ჭაბუკთა „ბ“ ლიგა | ჩემპიონმა სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

ჭაბუკთა „ბ“ ლიგის ჩემპიონატში მონაწილეობას 2005/06 წლებში დაბადებული მორაგბეები ღებულობენ. მატჩი 30  წუთიანი ტაიმებისგან შედგება და გასინბინებული მორაგბე იძულებით 5 წუთი იუქმებს. ასევე მოქმედებს „ლურჯი“ ბარათის“ წესი, რომლის მიმღები მოთამაშე, მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით მოედანს მატჩის ბოლომდე ტოვებს. „ლურჯ ბარათ“ მიღებული მოთამაშის ნაცვლად გუნდს სათადარიგო მორაგბის გარდა, თამაშში მონაწილეობა მიღებული და უკვე გამოცვლილი მორაგბის მოედანზე დაბრუნების უფლებაც ეძლევა.

პირველობის ფორმატი უცვლელი დარჩა. 8-გუნდა „ოქროს“ ჯგუფში 2-წრიანი შჯიბრების შემდეგ, მოწინავე ექვსეულს „ვერცხლის“ ჯგუფის 2 წარმატებული გუნდი დაემატება და ტიტულისა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა პლეი ოფით, 1/4-ური ეტაპიდან გაგრძელდება. მეტოქეები რეგულარულ სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდებიან და გადამწყვეტი, ერთმატჩა სატიტულო შეხვედრის მასპინძლობას მაღალი ადგილის მქონე გუნდი ირგუნებს.

კოვიდის მსახვრელი ხელი პირველივე ტურს დაეტყო. ‘აიას’ რამდენიმე მოთამაშის ინფიცირების გამო, ორგანიზატორებს ‘არმაზი’-აიას’ შეხვედრის გადავადება მოუხდათ. ბრინჯაოს მედალოსანთა დამრიგებელი პაატა ტყაბლაძე იმედოვნებს, რომ კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით რიონისპირელები მომდევნო ტურში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.

პირველობა კი აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმი 1’-ისა და ‘ხვამლის’ დაპირისპირებით დაიწყო. მუხიანელებს უმეტესად 2006 წლებში დაბადებული მორაგბეებით უხდებათ თამაში და პრაქტიკულად ახალი გუნდის შექმნა რატი ურუშაძემ ითავა, ვინაც კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე სამწვრთნელო მოღვაწეობას ჭაბუკთა „ბ“ ლიგაში განაგრძობს. კოვიდ-რეგულაციების გამო, გამოჩენილმა ბორჯღალოსანმა გუნდი სრულფასოვნად ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ 10 დღით ადრე შეკრიბა, რაც ბუნებრივია სტუმართა თამაშის ხარისხზეც აისახა. მატჩის სანახაობრივი მხარე თავის მხრივ ქარმა და ავდარმაც დააკნინა.

ტოლ-სწორ მეტოქეთა პაექრობაში გუნდები ძირითად ყურადღებას დაცვაში თამაშს უთმობდნენ. აჭარლებს რამდენიმე კარში დასარტყამი ჯარიმა გაუცუდდათ. ‘ხვამლის’ ფულბეკმა ლუკა თაყაიშვილმა კი თავისი ორივე შანსი გამოიყენა. მუხიანელთა კაპიტანის გატანილი წყვილი ჯარიმით ‘ხვამლმა’ სეზონი რთული გამარჯვებით დაიწყო – 6:0. ‘ბათუმი 1“-მა კი აქტივში ნუგეშ-ქულა ჩაიწერა.

პირველობის დებიუტანტი ‘წიქარა’ ჩემპიონ ‘ლელოს’ ოლიმპიურ სოფელში მდებარე „რაგბი ჭალას“ არენაზე დაუხვდა. კოვიდ-რეგულაციებმა და უტრანსპორტობამ მოსამზადებელ პროცესში ფავორიტს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ‘ლელოს’ დამრიგებელ პაატა მაისურაძეს შეგირდთა სასურველ კონდიციამდე მიყვანა სეზონის მსვლელობისას მოუწევს. ‘ლელომ’ საკვანძო მოთამაშეთა ბირთვიც შეინარჩუნა და რაგბის აკადემია გამოვლილი 10-მდე მოთამაშით სოლიდური შევსებაც მიიღო. ჩემპიონის მთავარ ამოცანას ტიტულის შენარჩუნება და ‘ლელოს’ ზედა ასაკობრივი გუნდისთვის სრულფასოვანი რესურსის მიწოდება წარმოადგენს.

‘ლელოს’ გამარჯვება და დაგეგმილი პრემიის აღება არ გაჭირვებია. ჩემპიონი პირველივე წუთებიდან დომინირებდა, სიჩქარეზე გაშლილ, ხელდახელ თამაშს ეძალებოდა, რაც პაატა მაისურაძის შეგირდთა 7 გატანილ ლელოში აისახა. ჩემპიონის წარმატებას სათავე ფრთა გოჩა ხურციძის ლელომ დაუდო. ‘ლელოს’ მღლეტელმა ლუკა საღინაძემ „დუბლი“ შეასრულა. ჩემპიონის ჰავბეკმა გიორგი სპანდერაშვილმა კი 7-ივე გარდასახვა გამოიყენა – 49:7. გუნდებს შორის კლასში არსებული სხვაობის მიუხედავად, ბექა ფირანიშვილის ბიჭები მრისხანე მეტოქეს არ ეპუებოდნენ და პირველი ტაიმის მიწურულს დებიუტანტმა ლიგაში პირველი სამატჩო ქულები ფულბეკ სანდრო ირემაშვილის გარდასახული ლელოთი აიღო.

ტურის გამორჩეული შეხვედრა რუსთავში გაიმართა. ‘ხარებმა’ ვიცე-ჩემპიონ ‘აკადემიას’ უმასპინძლეს. ქვემო ქართლელებმა გასული სეზონის პლეი ოფის პირველ ეტაპზე „მხატვრებთან“ დრამატული შეხვედრა მინიმალური სხვაობით დათმეს და ლაშა კაკაბაძის შეგირდები მოედანზე რევანშის აღების წყურვილით აღვსილნი გავიდნენ. გადამეტებულმა მღელვარებამ ორივე გუნდის თამაშის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა, თანაც მეტოქეთა პივოტებს სამიზნე სრულად გაუმრუდდათ და მატჩის ბედი მხოლოდ გატანილმა ლელოებმა გადაწყვიტეს.

მეტოქეთა დაპირისპირება ამჯერზეც უაღრესად დაძაბული გამოდგა. გუნდები უმეტესად უპირატესობის მოპოვებას სტატიკის ხარჯზე ლამობდნენ და შეხვედრაში გატანილი 3 ლელოდან, შერკინებით 2 ლელო იქნა დადებული. პირველი ნახევარი სტუმრებმა შუამარბ გიორგი მელიას ლელოთი მოიგეს. მეორე ტაიმის დებიუტში ‘ხარებმა’ მღლეტელ ცოტნე ჭანტურიას ლელოთი ანგარიში გაათანაბრეს. ყველაფერი მეორე ტაიმის შუაწელს სტუმარ თომა იმედაშვილის ლელომ გადაწყვიტა. „მხატვართა“ ფულბეკი ფრთაზე, სისწრაფეზე დაუსხლტა მეურვეებს და საკუთარ გუნდს სეზონიც გამარჯვებით დააწყებინა – 10:5. ქვემო ქართლელები კი ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ.