2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი წელი დარჩა

2023 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი წლით ადრე, მე-10 საიუბილეო ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში – საფრანგეთში, განსაკუთრებული მზადებაა.

ჩემპიონატი 2023 წლის 8 სექტემბერს ‘სტად დე ფრანსეზე’ მასპინძელთა და ‘ოლ ბლექსის’ შეხვედრით გაიხსნება.

2007 წლის შემდეგ, საფრანგეთი მსოფლიო თასს მეორედ მასპინძლობს. ამ ღირშესანიშნავ მოვლენამდე ორი წლით ადრე, ორგანიზატორები პარიზში სპეციალურ საზეიმო ღონისძიებას გეგმავენ, რომლის პირდაპირი ტრანსლიაცია როგორც ტელევიზიით, ასევე სოციალური პლატფორმებით მოხდება.

რაგბის ქომაგებს სხვებთან ერთად საფრანგეთი 2023-ის ელჩი სებასტიან შაბალი, ანტუან დიუპონი და მსოფლიო თასის ორგზის მფლობელი, ახალ ზელანდიელი დენ კარტერი მიმართავენ.

შოუს ფარგლებში მოხდება 2023 წლის მსოფლიო თასის ოფიციალური ბურთის, Gilbert-ისპრეზენტაცია, რომლის დიზაინი მასპინძელი ქალაქებისა და რაგბის ერთიანობას ასახავს. საზეიმო ღონისძიება ადგილობრივი დროით 18 საათზე დაიწყება.
მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე სერ ბილ ბომონტი ამბობს, რომ საფრანგეთი 2023 რაგბის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:

„ორი წლის შემდეგ საფრანგეთი სპორტული სამყაროს ცენტრი გახდება. 2023 წლის მსოფლიო თასი ყველაზე შედეგიანი იქნება, მსოფლიო რაგბში დატოვებს მნიშვნელოვან მემკვიდრეობას და არა მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით“.

„დაგეგმარებისას დიდ ყურადღებას ვუთმობთ მოთამაშეებისთვის დასვენების დღეების გაზრდას. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს ყველა პირობა უნდა შევუქმნათ იმისათვის, რომ საუკეთესოდ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები უმაღლესი დონის მოედნებზე. და როდესაც მოთამაშეები იქნებიან ტურნირის გულში, გულშემატკივრები მას შემატებენ ენერგიას და ემოციებს. გვსურს, რომ მათ ყველა თამაშიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილება მიიღონ“.

„საფრანგეთი 2023 იქნება ყველაზე წარმატებული მისი ჩატარების ისტორიაში. მილიონი ბილეთი რამდენიმე საათში გაიყიდა, ამ თვეში კი გაყიდვაში უფრო მეტი ბილეთი გამოვა“.

საფრანგეთი 2023-ის გენერალურმა დირექტორმა კლოდ ატჩერმა თქვა:

„სულ რაღაც ორ წელიწადში ვიწყებთ ტურნირს, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება. 730 დღეში დაიწყება ტურნირი, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მსოფლიო თასის ჩატარების თამასას“.

2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველ წრეში (2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი), ბორჯღალოსნებმა ხუთივე შეხვედრა მოიგეს, 24 ქულით პირველ ადგილზე არიან და 10 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრეცაა და ორი წლის ჯამში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ბორჯღალოსნები საფრანგეთში „გ“ ჯგუფში, უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საკონტინენტთაშორისო საკვალიფიკაციო ეტაპის (რეპეშაჟი) გამარჯვებულ ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ.

მეორე ადგილზე გასული გუნდი ასევე იღებს საფრანგეთის პირდაპირ საგზურს და „ბ“ ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, ირლანდიის, შოტლანდიისა და აზია/წყნარი ოკეანის ფლეი ოფის გამარჯვებულთან ერთად მოხვდება. ხოლო ორი წლის ჯამში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი რეპეშაჟში ჩაერთვება და საფრანგეთის საგზურის მოპოვებას გრძელი გზით ეცდება.