ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | პირველობაზე ორხელისუფლებიანობა დამყარდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეხუთე ტურის შემდეგ ორხელისუფლებიანობა დამყარდა. რიონისპირელებმა ჯერ ‘არმაზსთან’ გადადებულ მატჩში, შემდეგ კი ‘აკადემიასთან’ მაქსიმალური შედეგი აჩვენეს, ორივე ორთაბრძოლა პრემიის თანხლებით მოიგეს და 19 ქულით, ‘ხვამლთან’ ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.

ისიც აღსანიშნავია, რომ რიონისპირელები პირველობის მონაწილეთა შორის ერთადერთ დაუმარცხებელ და თან ყველა შეხვედრის მომგებ გუნდად რჩებიან. ჩემპიონ ‘ლელოს’ კი ‘ხვამლთან’ სენსაციური და სეზონის პირველი მარცხი ერთბაშად მესამე ადგილზე დაქვეითების ფასად დაუჯდა. ‘ბათუმმა’ მიმდინარე პირველობაზე მოწინავე კვარტეტში ანაცვლება პირველად მოახერხა და თან აჭარლებს ერთ-ერთ ლიდერ ‘აიასთან’ გადადებული, გასვლითი შეხვედრა რჩებათ ჩასატარებელი. ხსენებული გარემოების გათვალისწინებით კი ჩემპიონატის პოტენციურ ლიდერად რიონისპირელები გვევლინებიან.

ტურის გამორჩეული შეხვედრა მუხიანში გაიმართა. ‘ხვამლმა’ სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა და ჩემპიონ ‘ლელოს’ სენსაციურად, თან ბონუსის თანხლებით 26:7  მოუგო. ‘ხვამლი’ მატჩიდან მატჩამდე საოცრად პროგრესირებს. პრაქტიკულად სეზონის წინ ხელახლა შექმნილი მუხიანელთა გუნდი თავიანთი დამრიგებლის, გამოჩენილი ბორჯღალოსანის რატი ურუშაძის მითითებებს ზედმიწევნით და დიდი მონდომებით ასრულებს. მორაგბეები ვარჯიშზე თავს არ ზოგავენ, რაც გუნდის ფიზიკურ კონდიციებზე, თამაშის ორგანიზაციასა და ხარისხზე ნათლად ისახება.

შეხვედრის დებიუტში ჩემპიონმა, მასპინძელთა დაცვის ლამის ერთადერთი უხეში შეცდომით ისარგებლა, ფრთაზე მიღებული რიცხობრივი უპირატესობით ‘ლელოს’ ფრთის მოთამაშე დემეტრე დურგლიშვილმა ხაზი მარტივად გაჭრა და მატჩის პირველი ლელოს ავტორად შეიქნა. მუხიანელები უპირატესობას მეთოდურად დაეუფლნენ და ტაიმის  მიწურულს, მეტოქის 5-მეტრიანში კარგად შეკრული მოლით, კვაჭ ბექა ნეფარიძის დადებული საპასუხო ლელოთი შესვენებაზე საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა – 7:7.

მეორე ტაიმი ‘ხვამლის’ სრული კარნახით წარიმართა. მასპინძლები ფიზიკურად უკეთ გამოიყურებოდნენ, ჩქარი ქმედებითა და ოვალის სწრაფი გაშლით ჩემპიონს სერიოზულ თავსატეხს უჩენდნენ. მუხიანელთა შუამარბი ნიკა გოლავა კი მატჩის ნამდვილ გმირად იქცა. მარქაფადან ჩართულმა ნიკა გოლავამ მიჯრით 2 ლელო დადო და თან თანაგუნდელთა ყველა მწვავე შეტევაში უშუალო მონაწილეობა მიიღო. შეხვედრის მიწურულს კი ‘ხვამლის’ ფრთა გიგა ყიფშიძის გატანილმა ლელომ მუხიანელებს  ბონუსით გამარჯვება მოუტანა და თან სატურნირო ცხრილში ‘ლელოზე’ გადასწრების შესაძლებლობაც მისცა.

ქუთაისის ‘აიამ’ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორი დამაჯერებელი გამარჯვება (ორივე ბონუს-ქულის თანხლებით) მოიპოვა.  რიონისპირელებმა ჯერ ვაზისუბანში, სეზონის ერთ-ერთ გადადებულ შეხვედრაში მასპინძელ მარნეულის ‘არმაზს’ „მშრალი“ ანგარიშით 21:0 მოუგეს. ორგანიზებულ დაცვას, რიონისპირელები სწრაფ, ხელდახელ თამაშს კარგად უთავსებდნენ. პირველ ნახევარში ლელოს გატანა ფრთა ლევან ბენდელიანმა და შუამარბმა ანზორ სარალიძემ მოახერხეს. მეორე ტაიმში კი მხტომელ ნიკა ჟორჟოლიანის დადებულმა ლელომ, ‘აიას’ მატჩი პრემიით მოაგებინა.

‘აიას’ პრობლემები არც ‘აკადემიასთან’ საშინაო შეხვედრაში შექმნია. ვიცე-ჩემპიონმა რიონისპირელთა ხაზს ვერაფერი მოუხერხა. მასპინძლებმა კომბინაციურ სტილში, სისწრაფეზე გატანილი 4 ეფექტური ლელოთი და 26 უპასუხო ქულით მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მასპინძელთა შუამარბ ანზორ სარალიძის საუცხოო თამაში. სარალიძე მთელი შეხვედრის განმავლობაში „მხატვრებს“ დიდ პრობლემებს უქმნიდა და თან „დუბლის“ შესრულებაც მოახერხა. ‘აკადემიას’ მარცხს წერტილი მატჩის მიწურულს ფრთა გიორგი ბარდალიანის ლელომ დაუსვა – 31:14.

‘არმაზმა’ რიონისპირელებთან განცდილ მარცხზე ჯავრი ‘წიქარაზე’ იყარა. მძიმე, არეული თამაშის (უამრავი ყვითელი ბარათის თანხლებით) პირველ ნახევარში ქვემო ქართლელთა კვაჭ ნიკა გოგოლაძის გატანილ ლელოს, მეორე ტაიმში ფულბეკმა გოგიჩა გოგუამ „დუბლი“ წაუმატა, რამაც ‘არმაზს’ პრემიალური ქულა არგუნა – 23:0. აღნიშნული გამარჯვებით ქვემო ქართლელებმა ცხრილში ადგილი ‘აკადემიას’ გაუცვალეს და მეხუთე პოზიციაზე აინაცვლეს. დებიუტანტი ‘წიქარა’ კი კვლავინდებურად ჩემპიონატის პირველი სამატჩო ქულების მოლოდინშია.

‘ბათუმი’ საშინაო შეხვედრაში რუსთავის ‘ხარებთან’ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. გელა ჭოველიძის შეგირდები მწყობრად, სწრაფად მოქმედებდნენ და ოვალს კარგად შლიდნენ. მარბიელ დიმიტრი პატარაიასა და ბურჯ საბა სურმანიძის ლელოთა წყალობით აჭარლებმა პირველი ნახევარი 12-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. მართალია, მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმართა შუამარბმა გიორგი ლომიძემ ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა დარჩენილ დროში მინი-ბენეფისი მოიწყო ბათუმელთა მღლეტელმა თამაზ დუმბაძემ, ვისმა შესრულებულმა ჰეთ-თრიქმა მასპინძლებს მატჩი ბონუსით მოაგებინა – 33:5.

მორიგ ტურში პირველობის საკულტო შეხვედრა დედაქალაქში გაიმართება. მესამე მასივში ტიტულის მთავარი მაძიებლები, ‘ლელო’ და ‘აია’ შეიყრებიან.