ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ჩემპიონის პირველი მარცხი და ზედრამატული ტური

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონის შუალედურ ფინიშზე  დაუმარცხებელი არავინ დარჩა. ლიდერმა ‘ლელომ’ პირველი მარცხი იწვნია და სატურნირო ცხრილში მდევარ ‘ხვამლს’ 4 ქულით უსწრებს. მუხიანელებმა, ჩემპიონის მსგავსად პირველობაზე 6 მატჩი მოიგეს, თუმცა ლიდერზე 4-ით ნაკლები ბონუსი აიღეს. მესამე ადგილზე მყოფი ‘ბათუმი’-1 მუხიანელებს 3 ქულით ჩამორჩა. ‘აია’ მდგომარეობას მეთოდურად იუმჯობესებს. რიონისპირელებმა ბოლო 2 შეხვედრა მოიგეს, ‘აკადემიას’ 1 ქულით გადაასწრეს და პირველი წრე მეოთხე პოზიციაზე ჩაამთავრეს. „მხატვრები“ თავის მხრივ აუტსაიდერთა ტრიოს 9 ქულით უსწრებენ.

‘არმაზის’ მიჯრით 2-მა მოგებულმა შეხვედრამ კი ცხრილის ქვედა ნაწილში პლეი ოფის ვაკანტური საგზურისთვის ბრძოლა მკვეთრად გაამძაფრა. ქვემო ქართლელები 8 ქულით, ‘არმიასთან’ და ფოთის ‘კოლხი რაინდებთან’ ერთად 6-8 ადგილებს ინაწილებენ. მეტოქეთა პირისპირ ბალანსის გათვალისწინებით, ‘არმაზმა’ პლეი ოფის ზონაში პირველად აინაცვლა, ‘არმია’ კი ცხრილის ბოლო საფეხურზე აღმოჩნდა.

მე-7 ტური ზედრამატული გამოდგა. ტურის ოთხივე მატჩის გამარჯვებული ბოლო წუთებზე გაირკვა და თან ყველა დამარცხებულმა გუნდმა ნუგეშ-ქულის აღება მოახერხა. გამორჩეული შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. „აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, ვიცე-ჩემპიონი ‘აია’ და მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’ დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. გუნდებმა თავი არ დაზოგეს და დამსწრე მრავალრიცხოვანმა ქომაგმა უშეღავათო, თვალსასეირო ბრძოლა იხილა.

მატჩის დებიუტში ჩემპიონი უკეთ გამოიყურებოდა. ფრთა ნიკა ლობჟანიძის დადებულ ლელოს, ამპლუით კიდევ ერთმა ფრთა უჩა გაბათაშვილმა გატანილი ჯარიმა დაურთო, რამაც პაატა მაისურაძის ბიჭები 8-ქულიანი უპირატესობით დააწინაურა. ‘აია’ სტატიკაში უკეთ გამოიყურებოდა და ხშირ, ეფექტურ ბოჭვებთან ერთად, მოლსაც უკეთ აყალიბებდა. რიონისპირელებმა ჩემპიონს ორივე ლელო მოლით დაუდეს. პირველ ნახევარში მარბიელი ლუკა ნარსია გამოირჩა, მეორე ტაიმში კი ძალისმიერი ლელო ‘აიას’ ბურჯმა გიორგი ფხაკაძემ გაიტანა. მასპინძელთა ჰავბეკმა თემურ ძოძუაშვილმა 2-ივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რამაც მასპინძლებს მეორე ტაიმის შუაწელს 6-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა.

ჩემპიონი არ შედრკა და სტუმართა რიგებში გამორჩეულმა უჩა გაბათაშვილმა ჯერ ლელოს დადება მოახერხა, რასაც გატანილი ჯარიმაც მიაყოლა და მატჩის მიწურულს საკუთარი გუნდი ანგარიშში 2 ქულით დააწინაურა. შეხვედრის ბოლო ათწუთეულმა   მასპინძელთა გააფთრებულ იერიშებში ჩაიარა და მატჩის დამთავრებამდე  5 წუთით ადრე, ‘აიას’ მგეზავ საბა შარვაშიძის მოედნის ცენტრიდან გატანილმა ჯარიმამ ლევან თხელიძის ბიჭებს სეზონში მეოთხე გამარჯვება არგუნა – 17:16.

„ხვამლი არენაზე“, ‘ხვამლი’-‘აკადემიას’ დედაქალაქური დერბი დიდი ბრძოლითა და ვნებათაღელვით აღინიშნა. მუხიანელებს საკადრო პრობლემები არ ელევათ.  ‘ხვამლის’ ბორჯღალოსანმა დამრიგებელმა რატი ურუშაძემ ამჯერზე ტრავმებისა და რიგ მიზეზთა გამო ძირითადის 10-მდე მორაგბე მოისაკლისა, რაც მატჩის პირველ ნახევარში მასპინძელთა თამაშზე უარყოფითად აისახა. შესვენებამდე მეტოქეებმა ლელოები გაცვალეს (’ხვამლიდან’-შუამარბი ნიკა თვაური, ‘აკადემიადან’-კვაჭი გიორგი აღნიაშვილი), თუმცა „მხატვართა“ შუამარბ დემეტრე დევდარიანის ზუსტად შესრულებულმა გარდასახვამ ბესიკ ჩინჩალაძის ბიჭებს ტაიმი 2-ქულიანი სხვაობით მოაგებინა.

მეორე ტაიმში ‘ხვამლმა’, შესაშურ ბრძოლისუნარიანობასთან და დაცვაში საიმედო გარჯასთან ერთად, თამაშის მართვის ხარისხი აამაღლა, რამაც მასპინძელთათვის სასურველი შედეგი გამოიღო. მუხიანელთა ფულბეკმა გიგა ყიფშიძემ გატანილი ჯარიმით საკუთარი გუნდი დააწინაურა, მოგვიანებით კი თავისივე დადებული ლელო გარდასახა და მატჩის მიწურულს ‘ხვამლს’ 8-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ‘აკადემიამ’ ბოლომდე იბრძოლა და ბოლო წუთებზე მგეზავ ზურა დემეტრაძის გატანილი ჯარიმით ნუგეშ-ქულას გამორჩა – 15:10.

‘ბათუმი’-1-ფოთის ‘კოლხი რაინდების’ ზღვისპირული დერბიც უკომპრომისო და ფიცხელი ბრძოლით აღინიშნა. მართალია, კოლხებს ტრავმების გამო ძირითადის რამდენიმე მოთამაშე აკლდათ, თუმცა როლანდ ჩაჩავას შეგირდებმა ფავორიტ მასპინძლებს არაფერი დაუთმეს და თავიანთი ლიდერისა და მგეზავის ალიკა აბულაძის მეორე ტაიმში გატანილი წყვილი ჯარიმით ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. აღსანიშნავია, რომ აბულაძემ კიდევ ერთ გატანილ ჯარიმასთან ერთად, აჭარლებს ლელოც დაუდო, რომელიც თავადვე გარდასახა და საკუთარი გუნდის სამატჩო ქულათა მონაგარი სრულად პირად აქტივს შემატა.

მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა სტატიკაში მოიპოვეს, რაც 3 გატანილ ლელოში ასახეს. ბათუმელთა ბურჯ ზურა ყურაშვილისა და ჰავბეკ ირაკლი მგელაძის პირველ ტაიმში დადებულ ლელოებს, მატჩის მიწურულს მასპინძელთა მხტომელ ალეკო ვაშაკიძის გატანილი ლელოც მოჰყვა, რომლის გაცუდებულმა გარდასახვამ კოლხებს ნუგეშ-ქულა მოუტანა – 22:16.

ვაზისუბანში, მარნეულის ‘არმაზისა’ და ‘არმიას’ შეხვედრის გამარჯვებულიც ბოლო წუთებზე გაირკვა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომლის დებიუტში, მართალია ქვემო ქართლელები გიგა ფანჯარაძის ლელოთი დაწინაურდნენ, შემდგომში კი მასპინძლებს მთელი შეხვედრა მდევრის როლში ყოფნა მოუხდათ. ‘არმიამ’ გაშვებული ლელოს შემდეგ, ფრთა შოთა შენგელიასა და მხტომელ ვაჟა ხეცურიანის დადებულ ლელოებს, ფულბეკ რაულ ჩორგოლაშვილის გატანილი წყვილი ჯარიმაც მიაყოლა და მატჩის მიწურულს „არმიელებმა“ 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

‘არმაზი’ მარცხს არ ეგუებოდა, გააფთრებით იბრძოდა და ლელოს გატანა ჯერ მხტომელმა მიხეილ ბაზაძემ მოახერხა. ბოლო წუთებზე კი ქვემო ქართლელთა რიგებში, გატანილი ლელოთი თავი ჰავბეკმა ნიკა კოზანაშვილმა გამოიჩინა, ვინაც გარდასახვა თავადვე ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს ზემნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოუტანა – 19:18.