ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | მშრალი ანგარიშების ტური

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეშვიდე ტურში ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა. მოწინავე კვარტეტმა ტური უდანაკარგოდ განვლო და პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში ლიდერთა შორის სტატუს-კვოც შენარჩუნდა. პირველობის ლიდერი ‘ხვამლი’, მდევრებს ‘ლელოსა’ და ‘აიას’ შესაბამისად 2 და 4 ქულით უსწრებს, თუმცა პოტენციურ ლიდერად რიონისპირელები რჩებიან, რამეთუ ‘ბათუმთან’ გადადებული საშინაო შეხვედრის ბონუსით მოგების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილს სათავეში სწორედ ‘აია’ ჩაუდგება.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე შეხვედრის ფავორიტმა „მშრალი“ ანგარიშით იმარჯვა, რაც ისტორიაში, ორივე ჭაბუკთა ლიგის ელიტ-ჯგუფებისთვის უნიკალური შემთხვევა გახლავთ.

ტურის გამორჩეული შეხვედრა ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. ერთმანეთს გასული სეზონის ფინალისტები ‘აკადემია’ და ‘ლელო’ დაუპირისპირდნენ. წინა სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაში ‘ლელომ’ მატჩის შემდგომი არეკნების სერიის მოგებით მოახერხა ტიტულის შენარჩუნება. მართალია, ‘აკადემია’ რევანშს ეშურებოდა, თუმცა „მხატვრები“ ჯერჯერობით არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებიან (მოედანზეც და ცხრილშიც) და თან ჩემპიონმა ლიდერის პოზიციის დასაბრუნებლად, გუნდის შიგნით საბრძოლო განწყობის ამაღლება და ძალთა მაქსიმალური კონცენტრაცია შეძლო, რაც თვალნათლივ განვლილ შეხვედრაშიც გამოჩნდა.

მეტოქეზე ფიზიკურად უკეთ მომზადებული ჩემპიონი უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდა. დაცვაში ხისტ და საიმედო თამაშს, ‘ლელოს’ მორკინალთა აქტიურობაც დაერთო და ჩემპიონის 6 გატანილი ლელოთა უმრავლესობა სწორედ მათი დამსახურება გახლავთ.

‘ლელომ’ მეტოქეს ტაიმებში 3-3 ლელო გაუნაწილა. პაატა მაისურაძის ბიჭების დამაჯერებელ გამარჯვებას სათავე შუამარბ გიორგი ხაინდრავას ლელომ დაუდო, წერტილი კი მგეზავ გიგი სირბილაძის ლელომ დაუსვა. „დუბლით“-ჩემპიონის მხტომელი გიორგი გურგენიძე გამოირჩა. ჰავბეკ გიორგი სპანდერაშვილს კი მხოლოდ ბოლო გარდასახვა გაუცუდდა – 40:0.

პირველობის ლიდერი ‘ხვამლი’ მარნეულის ‘არმაზს’ მუხიანში დაუხვდა და მატჩი საშური პრემიით – 24:0 მოიგო. მუხიანელები საიმედო დაცვასთან ერთად, ტრადიციულად მაღალი სათამაშო დისციპლინითაც გამოირჩნენ. რატი ურუშაძის შეგირდები სტატიკაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და მუხიანელთა მიერ გატანილი ოთხივე ლელო მორკინალთა აქტიურობის შედეგი გახლავთ.

პირველ ნახევარში ლელოს დადება კვაჭმა ბექა ნეფარიძემ, მხტომელმა ლუკა ტყეშელაშვილმა და მღლეტელმა ნიკა ჯორბენაძემ მოახერხეს. ქვემო ქართლელთა მარცხს კი წერტილი მეორე ტაიმში ბურჯ გიორგი მესხიძის ლელომ დაუსვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘ხვამლის’ კაპიტან ლუკა თაყაიშვილის კარგი თამაში. მუხიანელთა ფულბეკს ოვალი კარგად მოქონდა და ეფექტურ ფინტებთან ერთად, ფეხითაც ჩინებულად ირჯებოდა.

ქუთაისის ‘აიას’ საშინაო შეხვედრას რუსთავის ‘ხარებთან’ ვარჯიშის ელფერი დაკრავდა. რიგ მიზეზთა გამო ქვემო ქართლელებს ლამის ნახევარი ძირითადი შემადგენლობა არ ყავდათ, რამაც მატჩი პრაქტიკულად ცალკარად აქცია. ‘აიამ’ ჯამში 11 ლელო გაიტანა და 74:0 მოიგო.

მასპინძელთა მარბიელმა ომარ ჯანგავაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, შუამარბმა ანზორ სარალიძემ კი პირად აქტივს „დუბლი“ შემატა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘აიას’ კაპიტან შოთა ხელაძის კარგი თამაში. მართალია, რიონისპირელთა მღლეტელს საკუთრივ ლელო არ გაუტანია, სანაცვლოდ თანაგუნდელთა თითქმის ყველა შედეგიან შეტევაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. სეზონში მეექვსე მარცხის მიუხედავად, ‘ხარები’ პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ და მეექვსე ადგილზე მყოფ ‘არმაზს’ 4 ქულით ჩამორჩებიან.

ლიდერთა სამეულის დევნას ‘ბათუმი’ წარმატებით აგრძელებს. აჭარლებმა მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგეს და საკუთარ არენაზე უშანსოდ აუტსაიდერი ‘წიქარა’ დატოვეს. ‘ბათუმი“ სისწრაფეზე, ლაღად მოქმედებდა და 5 გატანილი ლელოდან უმეტესი ნაწილი ხელდახელ თამაშით იქნა დადებული. ასევე, მასპინძელთა მესამე ხაზელთა გარჯაცაა აღსანიშნავი. ‘ბათუმის’ წარმატებას სათავე მარბიელ საბა კილაძის ლელომ დაუდო / კილაძემ „დუბლი“ შეასრულა/, საბოლოო ანგარიში კი მღლეტელის პოზიციაზე მოთამაშე მასპინძელთა კაპიტანის თამაზ დუმბაძის ლელომ დააფიქსირა-30:0. ცხრილში უქულოდ მყოფმა ‘წიქარამ’ მიჯრით მეხუთე შეხვედრაში ვერ მოახერხა ლელოს გატანა, მათგან 2 მატჩი კი დებიუტანტმა სულაც „მშრალი“ ანგარიშით დათმო.

მორიგი ტურის გამორჩეული შეხვედრა მუხიანში გაიმართება. პირველობის ლიდერი ‘ხვამლი’ საკუთარ არენაზე ‘ბათუმს’ უმასპინძლებს.