ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ტიტულს ‘ლელო’ და ‘აკადემია’ გაითამაშებენ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის ფინალური შეხვედრის მონაწილენი რეგულარული სეზონის მოწინავე კვარტეტის დაპირისპირებაში გამოვლინდნენ.  საშეჯიბრო დებულების თანახმად ნახევარფინალები სეზონში უკეთესი შედეგის მქონე გუნდების არენებზე გაიმართა და გულშემატკივარის დიდი ინტერესი გამოიწვია. მეორეადგილოსანი ‘აკადემია’  ქუთაისის ‘აიას’ „რაგბი პლატოზე“ დაუხვდა. დიდ დიღომში კი ჩემპიონ ‘ლელოსა’ და ვიცე-ჩემპიონ ‘ხვამლის’ მატჩის ანშლანგს მცირედი დააკლდა.

‘ლელოს’ მთავარ არენაზე ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. მომატებული მღელვარების გამო, პირველ ნახევარში მასპინძლები უჩვეულოდ ბევრ უნებლიე შეცდომას უშვებდნენ, წამყვანი მხტომელის თორნიკე ღანიაშვილის ტრავმამ კი მუხიანალებს უპირატესობა დერეფანშიც არგუნა. მეტოქეებმა თითო ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა შუამარბ ჯუმბერ როსტომაულის 3 გატანილი ჯარიმის წყალობით მუხიანელები შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ-16:8.

მეორე ნახევარში  ‘ლელომ’ თამაში დაალაგა და თან მეტოქეს საკუთარი ტაქტიკაც მოახვია. ჩემპიონმა ‘ხვამლი’ მორკინალთა ჭიდილში აიყოლია, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო. ჩემპიონი შერკინებასა და მოლში დიდ უპირატესობას ფლობდა და სწორედ სტატიკის ხარჯზე სათამაშო სივრცეს სრულად აკონტროლებდა. მეორე ტაიმის შუაწელიდან ‘ლელომ’  გადაღლილ მუხიანელებს მიჯრით 4 უპასუხო ლელო დაუდო / ფრთა ლუკა მაისურაძე, ბურჯი დავით მჭედლიძე, ჰუქერი  თორნიკე ბოყოველი, ჰავბეკი სანდრო ჯიღაური/. 20-ქულიანი სხვაობით დაწინაურებული ‘ლელოს’ დამრიგებელმა მაისურაძემ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გამოცვალა, რამაც მეტოქეს ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცა. ამის შემდეგღა მოახერხეს მუხიანელებმა თავიანთი ბეკების სათანადო დატვირთვა. ‘ხვამლის’ რიგებში გამორჩეულმა მარბიელმა ლუკა კოტორაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და მასპინძლებს სოლიდური სხვაობით მოგება არ დაანება-36:28.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 სეზონის მანძილზე ‘ლელო’ ფინალში მეხუთედ გავიდა. წინა 4 ცდიდან დიდ დიღმელებმა წარმატებას 3-გზის მიაღწიეს და რეგულარული სეზონის გამარჯვებული ტიტულს მომავალ უქმეებზე საკუთარ არენაზე დაიცავს.

ნუცუბიძის ფერდობზე, ‘აკადემიასა’ და ქუთაისის ‘აიას’ შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა. მართალია მეტოქეებმა 3-3 ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა უკეთ ორგანიზებულ მასპინძლებს მატჩის სადავეები ხელთ ბოლომდე ეპყრათ. „მხატვრები“ დაცვაში საიმედოდ ირჯებოდნენ, გადაწყობას სწრაფად ახორციელებდნენ, ოვალს სისწრაფეზე შლიდნენ და თან შეტევაში „ნესვა“ ბურთზე კონტროლსაც ინარჩუნებდნენ. ‘აია’ აქცენტს ჩვეულ სტატიკაზე აკეთებდა და რიონსპირელებმა სამივე ლელო მოლით გაიტანეს. ‘აკადემიამ’ კი პირველ ნახევარში დადებულ ლელოებს / ფრთა დავით ხაზალია, შუამარბები: ლუკა კობაური და ერეკლე იორდანიშვილი/ და შესვენების წინ მოპოვებული 5-ქულიანი უპირატესობა, მეორე ნახევარში კობაურის გატანილი წყვილი ჯარიმით გააღრმავა. ბოლო წუთებზე ‘აიას’ მარბიელ გიორგი გაბრიაძის დადებული ლელოს მიუხედავად, ‘აკადემიამ’-23:19  იმარჯვა და ფინალს 11-წლიანი პაუზის შემდეგ უწია. რიონისპირელებს კი ნუგეშად, ბრინჯაოსმედლისთვის საშინაო დაპირისპირება ‘ხვამლთან’ მოუწევთ.

‘აკადემიას’ ახალგაზრდა მწვრთნელთა დუეტმა /თორნიკე კალანდარიშვილი და ზუკა თათარაშვილი/ ნაყოფიერი მუშაობით თავის სადებიუტო სეზონშივე დიდ წარმატებას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ „მხატვართა“ მთავარმა მწვრთნელმა, 24 წლის თორნიკე კალანდარიშვილმა მორაგბეობისას, ‘აკადემიას’ მიერ გახერხებულ ბოლო პოდიუმში /2012  წელს-ბრინჯაო/ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.