ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ჩემპიონმა რიონისპირელებთან რევანში აიღო

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონი დასრულდა და პლეი ოფში მონაწილე წყვილთა ვინაობაც გაირკვა. ჩემპიონმა ‘ლელომ’ ჯგუფური ეტაპზე დამაჯერებლად იპირველა და მეორე ადგილზე გასული ‘ხვამლი’ 14 ქულით ჩამოიტოვა. სენსაციური მარცხის მიუხედავად, ‘ბათუმმა’ ცხრილში მესამე პოზიცია შეინარჩუნა და მდევარ ‘აიას’ 2 ქულით გაუსწრო. ‘აკადემიას’ კი მეხუთე ადგილი კარგა ხნის დაბევებული ქონდა.

სეზონში მესამე გამარჯვებამ ‘არმიას’ ელიტაში ადგილი შეუნარჩუნა. ფოთის ‘კოლხი რაინდები’ და მარნეულის ‘არმაზი’ კი „ვერცხლის“ ლიგაში დაქვეითდნენ. კოლხები და ქვემო ქართლელები კი ელიტაში ‘ხარებმა’ და ‘აია’-1-მა ჩაანაცვლეს.

„ვერცხლის“ ლიგის გამარჯვებული რუსთავის’ ხარები’ გახდა. ლაშა კაკაბაძის ბიჭებმა ‘აია’-1-ს, ქუთაისში 6-ქულიანი სხვაობით განცდილი მარცხის შემდეგ დამაჯერებელი რევანში აუღეს, „ხარები არენაზე“ 4 უპასუხო ლელო დაუდეს და რიონისპირელები „მშრალი“ ანგარიშით-26:0 დაამარცხეს. ქვემო ქართლელთა შუამარბმა ცოტნე გოგოლაძემ მეორე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა.

მესამე მასივში, ‘ლელო’-აიას’ შეხვედრა მოსალოდნელისამებრ უკომპრომისო ბრძოლით აღინიშნა. მართალია, ‘ლელოს’ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი განაღდებული ქონდა, თუმცა პაატა მასიურაძის ბიჭები მოტივირებულ და პრინციპულ მეტოქესთან ტრადიციულად სრულად დაიხარჯნენ და თამაშის მაღალი ორგანიზაციის ხარჯზე უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან დაეფლნენ.

ჩემპიონმა უამრავი ეფექტური ბოჭვა შეასრულა და დროულ მიყოლასთან ერთად, ბურთზე კარგი ჩასვლითა და მეტოქის დერეფანში დომინირებითაც გამოირჩა. პირველ ტაიმში ჯერ კარგად გაშლილი ოვალი ლელოდ მასპინძელთა ფრთა ნიკა ლობჟანიძემ აქცია, რასაც მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის ‘ლელოს’ სასარგებლოდ დანიშნული ტექნიკური ლელო მოჰყვა. ჩემპიონის მგეზავმა გიგი სირბილაძემ ჯარიმით თანაგუნდელთა უპირატესობა შესვენების წინ 15-ქულამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში სირბილაძემ მეტოქის 22-მეტრიანში კარგად დაფინტა და თავისივე დადებული ეფექტური ლელო ზუსტად გარდასახა. ‘აია’ მარცხს არ ეპუებოდა  და სტუმართა მარბიელმა ლუკა გაბუნიამ მეტოქის ჩაჭრილი შეტევის შედეგად მატჩის მიწურულს პრესტიჟის ლელო გაიტანა, რამაც ჩემპიონს პრემიით მოგება არ დაანება-22:7. ‘ლელომ’, მიმდინარე სეზონში განცდილი ერთადერთი მარცხისთვის ‘აიას’ დამაჯერებელი რევანში აუღო.

„პარკი არენაზე“, ‘კოლხი რაინდები’-ბათუმი’-1-ის ზღვისპირული დერბი უაღრესად დაძაბული გამოდგა. მართალია, აღნიშნული მატჩის პარალელურად ‘არმია’ დამაჯერებლად ‘არმაზს’ ამარცხებდა, რაც კოლხებს პლეი ოფს მიღმა ნებისმიერ შემთხვევაში ტოვებდა, თუმცა ფოთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მასპინძლებმა მოტივირებულ ფავორიტ აჭარლებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და მატჩის გამარჯვებული ბოლო წამებზე გაირკვა.

მგეზავ ალიკა აბულაძის წყვილი გატანილი ჯარიმით, კოლხებმა ულელოო ტაიმი-6:3  მოიგეს. მეორე ტაიმის დებიუტში ‘ბათუმი’ გააქტიურდა და მარბიელ ალექსანდრე ჭურკვეიძის გარდაუსახავი ლელოსა და შუამარბ ანრი დევაძის გატანილი წყვილი ჯარიმით ანგარიშში 5 ქულით დაწინაურდა. დარჩენილ დროში დევაძის გატანილ მორიგ ჯარიმას, აბულაძემ 2 გატანილი ჯარიმა დაუპირისპირა და ბოლო წუთამდე სტუმართა უპირატესობა მინიმალური გახლდათ. კოლხები ბოლომდე იბრძოდნენ და „გაწითლებულ“ დროში მოპოვებული ჯარიმა აბულაძემ მახვილი კუთხიდან ზუსტად შეასრულა და ფოთელებს სენსაციური გამარჯვებაც მოუპოვა-15:14.

„რაგბი პლატოზე“ გამართულ დედაქალაქურ დერბიში, ‘ხვამლმა’ მასპინძელ აკადემიას მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაუწყვიტა. „მხატვართა“ ფულბეკ საბა შენგელიას დებიუტში გატანილ ჯარიმას, მუხიანელებმა 3 გარდასახული ლელო შეაგებეს და შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. რატი ურუშაძის გუნდში დადებული ლელოებით კვაჭი გიგი კოშაძე, ფულბეკი გიგა ყიფშიძე და კაპიტანი გიორგი ბოჩიკაშვილი გამოირჩნენ. გარდასახვები ზუსტად ყიფშიძემ შეასრულა.

მეორე ნახევარში ‘ხვამლმა’ ანგარიშში უპირატესობა ბურჯ ლევან ეზიაშვილის ლელოთი გაიმყარა. „მხატვრები“ ბოლომდე იბრძოდნენ და 2 ლელოს გატანაც მოახერხეს. ‘აკადემიას’ ფრთა თომა თოფურიძის მატჩის მიწურულს დადებულმა ლელომ მუხიანელებს ბონუსით მოგება არ დაანება-26:15.

„რაგბი ჭალაში“, ‘არმია’-მარნეულის ‘არმაზის’ შეხვედრას დიდი დატვირთვა ახლდა. „არმიელები“ მოგებით პლეი ოფში ხვდებოდნენ, ქვემო ქართლელები კი წარმატების შემთხვევაში მოწინავე ექვსეულში მოხვედრის გარკვეულ შანსს ინარჩუნებდნენ.  ‘არმიამ’ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და თან ორმაგად იხეირა. გია ჯავახიშვილის შეგირდებმა პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის დამაჯერებელი რევანში აიღეს და თავიანთი პროგრამა-მინიმუმი, „ოქროს“ ჯგუფში ადგილის შენარჩუნების საკითხიც წარმატებით გადაჭრეს.

‘არმია’ დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, მეტოქეს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდა და პირველობის აუტსაიდერი შუამარბ დავით არავიაშვილის გატანილ წყვილ ჯარიმას დააჯერა. საკუთრივ კი გია ჯავახიშვილის ბიჭებმა ქვემო ქართლელებს ხელდახელ თამაშით 9 უპასუხო ლელო დაუდეს. „არმიელთა“ კაპიტანმა დავით ბარბაქაძემ და მარბიელმა ნიკოლოზ ჩხორთოლიამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულეს. ‘არმიას’ სეზონის მესამე გამარჯვება ფულბეკ რაულ ჩორგოლაშვილის დადებულმა ლელომ დააფიქსირა-53:6.

პლეი ოფის 2-მატჩა პირველ ეტაპზე  (1/4-ები) გუნდები ასე დაწყვილდნენ:

‘ლელო’ (1) – ‘აია-1’ (8)

‘ხვამლი’ (2) – ‘ხარები’ (7)

‘ბათუმი’ (3) – ‘არმია’ (6)

‘აია’ (4) – ‘აკადემია’ (5)

პირველი მატჩები წყვილებში უარეს-ნომრიანი გუნდების არენებზე გაიმართება.