ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ლიდერთა სამეულში მდგომარეობა უცვლელია

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში კალენდარი „გასწორდა“, რის შედეგად ლიდერობა ‘ლელომ’ შეინარჩუნა. ‘აია’ მეორე ადგილზე დარჩა, ჩემპიონს 2 ქულით ჩამორჩება და თავის მხრივ მდევარ ‘ხვამლს’ 1 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ლიდერთა სამეულს მდევარ ‘ბათუმსა’ და მეორე ადგილზე მყოფ ‘აიას’ შორის სხვაობა სულ 4 ქულაა, რაც იმის მანიშნებელია, რომ რეგულარულ სეზონში მაღალი ადგილის დასაკავებლად და პლეი ოფის სასურველ ბადეში მოსახვედრად ბრძოლა ბოლო ტურამდე უშეღავათო იქნება.

მეცხრე ტურს, ქუთაისში ‘აია’-‘ბათუმის’ გადადებული შეხვედრა უსწრებდა, შემდეგ კი ბათუმში მეტოქეთა მორიგი რკენა უკვე კალენდარული ტურის ფარგლებში გაიმართა. რიონისპირელები და აჭარლები მიმდინარე სეზონში პოდიუმს ეშურებიან და შესაბამისად მეტოქეთა ორივე დაპირისპირება ფიცხელი და უკომპრომისო გამოდგა, თუმცა კოკისპირულმა წვიმამ  ორივე თამაშის ხარისხს თავის მსახვრელი ხელი დაატყო.

‘აია’ საშინაო შეხვედრაში მეტისმეტად ღელავდა, ჩქარობდა, რამაც მასპინძელთა თამაშის ორგანიზაციაზე უარყოფითად იმოქმედა. ‘ბათუმი’ კი სწორად შერჩეული ტაქტიკით პრაგმატულად მოქმედებდა, რამაც გელა ჭოველიძის ბიჭები განსაკუთრებით პირველ ტაიმში ახეირა. სტუმრები ფეხით დარტყმებს კარგად იყენებდნენ და მასპინძლებზე გაცილებით ნაკლებ შეცდომებს უშვებდნენ. მარბიელი საბა კილაძისა და მღლეტელი თამაზ დუმბაძის დადებული ლელოთაგან, ერთი გარდასახვა ფრთა მათე თავდგირიძემ გამოიყენა. მანვე, ცენტრიდან გატანილი არეკნით შესვენების წინ საკუთარი გუნდის უპირატესობა 15-ქულამდე გაზარდა. აჭარელთა მონაგარს მეორე ტაიმში ფრთა მირიან შერვაშიძემ გატანილი ჯარიმაც წაუმატა.

მეორე ნახევარში ‘აია’ გააქტიურდა, შეხვედრის შემოტრიალება სტატიკის ხაჯრზე სცადა, თუმცა მარბიელ ომარ ჯანგავაძისა და მღლეტელ შოთა ხელაძის მოლით გატანილი ლელოთა მეშვეობით მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა. მგეზავ ბაჩანა ძოძუაშვილის ერთმა რეალიზაციამ რიონისპირელებს ნუგეშ-ქულა მოუტანა – 18:12.

1 კვირის თავს მეტოქენი უკვე კალენდარული, მეცხრე ტურის ფარგლებში ერთმანეთს აჭარის დედაქალაქში დაუპირისპირდნენ. გადაუღებელმა წვიმამ თამაშის სანახაობრივი მხარე კვლავ დააკნინა. სველი ოვალის ხშირ წინ ვარდნას, მეტოქეთა მხრიდნ უამრავი ტექნიკური წუნი მოყვა.

პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ნულოვანი ფრით დასრულდა. მეორე ტაიმში, ხაზიდან დროულად გამოტანილი ოვალი აჭარელთა მგეზავმა ირაკლი გოგიამ ფრთა მათე თავდგირიძეს ფეხით კარგად შეუცურა და ‘ბათუმი’ 5:0 დაწინაურდა. დარჩენილ დროში კი სტატიკურ ფაზებში ‘აიას’ უპირატესობა გამოიკვეთა და მატჩის მიწურულს რიონისპირელ მორკინალთა მორიგი მიძალება მარბიელმა საბა ლაღაძემ ლელოდ აქცია, ფრთა გიორგი მანაგაძემ კი ზუსტი გარდასახვით ‘აიას’ რევანში ააღებინა, ნუგეშს კი ამჯერად აჭარლები დაჯერდნენ – 7:5.

‘ლელო’, რუსთავში ‘ხარებს’ ესტუმრა და ქვემო ქართლელებს ტაიმებში 4-4 უპასუხო ლელო გაუნაწილა. ჩემპიონი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, ოვალს კარგად შლიდა და კომბინაციურ სტილში ლელოთა დიდი ნაწილი ხელდახელ თამაშით გაიტანა – 54:0. აღსანიშნავია, რომ პაატა მაისურაძის ბიჭებმა ბოლო 3 შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით მოიგეს, თან პირველობაზე ყველაზე მეტი, 8 მოგება დაუგროვდათ და ზემოთ ხსენებულ პერიოდში ჯამში 155 სამატჩო ქულაც აიღეს. ‘ხარები’ პლეი ოფის ზონას 7 ქულით ჩამორჩნენ და შესაბამისად ელიტაში დარჩენის შანსიც შეუმცირდათ.

უპირატესად ჩემპიონის ჰავბეკთა კარგი თამაშია აღსანიშნავი. ‘ლელოს’ ძირითადის 9-იანმა გიორგი სპანდერაშვილმა, მატჩის პირველ გატანილ ლელოსთან ერთად, პირველ ნახევარში 3 გარდასახვა გამოიყენა. მეორე ტაიმში კი სპანდერაშვილის შემცვლელმა მათე მუმლაძემ „დუბლი“ შეასრულა და ‘ხარების’ მარცხს თავადვე დაუსვა წერტილი.

მუხიანში, ‘ხვამლმა’ ცხრილში უქულოდ მყოფი ‘წიქარა’ ბონუსით – 29:5 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ აუტსაიდერი მეორე ტაიმში აქტიურობდა და დროის დიდი ნაწილი ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდა, რისი რეალიზება მხოლოდ მარქაფადან ჩართული ფრთის დემურ ქარდავას გატანილი ლელოთი მოახერხა. მასპინძლები კი აქცენტს ძალისმიერ თამაშზე აკეთებდნენ და მთლიანობაში 5 დადებული ლელოთა უმეტესობა მორკინალთა აქტიურობას მოჰყვა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გიორგი ბოჩიკაშვილის კარგი თამაში. მუხიანელთა მარბიელმა, მატჩის პირველ და ბოლო გატანილ ლელოებთან ერთად „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და სეზონში საკუთარი გუნდის მეშვიდე გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მუხიანელთა მხრიდან ლელოს დადება ასევე მარბიელმა ლევან ეზიაშვილმა და კვაჭმა ბექა ნეფარიძემ მოახერხეს.

მეცხრე ტური, ვაზისუბანში ‘არმაზი’-აკადემიას’ შეხვედრით დასრულდა. ორივე გუნდი ცხრილის მეორე ნაწილში იმყოფება და მოწინავე კვარტეტს გვარიანად მოწყვეტილ მეტოქეებს რეგულარული სეზონის დარჩენილ შეხვედრებში ბრძოლა ფაქტობრივად მეხუთე ადგილისთვის უწევთ.

ქვემო ქართლელებმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს. ხაზსში მოპოვებულ უპირატესობას, მორკინლათა მწყობრი თამაშიც დაერთო, რაც ბორის აბაშიძის შეგირდთა 5 / მეტოქეზე 3-ით მეტი/ გატანილ ლელოში აისახა. ‘არმაზის’ მგეზავმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგიჩა გოგუამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ბონუსის მომტანი ლელო კი ვიცე-ჩემპიონს ბოლო წუთებზე მასპინძელთა მხტომელმა ლუკას ბაკურაძემ მოლით დაუდო-34:12. ‘არმაზი’ ცხრილში „მხატვრებს“ 15 ქულით გაუტოლდა და უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის ხარჯზე მეხუთე პოზიციაზე პირველად აინაცვლა.

ზამთრის არდადეგებამდე „ოქროს“ ჯგუფში კიდევ ერთი ტური გაიმართება და განსაკუთრებულ ინტერესს ქუთაისში, ცხრილში მეზობლად მყოფების ‘აიასა’ და ‘ხვამლის’ შეხვედრა იწვევს.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე