ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ხვამლი’ დაწინაურდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფმა ლიდერი იცვალა. მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს სათავეში პირველად ‘ხვამლი’ ჩაუდგა. ჩემპიონ ‘ლელოსთან’ მარცხმა, მართალია ყოფილი ერთ-ერთი ლიდერი ‘აია’ მესამე პოზიციამდე დააქვეითა, თუმცა ‘ბათუმთან’ გადავადებულ შეხვედრაში ბონუსით მოგების შემთხვევაში რიონისპირელები ცხრილის სათავეში მოქცევის შანსს ინარჩუნებენ. თავის მხრივ აჭარლებმა სეზონში მესამე გამარჯვებით მოწინავე კვარტეტში პოზიცია განიმტკიცეს.

მეექვსე ტურის გამორჩეული შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა. ჩემპიონმა და ფავორიტმა ‘ლელომ’ ტიტულის კიდევ ერთ მაძიებელ ქუთაისის ‘აიას’ უმასპინძლა. უშეღავათო ბრძოლაში წარმართული მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს და გამარჯვებულის ბედი ერთმა ზუსტმა გარდასახვამ გადაწყვიტა.

პირველ ნახევარში უკეთ ‘აია’ გამოიყურებოდა. რიონისპირელთა ერთ-ერთი მიძალება კვაჭ შოთა ხელაძის ლელოთი დაგვირგვინდა. მგეზავ ბაჩანა ძოძუაშვილის ზუსტად შერულებულმა გარდასახვამ კი შესვენებაზე სტუმართა 7-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა – 7:0.

მეორე ტაიმში გააქტიურებულმა ჩემპიონმა ანგარიში, მოლიდან დროულად გამოტანილი ოვალის წყალობით მარბიელ ანდრო დვალის ლელოთი გაათანაბრა. გარდასხვა ‘ლელოს’ ჰავბეკმა გიორგი სპანდერაშვილმა გამოიყენა. მეტოქენი უპირატესობას ძალისმიერ თამაშს ანიჭებდნენ და გუნდებმა კიდევ 2 ლელო კვლავ მორკინალთა აქტიურობის შედეგად გაიტანეს. მართალია, ‘აია’ მხტომელ ომარ ჯანგავაძის ლელოთი კიდევ ერთხელ დაწინაურდა, თუმცა არცთუ ურიგო პოზიციიდან ძოძუაშვილს გარდასახვა გაუცუდდა. მატჩის მიწურულს კი ხელი უკვე ჩემპიონმა გამოიღო. ბურჯ დაჩი ტვილდიანის დადებული ლელოს გარდასახვა სპანდერაშვილს არ გაჭირვებია, რამაც პაატა მაისურაძის შეგირდთა რთული გამარჯვება დააფიქსირა – 14:12. რიონისპირელები კი ოდენ ნუგეშს გამორჩნენ.

‘ლელო-აიას’ მატჩის შედეგით მუხიანელებმა იხეირეს. ‘ხვამლი’, რუსთავში ‘ხარებს’ ესტუმრა და გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. მუხიანელთა წარმატებას სათავე კვაჭ ბექა ნეფარიძის ლელომ დაუდო. მართალია, მასპინძელთა ფრთა გიორგი კვირიკაშვილმა საპასუხო ლელოთი ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა დარჩენილ დროში სტუმრები დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, მეტს მოძრაობდნენ, ოვალს სწრაფად ათამაშებდნენ, შერკინებაშიც უკეთ ირჯებოდნენ და დარჩენილ დროში ქვემო ქართლელებს 4 უპასუხო ლელოც დაუდეს მატჩი საშური ბონუსით – 27:5.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მუხიანელთა ფულბეკ ლუკა თაყაიშვილის საუცხოო თამაში. შესრულებულ „დუბლთან“ ერთად, თაყაიშვილი მოედნის ჩინებული ხედვით, ეფექტური მოძრაობებით, ფეხით კარგი თამაშითა და ფინტების სიუხვით გამოირჩა. ‘ხვამლი’ 24 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა და მეორე ადგილზე მყოფ ჩემპიონ ‘ლელოს’ 2 ქულით უსწრებს. ‘ხარები’ ცხრილში მეშვიდე ადგილზე რჩებიან და სანუკვარ პლეი ოფის ზონას კვლავინდებურად 4 ქულა აშორებთ.

ვაზისუბანში, მარნეულის ‘არმაზმა’ ფავორიტ ‘ბათუმს’ დიდი ბრძოლა გაუმართა (განსაკუთრებით-პირველ ტაიმში), თუმცა ‘ბ’ ლიგაში დაშვებული  მაქსიმალური ასაკის მქონე კარგად შეკრულმა აჭარლებმა მეორე ნახევარში იძალეს და მატჩი – 22:13  მოიგეს. ჩინებულად ირჯებოდა ‘ბათუმელთა’ მგეზავი ბუბა ნოზაძე. სტუმართა კაპიტანმა, გატანილ ლელოს, 2 არეკნიც დაურთო. სტუმართა მხრიდან კიდევ ერთი ლელო მარბიელმა გიორგი ირემაძემ გაიტანა. ‘არმაზმა’ ბოლომდე იბრძოლა და ბოლო წუთზე ქვემო ქართლელთა მარბიელმა გიორგი ლემონჯავამ პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხა. აჭარლებმა სეზონში მესამე გამარჯვებით მოწინავე კვარტეტში პოზიცია გაიმყარეს.

მეექვსე ტური, „რაგბი ჭალაში“ ‘წიქარა’-‘აკადემიას’ დედაქალაქური დერბით დასრულდა. მიჯრით 3 განცდილი მარცხის შემდეგ „მხატვრებმა“ შეხვედრის ბედი თავიანთ სასარგებლოდ პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ვიცე-ჩემპიონი ხელდახელ თამაშში ჯაბნიდა მეტოქეს და ლელოთა უმრავლესობაც ინდივიდუალური გარღვევების შედეგად იქნა გატანილი. შუამარბ გიორგი ჭურღულაიას, მარბიელ საბა გოგოლიძის, ფულბეკ თომა იმედაშვილისა და შუამარბ თორნიკე აფციაურის ლელოებს, აუტსაიდერმა მხოლოდ შუამარბ ანდრია ნიქაბაძის კინკილა ჯარიმა დაუპირისპირა – 24:3. მეორე ტაიმში ‘წიქარა’ უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა უპირატესად გამოუცდელობამ დებიუტანტს ლელოს გატანის შესაძლებლობა არ მისცა და შუქფარს საბოლოოდ პირველი ტაიმის ანგარიში შემორჩა.

აუტსაიდერი ‘წიქარა’ კვლავ საცხრილო ქულის გარეშე იმყოფება. ‘აკადემიამ კი 13 ქულა დააგროვა, ცხრილში ‘არმაზს’ გადაასწრო და მეხუთე პოზიციაზე აინაცვლა. მორიგ ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას გასული სეზონის ფინალის  ე.წ „რიმეიქი“ იპყრობს. მშობლიურ „რაგბი პლატოზე“, ვიცე-ჩემპიონი ‘აკადემია’ ტიტულის მოქმედ მფლობელ ‘ლელოს’ უმასპინძლებს.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე