20-წლამდე 6 ერის ზაფხულის სერიები | სამი ლელო საკმარისი არ აღმოჩნდა

ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების პირველ მატჩში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიას სამი ლელო გაუტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მეტოქემ 36:19 იმარჯვა.

2022 წლის ექვს ერზე იტალიელებს ორივე მომავალი მეტოქე დამარცხებული ყავთ – შოტლანდია 27:13 და უელსი 27:20. გარდა ამისა, მათ წელს პირველად მოუგეს ინგლისს (6:0) და ზაფხულის სერიების ბ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის მთავარი კანდიდატები არიან.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საწყის წუთებში შეძლეს უპირატესობის მოპოვება და თითქოს მასპინძელთა ფავორიტობა ეჭვქვეშ დააყენეს, თუმცა მერე მეტოქემ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა. ქართველმა მორაგბეებმა ბოლომდე იბრძოლეს, დაცვაშიც და შეტევაშიც რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს, მაგრამ შეცდომებიც დაუშვეს და ამით იტალიელებმა ისარგებლეს.

 

თამაში დაიწყო თუ არა, აგრესიული დაცვით მეტოქე წნეხში მოვაქციეთ, მერე მათი შერკინებიდან მოპოვებული ბურთი ხაზზე გაიშალა, მცველებმა შალვა აფციაურის შეჩერება მოახერხეს, თუმცა ნიკა სუთიძის მიძალება იმდენად მძლავრი იყო, მისი შეკავება ორმა მბოჭავმაც ვერ შეძლო. გარდასახვა ძელს მოხვდა და მასპინძლებმა სწრაფადვე გვიპასუხეს ჯარიმით, რასაც ჩვენი შეცდომები მოყვა და რამდენჯერმე დიდი თავგანწირვის ხარჯზე მოვიგერიეთ მეტოქის სწრაფი შეტევები, თუმცა მე-15 წუთზე მეტობა მაინც გაგვითამაშეს – 5:8.

საქართველომ უპირატესობა თამაშის განახლებისთანავე დაიბრუნა, მეტოქეს ბურთი მისსავე 22-ში აართვა და ხაზზე სწრაფად გაიტანა, აფციაურმა შეუტია, პაატა გალდავას ოფლოუდი ამოუგდო და ლელო პეტრე ხუციშვილმა გარდასახა. იტალიელებმა ჩვენი შეცდომით კიდევ ერთხელ ისარგებლეს, შერკინებაში ბურთი მოიპოვეს და რამდენიმე ფაზის შემდეგ ლელო-გარდასახვა მიითვალეს. ხუციშვილს ტაიმის შუაში ორჯერ შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ 40 მეტრიდან ბურთი ძელს გაარტყა, ორიოდე წუთში კი მიზანმა 25 მეტრიდან უმტყუნა.

ამას ფეხით თამაში მოყვა, რის შემდეგაც შეცდომები დავუშვით და ლელოს კვლავ თავგამწირული დაცვით გადავურჩით, მაგრამ ცოტა ხნით, რადგან იტალიამ 5-მეტრიანი მოლის შემდეგ 5 ქულა აიღო და გარდასახვის გამოყენების შემდეგ, ტაიმი 10 ქულის სხვაობით მოიგო – 22:12.

მეორე ტაიმის დასაწყისი უკვე სრულად მასპინძლების იყო. მათ 15-წუთიანი მასირებული შეტევა მოაწყვეს და ერთხელ, 46-ე წუთზე ხაზიც გაჭრეს. დასკვნით მეოთხედში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ბურთზე კონტროლის დამყარება და შეტევაში ფაზების აკინძვა. ორჯერ კარგად გავჭერით ხაზი, ერთხელ ალექსანდრე ბურდულმა წამოიწყო თავისი ნახევრიდან კონტრშეტევა და დაახლოებით 60 მეტრი ირბინა, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა და მიმყოლების დაგვიანებამ ამ იერიშების გამოყენების საშუალება არ მოგვცა.

72-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა მაინც შემცირდა. მატის მოდებაძემ ბურთის აუტში გადატანის ნაცვლად ის სწრაფად გაათამაშა და ბადრი ციხისთავს გაატანა, შეტევა ხაზზე გაიშალა და იოანე მეტრეველს მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა ერთი პასის შემდეგ იერიში აფციაურმა დაასრულა და მატის მოდებაძის ზუსტი გარდასახვის შემდეგ დასკვნით წუთებში ბრძოლა გაგრძელდა. სტუმრებმა კიდევ ერთი შეტევა გაშალეს, მაგრამ 22-ში რაქიდან გამოვარდნილი ბურთი კონტრშეტევის შედეგად 7 ქულად იქცა – 19:36.

“თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე სტრატეგიული ფეხით თამაში წავაგეთ და დიდი დრო ჩვენს ნახევარზე გავატარეთ. ასე დაიწყო მეორე ტაიმიც, რასაც ჯარიმებიც დაერთო და 14 წუთის მეტოქის ნახევარზეც ვერ გადავედით. იტალიას კარგი გუნდი ყავდა და შანსები გამოიყენა. მეორე თამაში უელსთან გვაქვს, რომელიც ღონიერი გუნდია. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა გველოდება” – თქვა ნამატჩევს ლადო კილასონიამ.

დღესვე ჩვენს ჯგუფში უელსმა შოტლანდია 45:15 დაამარცხა. მეორე ტურში, 30 ივნისს სწორედ უელსს ვეთამაშებით. „ა“ ჯგუფში სამხრეთ აფრიკამ ინგლისს 30:22 სძლია, საფრანგეთმა კი ირლანდია 42:21 დაამარცხა.

20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიებზე
25 ივნისი. ტრევიზო. პირველი რაუნდი
იტალია – საქართველო 36:19

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი, 14. შალვა აფციაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. გიორგი ჩიქოვანი, 11. გაგა ქევხიშვილი, 10. პეტრე ხუციშვილი, 9. დავით ხუროშვილი;

შერკინება: 1. სერგი აბრამიშვილი, 2. ნიკა სუთიძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. პაატა გალდავა, 6. ლაშა ციხისთავი, 7. ბექა გელხვიძე, 8. ბექა შვანგირაძე.

მარქაფა: 16. გიორგი მაისურაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. გიორგი კერვალიშვილი, 20. რატი ზაზაძე; 21. კოტე იაშვილი, 22. მატის მოდებაძე, 23. საბა ლიპარტელიანი, 24. გიგი ქურხული, 25. იოანე მეტრეველი, 26. ლუკა სახელაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ვიდეო: შავლეგ მახარაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი