20წ. ფრანგული ტურნე | ბრძოლა მეორე მატჩში

საფრანგეთში ტურნეზე მყოფმა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, 4 დღის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით (5:42), განვითარებად საფრანგეთს სერიის მეორე შეხვედრაში დიდი ბრძოლა გაუმართეს და მხოლოდ ერთი ლელო მიიღეს, თუმცა თავად ქულა ვერ აიღეს და მასპინძლებმა ამჯერად 14:0 იმარჯვეს.

გუშინ ღამიდან მოყოლებული, ბერგში მთელი დღე წვიმდა და მოედანი ძლიერ ატალახდა, რამაც მატჩის მსვლელობას საკუთარი კვალი დაამჩნია. პირველ ტაიმში ერთადერთი შედეგიანი შეტევა დაფიქსირდა, საფრანგეთმა ლელო გაიტანა და 5:0 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა სამი ჯარიმა გაიტანეს, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კი თავისი შანსების გამოყენება ვერ მოახერხეს.

გუნდის მწვრთნელი ლადო კილასონია ამჯერად გუნდის ბრძოლისუნარიანობით კმაყოფილი დარჩა:

„ეს შეხვედრა პირველზე ბევრად უკეთ ჩავატარეთ. მთელი დღე წვიმდა და მოედანი ძალიან დამძიმებული იყო. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ, მეტოქემ კი ერთადერთი შანსით ისარგებლა.

მეორე ტაიმის პირველ ნახევარში ჩვენი ნახევრიდან ფეხით გასვლა ძალიან გაგვიჭირდა, სამჯერ დავჯარიმდით და ფრანგებმა სამივე გაიტანეს. ამის შემდეგ ინიციატივას ჩვენ ვფლობდით, სამჯერ გავჭერით ხაზი, 5-მეტრიანშიც დიდი დრო გავატარეთ, თუმცა ქულა ვერ ავიღეთ. მთლიანობაში, დღეს პირველი მატჩისგან განსხვავებით ბოლომდე დავიხარჯეთ და ვიბრძოლეთ, მაგრამ სტრატეგიულად კარგად ვერ ვითამაშეთ, ასეთ დროს კი, მოგების შანსი ძალიან დაბალია“.

უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ სამშობლოში ბრუნდებიან, რამდენიმე დღე დაისვენებენ და ზაფხულში იტალიაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას გააგრძელებენ.

 

ბერგი (საფრანგეთი). მოსამზადებელი მატჩი.

განვითარებადი საფრანგეთი – საქართველო 14:0

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ხვამლი), 14. თემურ კოხოძე (აია), 13. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 10. ლუკა მატკავა (არმაზი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი);

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 4. ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბაიონა, საფრანგეთი), 6. საბა კურტანიძე (ხვამლი), 7. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), 8. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი).

მარქაფა: 16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. ლუკა ახვლედიანი (არმაზი), 18. ნიკა ქარდავა (ორიაკი, საფრანგეთი), 19. იოანე იაშაღაშვილი (ბაიონა, საფრანგეთი), 20. ირაკლი სიმსივე (აია), 21. გუგა მარგველაშვილი (აია), 22. გივი ცინცაძე (არმაზი), 23. ნიკა ცინცაძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზ.მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკა მამისაშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ექიმი: ოდისეი სადოევი

ვიდეო ანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

GPS: შალვა მახარაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი