ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის საჩემპიონო პლეი ოფამდე გუნდებმა 2 ჯგუფური ეტაპი განვლეს. მეორე ეტაპის დამთავრების შემდეგ, „ოქროს“ ჯგუფის რვავე მონაწილეს „ვერცხლის“ ჯგუფის ამერ-იმერის 4-4 საუკეთესო გუნდი შეუერთდა და ქართული რაგბის ისტორიაში უგრძესი პლეი ოფი 1/8-ფინალური ეტაპით დაიწყო. პლეი ოფში გუნდები ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული ადგილების თანახმად მინიჭებული საკლასიფიკაციო ნომრების მიხედვით დაწყვილდნენ. პლეი ოფის ყველა ეტაპი 1-მატჩა იქნება და დიდი ფინალის ჩათვლით, წყვილში მოედნის უპირატესობით მაღალი ნომრის მქონე გუნდი ისარგებლებს.
ტიტულის მთავარმა ფავორიტებმა, ‘ლელომ’ და აიამ’ დამაჯერებლად მოიგეს. დიდ დიღმელთა და რიონისპირელთა მსგავსად, მოწინავე კვინტეტში მყოფებმა ‘აკადემიამ’, ‘ბათუმმა’ და ‘წიქარამ’ პირველი ეტაპი წარმატებით დაძლიეს. ბრინჯაოს მედლის მფლობელი ‘არმია’ კი საჩემპიონო მარათონს ნაადრევად ჩამოშორდა. ელიტამ პლეი ოფის დებიუტში კიდევ 2 ბინადარი: ‘ხარები’ და ‘ტაო’ მოისაკლისა.
რეგულარული სეზონის გამარჯვებული ‘ლელო’ (1) ბოლნისის ‘ყოჩებს’ (16) დიდ დიღომში, კლუბის მთავარ არენაზე დაუხვდა. აღსანიშნავია, რომ დიდ დიღმელებმა შერეული შემადგენლობით ითამაშეს. ‘ყოჩები’ პირველ ტაიმში თავს კარგად იცავდა და ჩემპიონი ფულბეკ ირაკლი ჯიჯელავასა და კვაჭ საბა ჯიბღაშვილის გატანილ ლელოებს დააჯერა. ფავორიტი შესვენებაზე 12-ქულიანი სხვაობით წავიდა.
მეორე ტაიმში პაატა მაისურაძის ბიჭებმა ტემპს უმატეს და ქვემო ქართლელებზე ზეწოლა გააძლიერეს. ‘ლელომ’ მონაგარს კიდევ 7 დადებული ლელო შემატა. საბა ჯიბღაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ხოლო მარბიელმა იოსებ ღვინჯილიამ და მარქაფადან ჩართულმა ჰავბეკმა გიორგი ხონელიძემ „დუბლი“ გაიფორმეს. ‘ყოჩთა’ მხრიდან პრესტიჟის ლელოს გატანა ბურჯმა გიორგი აბულაძემ მოახერხა. ‘ლელომ’ 51:5 მოიგო და ტიტულის დაცვას წარმატებით განაგრძობს. პლეი ოფის მორიგ ეტაპზე კი განსაკუთრებულ ყურადღებას გასული სეზონის სატიტულო შეხვედრის ნაადრევი განმეორება იპყრობს. დიდ დიღომში, ჩემპიონი ‘ლელო’ ვიცე-ჩემპიონ ‘ხვამლს’ დაუხვდება.
„ოქროს“ ჯგუფის მეორე ადგილოსან ‘აიასთან’ (2) აჭარულმა ‘ჩაქვმა’ (15) „აია არენაზე“ ვერაფერი გააწყო. რიონისპირელებმა აღებული 39 სამატჩო ქულით საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს. ნიკოლოზ ლაღაძის ბიჭებმა მთლიანობაში 11 უპასუხო ლელო გაიტანეს და შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით – 71:0 მოიგეს. ‘აიას’ წარმატებას სათავე მარბიელ მამუკა ჩაჩანიძის დადებულმა ლელომ დაუდო. მასპინძელთა ფრთებმა: გიორგი მუშკუდიანმა და გიორგი ზურაბიანმა კი „დუბლი“ შეასრულეს.
‘აკადემია’ (3)-‘ლოკომოტივის’ (14) დედაქალაქურ დერბის „რაგბი პლატომ“ უმასპინძლა. „მხატვრები“ პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ნიკა ჩიტალაძის შეგირდებმა მთლიანობაში 9 უპასუხო დადებულ ლელოში ასახეს. ‘აკადემიას’ რიგებში გამორჩეულმა მარბიელმა საბა გიორგიძემ „პოკერი“ (4 ლელო) შეასრულა. შუამარბმა დემეტრე დევდარიანმა კი 6 გარდასახვა გამოიყენა. „რკინიგზელებმა“ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი მეორე ტაიმში ფულბეკ ლადო ქობულაშვილის გატანილი ეული ჯარიმით დააღწიეს – 57:3.
‘ბათუმი’ (4)-სოხუმის’ (13)/ ზღვისპირული დერბი კი აჭარის დედაქალაქში გაიმართა. ბათუმელებმა კლასში არსებული სხვაობა 8 უპასუხო გატანილ ლელოსა და „მშრალი“ ანგარიშით გამარჯვებაში ასახეს. მასპინძელთა წარმატებას სათავე კვაჭ ლუკა მემიშიშის ლელომ დაუდო. ბათუმელთა მარბიელმა გიგა ჭაღალიძემ და შუამარბმა გიგა ბერიძემ „დუბლი“ გაიფორმეს. გელა ჭოველიძის ბიჭებმა მატჩი 48:0 მოიგეს.
„რაგბი ჭალაში“, ‘წიქარა’ (5)-აია’ 3 (12)-ს შეხვედრა გაცილებით საინტერესო გამოდგა. მართალია, რიონისპირელთა მესამე გუნდმა ანგარიშში დაწინაურება ერთხელაც ვერ მოახერხა, თუმცა მასპინძლებს სრული მობილიზაცია ბოლო წუთებამდე შეუნარჩუნა. ‘წიქარამ’ მეტოქეს 2-ით მეტი, 4 ლელო დაუდო. მასპინძელთა ფრთა დათო ქავთარაძემ მატჩის პირველი ლელო გაიტანა და შემდგომში „დუბლიც“ გაიფორმა. ‘წიქარას’ შუამარბმა ლუკა ბახტაძემ კი 2 ზუსტ გარდასახვას, 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო. რეზო ქოქოლაძის ბიჭებმა მატჩი 30:17 მოიგეს.
„რაგბი ჭალამ“, ‘არმია’ (6)-‘არმაზის’ (11) შეხვედრასაც უმასპინძლა. მართალია, მარნეულელები პლეი ოფში „ვერცხლის“ ლიგიდან მოხვდნენ, თუმცა მთელი სეზონის მანძილზე ბორის აბაშიძის შეგირდები კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ და თამაშის ხარისხსაც მეთოდურად აუმჯობესებენ.
‘არმაზი’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა, დაცვაში საიმედო და ორგანიზებულ თამაშთან ერთად, ქვემო ქართლელები მწვავე იერიშებს ახორციელებდნენ და განსაკუთრებით სტატიკაში მძლავრობდნენ. ჰავბეკ ნიკა კოზანაშვილის ლელო ფულბეკმა საბა ღვინიანიძემ გარდასახა, ვინაც 3 ჯარიმაც გაიტანა და შესვენებაზე ‘არმაზი’ 16-ქულიანი სხვაობით წავიდა. მეორე ტაიმში შეხვედრის სურათი დიდად არ შეცვლილა. ‘არმაზის’ მარბიელ საბა ნოზაძის დადებულ ლელოს, „არმიელებმა“ 2 გატანილი ლელო დაუპირისპირეს, თუმცა ანგარიშში ჩამორჩენა მხოლოდ 9 ქულამდე შეამცირეს. მატჩის მიწურულს საბა ღვინიანიძის მორიგმა გატანილმა ჯარიმამ ‘არმაზის’ დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა – 24:12.
პლეი ოფის კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი ქვემო ქართლის დედაქალაქში დაფიქსირდა. „ხარები არენაზე“, ადგილობრივმა ‘ხარებმა’ (7) ფოთის ‘კოლხი რაინდებთან’ (10) სათამაშო უპირატესობის რეალიზება ვერ მოახერხეს და პირველი ტაიმის მიწურულს ბურჯ გიორგი ხუმარაძის ძალისმიერ გარდასახულ ლელოს დაჯერდნენ. კოლხები კი ხისტად, რაციონალურად მოქმედებდნენ და შექმნილი მომენტებიც მაქსიმალურად გამოიყენეს. სტუმართა შუამარბების: საბა კილაძისა და ალეკო გუჩუას დადებული ლელოები ჰავბეკმა სანდრო აქუბარდიამ გარდასახა. აქუბარდიამ მონაგარს 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო და ირაკლი სასანიას გუნდმა პლეი ოფის მეორე ეტაპზე გადაინაცვლა – 20:7.
ასპინძაში, ადგილობრივ ‘ტაოსთან’ (8) ვიცე-ჩემპიონ ‘ხვამლს’ (9) მოსალოდნელისამებრ პრობლემები არ შექმნია. „ოქროს“ ჯგუფში თამაშის მიუხედავად, მესხ ჭაბუკ მორაგბეებს კლასის ასამაღლებლად დიდი შრომა მართებთ. ‘ტაომ’ ელიტაში ყველა შეხვედრა პირწმინდად დათმო და გამონაკლისი არც მუხიანელებთან დაპირისპირება გამოდგა. მატჩის დებიუტში ‘ხვამლი’ შუამარბ გიორგი გურგენიძის ლელოთი დაწინაურდა, რასაც შემდგომში რატი ურუშაძის შეგირდებმა კიდევ 10 უპასუხო ლელო წაუმატეს. სტუმართა ფრთა საბა ღუღუნიშვილმა „დუბლი“ შეასრულა. ‘ხვამლმა’ კი „მშრალი“ ანგარიშით იმარჯვა – 65:0.
1/4 ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
‘ლელო’ (1) – ‘ხვამლი’ (9)
‘აია’ (2) – ,კოლხი რაინდები’ (10)
‘აკადემია’ (3) – ‘არმაზი’ (11)
‘ბათუმი’ (4) – ‘წიქარა’ (5)
შეხვედრები უკეთეს-ნომრიანი გუნდების არენებზე გაიმართება.