ხაშურში მულტიფუნქციური სარაგბო კომპლექსი აშენდება

100 მოედნის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხაშურში მულტიფუნქციური სარაგბო კომპლექსი აშენდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა მოაწერეს.

თანამშრომლობის მიზანია ხაშურში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და რაგბის პოპულარიზაცია, სარაგბო ბაზის მოწყობა და ადგილობრივი კლუბის ხელშეწყობა. ბაზის ასაშენებლად ზემო სერის ტერიტორიაზე 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოიყო. საწყის ეტაპზე ერთი სავარჯიშო და ერთი ხელოვნურსაფარიანი ძირითადი მოედანი მოეწყობა, რომელიც 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი. მოგვიანებით აშენდება კვების და სატრენაჟორო ბლოკი, ასევე სასტუმრო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ცენტურიონი დავით კაჭარავა, ადმინისტრაციული დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი, რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი გაიოზ მონიავა და ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ასევე, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან გამრეკელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანი მორაგბეები.

ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, იოსებ ტყემალაძემ თენგიზ ჩიტიაშვილს სამახსოვროდ გადასცა ბორჯღალოსნების სათამაშო კვართი და ხელმოწერებით დამშვენებული ბურთი. საჩუქრები მიიღეს ადგილობრივმა მორაგბეებმაც, რომლებიც ინტერესით ათვალიერებდნენ ბაზის ესკიზებს და დავით კაჭარავასთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

„ხაშურში არაერთი ცნობილი მორაგბეა აღზრდილი, რომელთაც ბორჯღალოსნების კვართით უთამაშიათ და ახლაც თამაშობენ. ვფიქრობ, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა და ბავშვების გვერდში დგომა უმნიშვნელოვანესია და აქ მოწყობილი რაგბის ინფრასტრუქტურა მათ სწორედ ამაში დაეხმარება“ – განაცხადა კაჭარავამ.

ღონისძიების ფარგლებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბიზნესმენმა, შპს „პინოს“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ტყემალაძემ და ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის ხელმძღვანელმა ვანო ხარაზიშვილმა სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმეს. სასიამოვნოა, რომ ბოლო პერიოდში არა მხოლოდ დიდი 10-ის, არამედ პირველი და რეგიონალური ლიგის კაცთა, ასევე ბავშვთა გუნდებსაც გამოუჩნდათ სპონსორები. ხელშეკრულების ფარგლებში ბიზნესმენი ხაშურის მუნიციპალიტეტის ბავშვთა გუნდს დაეხმარება, რაც რეგიონში რაგბის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

 

ფოტო: ირაკლი ტყემალაძე