ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ჩემპიონთან რევანშმა ‘აია’ ლიდერად აქცია

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის ბოლოსწინა, მე-13 ტურის ‘აია’-‘ლელოს’ საკულტო შეხვედრა რეგულარული სეზონის ფარულ ფინალადაც იქცა. ცხრილში მეტოქეებს სულ 2 ქულა აშორებდათ და აღნიშნულ შეხვედრაში წარმატებულ გუნდს ჯგუფური ეტაპის მოსაგებად ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ რეგულარული სეზონის გამარჯვებული პლეი ოფის ყველა ეტაპზე (ფინალის ჩათვლით) მოედნის უპირატესობით ისარგებლებს. ‘აია’ ორმაგად მოტივირებული გახლდათ. რიონისპირელები, პირველ წრეში ჩემპიონთან დრამატულ ბრძოლაში განცდილი მარცხისთვის (12:14) რევანშის აღებასა და თან ცხრილში ლიდერის გადასწრებას ეშურებოდნენ.

„აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე შეკრებილმა დიდძალმა ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. მეტოქენი თავს არ ზოგავდნენ და უპირატესობას სწრაფ, გაშლილ თამაშს ანიჭებდნენ. პირველ ნახევარში ჩემპიონი თამაშის უკეთესი ორგანიზაციის ხარჯზე დომინირებდა, მღლეტელ მიხეილ შიოშვილის დადებულ ლელოს, ჰავბეკმა გიორგი სპანდერაშვილმა გატანილი ჯარიმაც დაურთო და პაატა მაისურაძის შეგირდები შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მასპინძლებმა მეორე ტაიმის შუაწელიდან თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს. რიონისპირელები მეტოქეს დერეფანში აღემატებოდნენ, რამდენიმე კარგი მოლიც ჩამოაყალიბეს და ერთ-ერთი მათგანი მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა ბაჩუკი ბარათაშვილმა ლელოდ აქცია. მატჩის მიწურულს კი ‘აიამ’ ხეირზე თამაშის მომენტში ‘ლელოს’ 5-მეტრიანში ოვალი ოსტატურად შეაცურა და შუამარბმა გიორგი მანაგაძემ თავისივე გატანილი ლელო გარდასახა – 12:8.

‘აია’ სატურნირო ცხრილის სათავეს კარგა ხნის პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რიონისპირელებმა 53 ქულა დააგროვეს, ‘ლელოს’ 1 ქულით გადაასწრეს და რეგულარული სეზონის მოსაგებად დასკვნით ტურში რუსთავში, ‘ხარებთან’ ხელს ნებისმიერი სხვაობით გამარჯვება აძლევთ, რამეთუ ფავორიტების ქულათა ტოლობის შემთხვევაში, ჩემპიონთან უკეთესი პირისპირ ბალანსის მქონე ‘აიას’ უპირატესობა ექნება.

‘ბათუმი-1’-მა, პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლ მარნეულის ‘არმაზს’ აჭარის დედაქალაქში უმასპინძლა. პირველ ნახევარში უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ. გელა ჭოველიძის შეგირდები ოვალს კარგად შლიდნენ, სტატიკაშიც ვარგოდნენ და ფრთა მათე თავდგირიძისა და მხტომელ დიმა პატარაიას უპასუხო ლელოთა წყალობით შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში მატჩის სანახაობრივი მხარე მეტოქეთა მხრიდან მომრავლებულმა ჯარიმებმა და ტექნიკურმა წუნმა დააკნინა. აღნიშნული გარემოებით მეტად ‘არმაზმა’ იხეირა. ‘ბათუმი’ პირველი ტაიმის მონაგარს დაჯერდა, ქვემო ქართლელთა მგეზავ გოგიჩა გოგუას გატანილმა წყვილმა ჯარიმამ კი ბორის აბაშიძის ბიჭებს მნიშვნელოვანი ნუგეშ-ქულა მოუტანა – 12:6. ‘არმაზი’ 20 ქულით ცხრილში მეხუთე პოზიციას ინარჩუნებს და დასკვნითი ტურის წინ მდევრებს: ‘აკადემიასა’ და ‘ხარებს’ 4 ქულით უსწრებს.

‘ხვამლმა’ მცირე პაუზის შემდეგ ცხრილში მესამე პოზიცია დაიბრუნა და კონკურენტ ‘ბათუმს’ 1 ქულით გაუსწრო. რატი ურუშაძის შეგირდებმა „ხვამლი არენაზე“ რუსთავის ‘ხარებს’ გასაქანი არ მისცეს და ქვემო ქართლელები საშური ბონუსითა და „მშრალი“ ანგარიშით – 24:0 დაამარცხეს. მუხიანელები შეხვედრას სრულად აკონტროლებდნენ, ოვალს სისწრაფეზე კარგად შლიდნენ და ოთხივე ლელო კომბინაციურ სტილში გაიტანეს. პირველი ნახევარი ‘ხვამლმა’ შუამარბ ზურა ათოშვილის ლელოთი მოიგო. მეორე ტაიმში ფავორიტმა უპირატესობა ფრთა გიორგი კანთელაძის, მხტომელ კახა შეყილაძისა და ფულბეკ გიგა ყიფშიძის ლელოებით გაიმყარა.

პირველობის ღრმა აუტსაიდერმა ‘წიქარამ’ „ვერცხლის“ ლიგაში დაბრუნებამდე „კარი გაიჯახუნა“ და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ‘წიქარამ’, პლეი ოფის საგზურისათვის მებრძოლი ვიცე-ჩემპიონი ‘აკადემია’ სტუმრად დრამატულ ბრძოლაში – 14:13 დაამარცხა. მართალია, „მხატვრებმა“ ფრთა საბა შენგელიასა და ბურჯ გიორგი აღნიაშვილის ლელოთა წყალობით პირველი ნახევარი 6-ქულიანი სხვაობით მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში უკეთ აუტსაიდერი გამოიყურებოდა. ‘წიქარა’ დაცვაში საიმედოდ ირჯებოდა, ხოლო მგეზავ სანდრო ირემაშვილის დადებული ორივე ლელო ჰავბეკმა ლუკა ლომაურმა ზუსტად გარდასახა და მასპინძლები ოდენ ნუგეშს დააჯერა.

მიჯრით მეხუთე მარცხის მიუხედავად, ‘აკადემია’ აღებული ნუგეშ-ქულის წყალობით ცხრილში ‘ხარებს’ გაუტოლდა და უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო პლეი ოფის ზონას, მეექვსე ადგილს დაუბრუნდა. ‘აკადემიას’ მთელი სეზონის მანძილზე ტრავმების ეპიდემია სდევდა თან და განვლილ შეხვედრაშიც თორნიკე კალანდარიშვილმა ძირითადის 5 მოთამაშე მოისაკლისა. საღსანიშნავია, რომ „მხატვრებს“ და რუსთაველებს დასკვნით ტურში ტიტულის მთავარ მაძიებლებთან, შესაბამისად ‘ლელოსთან’ და ‘აიასთან’ მოუწევთ დაპირისპირება.

„ვერცხლის“ დონის 2-რაუნდიანი ფინალის პირველი შეხვედრა ფოთში, „პარკი არენაზე“ გაიმართა. დასავლეთ ზონის გამარჯვებულმა ‘კოლხი რაინდებმა’ საშინაო შეხვედრაში აღმოსავლეთ ზონის პირველადგილოსან ‘არმიას’ დრამატულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით – 16:15 ძლიეს. კოლხებმა ტაიმი კვაჭ ლუკა ნარსიას „დუბლით“ 7-ქულიანი სხვაობით მოიგეს. მართალია, ‘არმიას’ მიკროტრავმების გამო ძირითადის რამდენიმე მოთამაშე აკლდა, თუმცა ძალთა მაქსიმალური კონცენტრაციის ხარჯზე ლევან ჯაშის ბიჭებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს. მხტომელ გიორგი გიაშვილისა და კვაჭ გიორგი ქურდაძის ლელოთა მეშვეობით „არმიელები“ გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო წუთზე რაქში დაშვებული შეცდომის შედეგად მიღებულმა ჯარიმამ, რომელიც კოლხთა მგეზავმა ალიკა აბულაძემ ზუსტად შეასრულა, როლანდ ჩაჩავას ბიჭებმა სეზონში დაუმარცხებელ შეხვედრათა სერია 15-მატჩამდე გაზარდეს – 16:15.