2020 წლის შეჯამება და საუკეთესოები

2020 – მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არასტანდარტული წლის ბოლო დღეს, გავიხსენოთ განვლილი 365 დღის მნიშვნელოვანი მოვლენები.

ახალი ხელმძღვანელობით

2020 წლის ბოლოს, 30 დეკემბერს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება (ყრილობა), რომელზეც ბორჯღალოსნების ყოფილი კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად იქნა არჩეული.

„ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის ბზარი, რომელიც ბოლო დროს რაგბში გაჩნდა და მზად ვართ თანამშრომლობისთის ყველასთან, რადგან თქვენი გვერდში დგომის გარეშე ქართული რაგბი წინ ვერ წავა“ – განაცხადა კენჭისყრის დასრულების შემდეგ აბუსერიძემ.

ბორჯღალოსნები

წელს პანდემიის გამო იყო ეროვნული, ახალგაზრდული, 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებების ჩაშლილი და გადადებული მატჩები თუ ტურნირები, თუმცა ამავე მიზეზით, ბორჯღალოსნებს შემოდგომის ერთა თასზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცათ.

საქართველოს ნაკრებმა წლის განმავლობაში სულ 9 თამაში გამართა. წლის დასაწყისში ბორჯღალოსნები ტრადიციულად რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთნენ და ერთმანეთის მიყოლების რუმინეთი (41:13), ესპანეთი (23:10), ბელგია (78:6) და პორტუგალია (39:24) დაამარცხა, რითაც ერთი ტურით ადრე, მე-12-ედ გახდნენ ტურნირის გამარჯვებულნი. რუსეთთან მატჩი პანდემიის გამო ჯერ შემოდგომისთვის, მერე კი 6-7 თებერვლისთვის გადაიდო.

პანდემიის გამო ჩაიშალა ბორჯღალოსნების ზაფხულის ტურნე სამხრეთ აფრიკაში, რომლის ფარგლებში ტესტ-მატჩი მსოფლიოს ჩემპიონ „სპრინგბოკსთან“ უნდა გვქონოდა. ასევე ნოემბერში გასამართი ტესტ-მატჩი საფრანგეთთან.

სამაგიეროდ, ოქტომბერში, ტესტ-მატჩისთვის მიგვიწვია შოტლანდიამ, მერე კი მსოფლიო რაგბმა და ექვსმა ერმა ახალ ტურნირში – „შემოდგომის ერთა თასში“ ჩაგვრთო, რომლის ფარგლებში ვეთამაშეთ ინგლისის, უელსის, ირლანდიისა და ფიჯის უძლიერეს ნაკრებებს. საქართველო ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდული გუნდით იყო წარმოდგენილი და მორაგბეებმა უდიდესი გამოცდილება მიიღეს.

ტურნირზე ყველაზე მეტი ბოჭვა ბექა საღინაძემ შეასრულა, მერაბ შარიქაძეს მესამე მაჩვენებელი ჰქონდა, ხოლო გიორგი კვესელაძე ტურნირის აღმოჩენად იქცა. ირლანდიასთან მის მიერ გატანილი ლელო ტურში საუკეთესოდ აღიარეს, ხოლო თავად 24 წლის მორაგბე ტურის მოთამაშე გახდა. მოგვიანებით, მან კონტრაქტი ინგლისის პრემიერშიფის ‘გლოსთერთან’ გააფორმა.

2021 წელს ბორჯღალოსნები თებერვლის დასაწყისში, რუსეთთან გადადებული მატჩით დაიწყებენ, რასაც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩები მოყვა. შეგახსენებთ, 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯამური შედეგით, პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები 2023 წლის მსოფლიო თასზე საფრანგეთში ითამაშებენ.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის ივლისის პირველ კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც ბორჯღალოსნები ზაფხულის ტესტ-მატჩებს ითამაშებენ, ნოემბერში კი, ტრადიციული შემოდგომის ტესტები ელით.

წლის საუკეთესოები

2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნებში თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო და განვლილ 9 მატჩში გუნდში 10 დებიუტანტი ვიხილეთ, კიდევ ერთ მორაგბეს კი, მანამდე ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ნათამაშები.

წლის ბოლოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ხუთი გამორჩეული მორაგბე შეარჩია, რომელთაგან საუკეთესოდ გულშემატკივარმა ბექა გორგაძე დაასახელა. 24 წლის მესამეხაზელი ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს და მის ანგარიშზე 31 კეპი და 8 ლელოა. წელს ის ცხრავე მატჩში მიიღებდა მონაწილეობას, რომ არა ირლანდიასთან მიღებული ტრავმა, რის გამოც ფიჯის წინააღმდეგ ვეღარ ითამაშა.

წელს გორგაძემ თითო ლელო გაუტანა ბელგიასა და პორტუგალიას. ის „შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნების თითქმის ყველა შეტევის სულისჩამდგმელი, დაცვაში კი საიმედო იყო. ბექა გულშემატკივარმა საუკეთესოდ 2019 წელსაც აღიარა და ეს პატივი ზედიზედ მეორედ ერგო.

2020 წლის საუკეთესო ლელო უდაოდ გიორგი კვესელაძის ლელო გახდა, რომელიც მან შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიის წინააღმდეგ გაიტანა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კვესელაძის ლელო ტურისა და მთლიანად ტურნირის საუკეთესო ლელოდ დასახელდა.

წლის მელელოვე აკაკი ტაბუცაძე გახდა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წელს, ესპანეთის ნაკრებთან ჰქონდა და ეს ფაქტი ლელოთი აღნიშნა, მომდევნო მატჩში კი ბელგიას 4 ლელო გაუტანა. წარმატებული სერია შემოდგომაზეც გაგრძელდა და აკამ ლელო შოტლანდიასაც გაუტანა. სულ ტაბუცაძემ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 ლელო გაიტანა.

წლის მექულე მგეზავი თედო აბჟანდაძეა, რომელმაც წლის განმავლობაში გუნდს 56 ქულა შესძინა (1 ლელო, 18 გარდასახვა და 5 ჯარიმა). მისი საერთო მონაგარი 118 ქულამდე გაიზარდა.

ამაშუკელი უმაღლეს დონეზე

განვითარებას და წინსვლას განაგრძობს ნიკა ამაშუკელი, რომელიც მეშვიდედ(!) გახდა საქართველოს საუკეთესო მსაჯი.

წელს ამაშუკელმა პირველად იმსაჯა (გვერდითი) ტიერ1-ის გუნდების მატჩი („შემოდგომის ერთა თასზე“ შოტლანდია – საფრანგეთი უეინ ბარნსთან ერთად), ერთი თამაში კი პანდემიის გამო ჩაიშალა (შოტლანდია – ფიჯი);

წლის განმავლობაში წარუძღვა ჩელენჯ ქაფის ოთხ მაღალი დონის შეხვედრას;

წლის დასაწყისში იმსაჯა 20-წლამდელთა ექვსი ერის ორი თამაში. ეს ტრადიცია გრძლდება და თებერვალში ნიკა ამავე ტურნირზე შოტლანდიისა და უელსის მატჩს განსჯის;

ჰქონდა დებიუტი პრო 14-ში, ხოლო პრო დე2-ში მისი დებიუტი პანდემიის გამო ჩაიშალა.