ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ლიდერთა სამეულმა ტური მოუგებლად განვლო

ჭაბუკთა ‘ბ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მე-12 ტური ლიდერთათვის წარუმატებელი გამოდგა. ‘ხვამლმა’ მეორე მარცხს გაუსინჯა გემო, ‘ლელომ’ და ‘ბათუმმა’ კი ერთურთში სეზონის პირველი ფრე დააფიქსირეს. ამის მიუხედავად, ლიდერმა ‘ლელომ’ მდევარ ‘ხვამლთან’ უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა. ‘აიამ’ კი მესამე ადგილზე მყოფ ‘ბათუმთან’ ჩამორჩენა მინიმუმამდე, 1 ქულამდე შეამცირა. აჭარლები კი თავის მხრივ მუხიანელებს 5-ქულამდე მიუახლოვდნენ.

‘აკადემიამ’ მიჯრით მესამე გამარჯვებით მე-5 ადგილი და პლეი ოფის საგზური ოფიციალურად გაინაღდა და თან მოწინავე კვარტეტში მოხვედრის თეორიული შანსიც შეინარჩუნა. ‘არმიამ’ 8-მატჩა მარცხიანი სერია დაასრულა და სეზონში მეორე მოგებით პლეი ოფის ზონაში, მე-6 ადგილზე აინაცვლა. ‘კოლხი რაინდები’ მე-7 პოზიციაზე დაქვეითდნენ, „არმიელებს“ 3 ქულით ჩამორჩნენ, აუტსაიდერ ‘არმაზს’ კი კვლავინდებურად 5 ქულით უსწრებენ.

‘ლელო’-‘ბათუმის’ ტურის გამორჩეული შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა. მართალია, აჭარლებმა ანგარიშში დაწინაურება ერთხელაც ვერ მოახერხეს, თუმცა ხაზის მოთამაშეთა კარგი თამაშის წყალობით გიორგი სვინტრაძის ბიჭებმა პოზიტიური ანგარიშის დაფიქსირება შეძლეს.

პირველ ნახევარში მეტოქეებმა 2-2 გარდასახული ლელო მიითვალეს. ჩემპიონის რიგებში მარბიელი და კაპიტანი ლუკა საღინაძე და შუამარბი ამირან ბიწკინაშვილი გამოირჩნენ. ბათუმელთა მხრიდან კი ლელოს გატანა შუამარბმა ანრი დევაძემ და კვაჭმა ნიკა ბერიძემ მოახერხეს. გარდასახვები კი ზუსტად მეტოქეთა მგეზავებმა გიგი სირბილაძემ და გიორგი ბერაძემ შეასრულეს.

მეორე ტაიმში სირბილაძის გატანილი ჯარიმით ჩემპიონი გამარჯვებას მიუახლოვდა, თუმცა მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე სტუმრებმა კარგად გასუფთავებული რაქიდან ოვალი დროულად ბერაძეს ამოუტანეს, ვისმა ზუსტად შესრულებულმა არეკნმა საყაიმო ანგარიში დააფიქსირა – 17:17.

„აია არენაზე“, ‘აია’-‘ხვამლის’ შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. რიონისპირელებმა მუხიანელები ფულბეკ გიგა ყიფშიძის გატანილ კინკილა ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი ბურჯ საბა ზოსიაშვილის დადებულ ლელოს, ფულბეკ საბა შარვაშიძის ზუსტი გარდასახვა და ჰავბეკ თეიმურაზ ძოძუაშვილის გატანილი ჯარიმაც დაურთვეს, რამაც გიგი თოდუას ბიჭებს 10-ქულიანი უპირატესობა არგუნა.

მართალია, მეორე ტაიმის დებიუტში ყიშფიძის გატანილი ჯარიმით რატი ურუშაძის ბიჭებმა 4-ქულამდე შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, თუმცა მასპინძელთა მორკინალების აქტიური თამაშის წყალობით, მარბიელ ბადრი ნებიერიძის გარდასახული ლელოთი ‘აია’ 11 ქულით დაწინაურდა. ‘ხვამლი’ ბოლომდე იბრძოდა და მატჩის მიწურულს მარქაფადან ჩართული მარბიელის გიორგი ბოჩიკაშვილის გატანილი ლელოთი ნუგეშ-ქულას გამორჩა – 17:13.

„რაგბი პლატოზე“, აუტსაიდერმა მარნეულის ‘არმაზმა’ ჯეროვანი წინააღმდეგობა მასპინძელ ‘აკადემიას’ მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია. ქვემო ქართლელთა ბურჯ ილია ჭედიას ლელო შუამარბმა ნიკოლოზ კოზანაშვილმა გარდასახა, რასაც გატანილი ჯარიმაც დაურთო. „მხატვართა“ მხრიდან კი მგეზავ დემეტრე დევდარიანისა და ბურჯ იოანე გიუნაშვილის ლელოთა წყალობით, მასპინძლები შესვენებაზე 2-ქულიანი სხვაობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში ბესიკ ჩინჩალაძის შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე ‘არმაზს’ ძალისმიერი 2 ლელო დაუდეს. თავი ჯერ მასპინძელთა კვაჭმა გიორგი აღნიაშვილმა გამოიჩინა, მატჩის მიწურულს კი ბურჯ ალექსანდრე შარიქაძის გატანილმა ლელომ „მხატვრებს“ შეხვედრა პრემიალური ქულით მოაგებინა – 24:10.

„რაგბი ჭალაზე“, პლეი ოფის ვაკანტური საგზურისათვის მებრძოლ ‘არმიასა’ და ფოთის ‘კოლხი რაინდების’ პირველი ნახევარი სტუმართა მცირე უპირატესობით წარიმართა. მეტოქეებმა 1-1 ლელოს (‘არმიადან’ ფრთა აკაკი დევაძე, ‘კოლხი რაინდებიდან’ შუამარბი ლუკა დანელია) გატანა მოახერხეს, თუმცა კოლხთა მგეზავ ალიკა აბულაძის ზუსტი გარდასახვითა და 2 გატანილი ჯარიმით ფოთელები შესვენებაზე 5-ქულიანი სხვაობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში „არმიელთა“ უპირატესობა გამოიკვეთა, რამაც გია ჯავახიშვილის ბიჭებს მიჯრით 16 უპასუხო ქულის აღების შესაძლებლობა მისცა. მასპინძელთა მხტომელმა გიორგი გიაშვილმა და ბურჯმა ლაშა ბასილაძემ პირად აქტივს ლელოები შემატეს. კოლხები მარცხს არ ეგუებოდნენ და ბოლო წუთებზე მარბიელმა საბა კუმარიტოვმა ინდივიდუალური გარღვევის შედეგად მასპინძლებს ეფექტური ლელოც დაუდო, თუმცა გაცუდებულმა გარდასახვამ ფოთელები სამატჩო ქულის გარეშე დატოვა – 26:18.

მორიგ, რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტურში განსაკუთრებულ ინტერესს მუხიანში, ‘ხვამლისა’ და ‘ლელოს’ შეხვედრა იწვევს.