფლებაც ირგუნა. ჯგუფურ ეტაპზე აჭარლებს ორივე შეხვედრა ქონდათ მოგებული, თუმცა გელა ჭოველიძის შეგირდებს პლეი ოფში რეზო ქოქოლაძის ბიჭების დასამარცხებლად დიდი ჯაფა დაადგათ.

მატჩის დებიუტში მეტოქეებმა გარდაუსახავი ლელოები გაცვალეს. ‘წიქარას’ კვაჭ კახი სამხარაულის ლელოს, მასპინძელთა შუამარბმა გოგა ბერიძემ საპასუხო ლელო შეაგება. ‘წიქარა’ შეტევებს აგრძელებდა და მღლეტელ გიორგი ტაბიძის ლელოთი კვლავ დაწინაურდა. სტუმართა შუამარბმა კაპიტანმა ლუკა ბახტაძემ გარდასახვა ამჯერზე ზუსტად შეასრულა. ტაიმის მიწურულს ბათუმელთა ფრთა გიგი აბაშიძის გატანილი ჯარიმით ანგარიშში სხვაობა 4-ქულამდე შემცირდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლუკა ბახტაძემ გატანილი ჯარიმით ‘წიქარას’ 7-ქულიანი სხვაობა აღუდგინა. მატჩის დასკვნითი მონაკვეთი კი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ჯერ გიგი აბაშიძემ ჯარიმა გაიტანა, რასაც ბათუმელთა შუამარბ გოგა ბერიძის ძალისმიერი ლელო და შესრულებული „დუბლი“ მოჰყვა. გიგი აბაშიძის ზუსტმა გარდასახვამ აჭარელთა რთული გამარჯვება დააფიქსირა – 18:15.

1-მატჩა ნახევარფინალში ითამაშებენ:

‘ლელო’ (1) – ‘ბათუმი’ (4)

‘აია’ (2) – ‘აკადემია’ (3)

მატჩები უკეთეს-ნომრიანი გუნდების, ‘ლელოსა’ და ‘აიას’ არენებზე გაიმართება.