ჯო ვურზლი – ძველი-ახალი დაცვის მწვრთნელი

45 წლის ჯო ვურზლი ერთ-ერთია იმ სამი ახალი სპეციალისტიდან, რომელიც ბორჯღალოსნებს ზაფხულის ტესტ-სერიებისთვის დაემატა.

ინგლისელ დაცვის მწვრთნელს მთლად ახალი არ ეთქმის, რადგან 2019 წლის მსოფლიო თასზე ის უკვე მუშაობდა საქართველოს ნაკრებში. დასრულებულ საკლუბო სეზონში ის ტოპ 14-ის ფინალისტის, ‘კასტრის’ დაცვის მწვრთნელი იყო, გასულ კვირაში კი „აია არენაზე“ ბორჯღალოსნებს შეუერთდა.

  • თქვენ საქართველოს ნაკრებში 2019 წლის მსოფლიო თასზეც მუშაობდით. როგორ შეიცვალა გუნდი მას შემდეგ?
  • საინტერესო კითხვაა. ჩვენ გვყავდა ახალგაზრდა მოთამაშეების ჯგუფი, რომლებიც ახლა უკვე გამოცდილი მორაგბეები არიან. მათ მიიღეს არა მხოლოდ სანაკრებო გამოცდილება, არამედ გაიარეს ტოპ 14-ის ხანგრძლივი სეზონებიც. ამან მათ ის ცოდნა და სტაჟი მისცა, რომელიც მანამდე არ ჰქონდათ. ეს კი ძალიან გამოგვადგება. ახლა ისინი ზრდასრული (სენიორ) მოთამაშეები არიან, რომლებიც გუნდში უკეთეს სარაგბო გარემოს ქმნიან.
  • რა კომპონენტებზე უნდა იმუშაოს გუნდმა რომ ტიერ 1-ის ნაკრებებს გაუტოლდეს?
  • ვფიქრობ, გუნდი ბოლო სამი წლის განმავლობაში უკეთესი გახდა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ წნეხის ქვეშ სწორ გადაწყვეტილებებზე: როდის დავარტყათ ფეხი, როდის შევუტიოთ ხელით, როდის დავუთმოთ მეტოქეს ბურთი და თავი დავიცვათ. ეს ყველაფერი კომპლექტში საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ მოედანზე და უფრო სახიფათოები ვიყოთ მეტოქეებისთვის.
  • ახლა უფრო ახლოს ვართ ტიერ 1-თან, ვიდრე მსოფლიო თასზე ვიყავით?
  • უდავოდ. გარკვეულ კომპონენტებში შესამჩნევად წინ წავედით, მაგრამ ტიერ 1-იც სწრაფად ვითარდება. ამიტომ ტემპი არ უნდა დავაგდოთ, რომ დავეწიოთ.
  • როგორც დაცვის მწვრთნელი, სად ხედავთ მთავარ საფრთხეებს იტალიელების მხრიდან და როგორ აპირებთ მათ განეიტრალებას?
  • ახალი მწვრთნელის ხელში იტალია შესამჩნევად შეიცვალა. ის გუნდში უფრო სრულყოფილი სათამაშო გეგმით მოვიდა. ახლა გუნდს ფეხის დარტყმაც შეუძლია, შეტევაც და დაცვაც. მანამდე კი უფრო ერთგანზომილებიან თამაშს თამაშობდა. ხშირად ახერხებენ კონტრ-შეტევის პროვოცირებას, რასაც რამდენიმე ახალგაზრდა, სახიფათო მოთამაშე კარგად იყენებს.
  • როგორია ჩვენი შანსები იტალიის წინააღმდეგ?
  • თუ ჩვენს ფიზიკურ ძალას კარგად გამოვიყენებთ და შეჯახებებში ვაჯობებთ, მოგების შანსი ნამდვილად გვაქვს. მაგრამ ამისთვის ჩევნი საუკეთესო თამაში უნდა ვითამაშოთ.