ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | პირველობა ჩემპიონის რთული გამარჯვებით განახლდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონი აჭარის დედაქალაქში ‘ბათუმი’ 1-‘ლელოს’ შეხვედრით განახლდა. მოწინავე სამეულში მყოფი გუნდების დაპირისპირება მე-11 ტურის საკულტო შეხვედრად იქცა. მართალია, ორივე გუნდში იგრძნობოდა ლამის 3-თვიანი უთამაშებლობა, თუმცა მზიან ამინდში მეტოქეებმა თვალსასეირო ბურთაობა გააჩაღეს და დამსწრე საზოგადოებაზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვეს.

‘ლელო’ პირველივე წუთებიდან სათამაშო უპირატესობას ფლობდა, სტატიკაშიც უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა უჩვეულოდ ბევრ ჯარიმას იღებდა. მასპინძლები კი მწყობრად, ორგანიზებულად კონტრშეტევებზე მოქმედებდნენ და პერიოდულად ჩემპიონს რაქში ჯაბნიდნენ. მორკინალთა აქტიური თამაშით ‘ლელო’ ბურჯ დაჩი ტვილდიანის ლელოთი დაწინაურდა, რომლის გარდასახვა სტუმართა ჰავბეკ გიორგი სპანდერაშვილს არ გაჭირვებია. აჭარლები გააქტიურდნენ და ფრთა მათე თავდგირიძის გატანილი ჯარიმისა და კაპიტან გიორგი ირემაძის ჩინებული არეკნით მეორე ნახევრის შუაწელს ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.

‘ლელოს’ დამრიგებელმა პაატა მაისურაძემ რამდენიმე დროული ცვლილება განახორციელა და სწორედ მარქაფადან ჩართულმა მხტომელმა მიშა შიოშვილმა მოახერხა გადამწყვეტი ლელოს გატანა, რომლის ზუსტი რეალიზაციით სპანდერაშვილმა ‘ბათუმი’ ნუგეშის გარეშე დატოვა-14:6. ‘ლელომ’ 46 საცხრილო ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა მდევარმა ‘აიამ’ ჩემპიონთან ცხრილში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა.

‘აიამ’ საკუთარ არენაზე მოუგებლად მყოფ პირველობის აუტსაიდერ ‘წიქარას’ უმასპინძლა და მატჩი დაგეგმილი პრემიით იოლად მოიგო-41:7. ‘აიამ’ სტუმრებს 7 ლელო დაუდო. რიონისპირელები ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ, ხაზს აუტსაიდერს მარტივად უჭრიდნენ და ყველა ლელო კომბინაციურ სტილში იქნა გატანილი. ‘აიას’ კვაჭმა და კაპიტანმა შოთა ხელაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ‘წიქარას’ მარცხს კი წერტილი მარქაფადან ჩართულმა საბა კიკვიძემ დაუსვა. სტუმრები „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან მატჩის მიწურულს ფულბეკ სანდრო ირემაშვილის ლელომ იხსნა. პირველობაზე მოუგებლად მყოფ და  მხოლოდ 1 ნუგეშ-ქულის მქონე ‘წიქარას’ „ოქროს“ ჯგუფში დარჩენის შანსი პრაქტიკულად აღარ დარჩა.

ტურის კიდევ ერთი პრინციპული შეხვედრა მუხიანში გაიმართა. დედაქალაქურ დერბიში, ხვამლმა’ ვიცე-ჩემპიონ ‘აკადემიას’ 26 უპასუხო ქულით მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ნახევარში გადაუწყვიტა. მუხიანელები სისწრაფეზე, კარგად შლიდნენ ოვალს და თან დაცვაშიც ხისტად, საიმედოდ ირჯებოდნენ. ‘ხვამლის’ მხრიდან ლელოს გატანა ფულბეკმა გიგა ყიფშიძემ, ბურჯმა გიორგი მესხმა, შუამარბმა თორნიკე თორიამ და ბურჯმა ბექა მეფარიძემ მოახერხეს. მგეზავმა ნიკა ნათენაძემ 3 გარდასახვა გამოიყენა-26:0.

მართალია, მეორე ნახევარში მატჩის სურათი მკვეთრად შეიცვალა და ‘აკადემია’ სრულ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, თუმცა თორნიკე კალანდარიშვილის შეგირდები შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში აშკარად ცოდავდნენ, რამაც „მხატვრები“ სამატჩო ქულების გარეშე დატოვა. ‘ხვამლი’ 39 ქულით მესამე პოზიციაზე დაბრუნდა, ვიცე-ჩემპიონი ‘აკადემია’ კი ცხრილში ქულებით ტოლ-სწორად მყოფ ‘არმაზსთან’ უარყოფითი პირისპირ ბალანსის ქონის გამო პლეი ოფის ზონის მიღმა, „ვერცხლის“ ლიგაში დასაქვეითებელ მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა.

‘არმაზი’-‘ხარების’ ქვემო ქართლური დერბი კი მარნეულელთა საშინაო არენაზე, ვაზისუბანში გაიმართა. ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვიან და მეტოქეთათვის თითოეულ ქულას „ოქროს“ ფასი აქვს. ‘ხარების’ მთავარმა მწვრთნელმა ლაშა კაკაბაძემ ზამთრის არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენა და თან მიმდინარე ჩემპიონატში უძლიერესი შემადგენლობის თავმოყრა პირველად შეძლო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომლის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი გახლდათ.

‘არმაზი’ მატჩის დებიუტში კვაჭ ნიკა გოგოლაძის ლელოთი დაწინაურდა, მეორე ნახევარის შუაწელს კი ბურჯ ზურა ხოხაშვილის ლელოთი ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ‘ხარები’ მასპინძლებს სტატიკაში აღემატებოდნენ, დერეფანშიც უკეთ ირჯებოდნენ და თამაშის მაღალი ორგანიზაციის ხარჯზე მეტოქეზე 2-ით მეტი, 5 ლელოს დადება მოახერხეს. ‘ხარების’ კვაჭმა საბა გვირიტიშვილმა „დუბლი“ შეასრულა, მატჩის მიწურულს კი რუსთაველთა მარბიელ ცოტნე ჭანტურიას გატანილმა ლელომ ‘არმაზი’ უქულოდ დატოვა-29:17. კაკაბაძის ბიჭებმა პირველ წრეში საშინაო მარცხისთვის რევანში აიღეს, მიჯრით-მეორე, სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვეს, ცხრილში ‘არმაზსა’ და ‘აკადემიას’ 1 ქულით გადაასწრეს და მეხუთე ადგილზე აინაცვლეს.

„ვერცხლის“ ლიგაში კი დასავლეთ ზონის გამარჯვებული და შესაბამისად ქვედა ლიგიდან პლეი ოფის პირველი მონაწილე გაირკვა. პირველობაზე დაუმარცხებლად მყოფ ‘კოლხი რაინდებს’ 2-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი ფოთში ‘ბათუმი’ 2-თან 17:13 ქონდათ მოგებული და ზღვისპირული დერბის საპასუხო შეხვედრაც თავის სასარგებლოდ დაასრულეს-18:7. ფოთელებმა მიმდინარე სეზონის 14-ივე შეხვედრაში იმარჯვეს და უფროს ჭაბუკთა ელიტას 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ.

აჭარლები აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ და შერკინებაში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა კოლხები მასპინძლებს თამაშის ორგანიზაციასა და გაშლილ თამაშში აღემატებოდნენ, ოვალს კარგად შლიდნენ და 3 ლელოს გატანაც / ფრთა გიორგი კარანაია, მარბიელი ლუკა დოლბაია, მარქაფადან ჩართული კვაჭი საბა სიორდია/ მოახერხეს. ‘ბათუმი’ მხოლოდ კვაჭ ნიკონ ბერიძის მეორე ტაიმში დადებულ ლელოს დაჯერდა. საფესტივალო ასაკში მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ, როლანდ ჩაჩავასა და დემეტრე ჭურღულიასთვის ‘კოლხი რაინდების’ სათავეში გატარებული პირველივე სეზონი ერთობ წარმატებული გამოდგა.

აღმოსავლეთ ზონის გამარჯვებულის ვინაობა კი კვირის სწორს გახდება ცნობილი. ზონის ჯგუფებში გამარჯვებულების: ‘არმია’-‘ყოჩების’ პირველი შეხვედრა „არმიელთა“ უპირატესობით წარიმართა.  „რაგბი ჭალაში“ ლევან ჯაშის ბიჭებმა მეტოქეს მხოლოდ 1 ლელოს გატანის / მარბიელი თემურ ცხოვრებაძე / შესაძლებლობა მისცეს, საკუთრივ კი 3 ლელოს დადება მოახერხეს / მარბიელი საბა ოქრუაშვილი-„დუბლი“, შუამარბი დავით ბარბაქაძე / და 12-ქულიანი ჰანდიკაპით ზონის მოსაგებად სერიოზული განაცხადიც გააკეთეს-19:7. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პირველობაზე ‘არმიამ’ 11-ივე ჩატარებული შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.