ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელო’ ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეორე ტურის შემდეგ ‘ლელომ’ ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. ჩემპიონი, მონაწილეთა შორის ერთადერთი გუნდია, რომელმაც პირველობის ორივე სადებიუტო შეხვედრაში მოახერხა პრემიის აღება. ლელოს მსგავსად, ასევე 2-2 გამარჯვება ‘ხვამლმა’ და ‘ბათუმი-1’-მა მოიპოვეს. ბრინჯაოსმედალოსანი მუხიანელები აჭარლებს 1 ქულით უსწრებენ და ასევე ერთით ჩამორჩებიან ლიდერს.

ვიცე-ჩემპიონმა ‘აიამ’ პირველი გამარჯვება იზეიმა, 5 ქულით ცხრილის შუაწელს იმყოფება და მდევარ ‘აკადემიას’ 1 ქულით უსწრებს. ‘კოლხი რაინდები’, ‘არმია’ და ‘არმაზი’ მოუგებლად არიან, თუმცა ფოთელებმა სტარტზე 2-ნუგეშ ქულა გამოიმუშავეს, პირველი სამატჩო ქულა „არმიელებმაც“ მოიპოვეს, უქულოდ მყოფი ‘არმაზი’ კი ცხრილის ბოლო ადგილზე განთავსდა.

მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’ დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემიას’ მესამე მასივში მდებარე მშობლიურ არენაზე დაუპირისპირდა. „მხატვრებმა“ ფავორიტს ტოლი არ დაუდეს და პირველ ნახევარში კვაჭ გიო აღნიაშვილის ლელოთი ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს. ჩემპიონს მხსნელად კვაჭი დავით არჩვაძე მოევლინა, ვის მიერ  შესრულებული „დუბლის“ წყალობით ‘ლელო’ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ტემპს უმატეს და მარბიელ შოთა გვრიტიშვილისა და მარქაფადან, მგეზავის პოზიციაზე ჩართულ საბა ვერულაშვილის ლელოთა წყალობით უპირატესობა გაზარდეს. ‘აკადემია’ ჩემპიონს არ ნებდებოდა და „მხატვრათა“ კაპიტანმა პეტრე მელიამ მოახერხა ლელოს გატანა, რამაც პაატა მაისურაძის შეგირდები ბონუსის დაკარგვის საშიშროების წინაშე დააყენა. მატჩის ბოლო წუთებმა ‘ლელოს’ იერიშებში ჩაიარა და პრაქტიკულად ბოლო შეტევაში შეძლო მასპინძელთა კაპიტანმა ლუკა საღინაძემ მეტოქის ხაზის გაჭრა და პრემიალური ქულის მომტანი ლელოს დადება, რამაც ჩემპიონს ცხრილის სათავეში ერთპიროვნული ლიდერობა შეუნარჩუნა – 38:12.

ვიცე-ჩემპიონმა ‘აიამ’ მძიმედ დაიწყო ჩემპიონატი. ‘აკადემიასთან’ სადებიუტო მარცხის შემდეგ რიონისპირელებმა ‘კოლხი რაინდებთან’ ურთულესი ბრძოლა გადაიტანეს და საშინაო შეხვედრაში დაგეგმილი ბონუსის აღებაც ვერ შეძლეს. პირველ ნახევარში მეტოქეებმა მხოლოდ 1-1 ჯარიმის გატანა მოახერხეს. მეორე ტაიმში ლევან თხელიძის შეგირდებმა ტემპს უმატეს, რასაც ფრთა საბა ჭეიშვილისა და მარბიელ ლუკა ნარსიას ლელოები მოჰყვა. ‘აიას’ ჰავბეკ თეიმურაზ ძოძუაშვილის გატანილმა წყვილმა ჯარიმამ მასპინძელთა უპირატესობა 10-ქულამდე გაზარდა, თუმცა ბოლომდე მედგრად მებრძოლი კოლხების კვაჭ გიგი მირცხულავას პრქტიკულად ბოლო შეტევაში დადებულმა ლელომ როლანდ ჩაჩავას ბიჭებს ნუგეშ-ქულა მოუპოვა – 16:13.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კოლხთა მგეზავ ალიკა აბულაძის ჩინებული თამაში. ზუსტად შესრულებულ გარდასახვასთან ერთად, აბულაძემ წყვილი ჯარიმაც გაიტანა და ქომაგს თავი ეფექტური ქმედებებითა და ფეხით საუცხოო თამაშით დაამახსოვრა.

მუხიანში, „ხვამლი არენაზე“ მარნეულის ‘არმაზმა’ რატი ურუშაძის ბიჭებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ბრინჯაოსმედალოსანი მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდა უპირატესობას, რაც მასპინძელთა 6 გატანილ ლელოშიც აისახა. შეხვედრის გამორჩეულმა მოთამაშემ, ‘ხვამლის’ ფულბეკმა გიგა ყიფშიძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და 3 გარდასახვაც გამოიყენა. დაცვაში საიმედო და ხისტი თამაშის წყალობით მუხიანელებმა პირველობის სადებიუტო შეხვედრებში მეტოქეებს ლელოს დადების შესაძლებლობა არ მისცეს, ხოლო განვლილ შეხვედრაში ქვემო ქართლელები შუამარბ დავით არავიაშვილის მეორე ტაიმში გატანილ წყვილ ჯარიმას დააჯერეს – 36:6.

„რაგბი ჭალაში“, ‘არმიასა’ და ‘ბათუმი-1“-ის დაპირისპირება უშეღავათო და შედეგიანი გამოდგა. გუნდები უპირატესობას ლაღ, ღია თამაშს ანიჭებდნენ და ფეხითაც კარგად მოქმედებდნენ. მეტოქეებმა მთლიანობაში 4-4 ლელოს დადება მოახერხეს. „არმიელთა“ მხრიდან მხტომელმა შოთა შენგელიამ და შუამარბმა დავით ბარბაქაძემ „დუბლი“ გაახერხეს. ასევე „დუბლით“ გამოირჩა ბათუმელთა მგეზავი გიორგი ბერაძე, ვინაც 3 გარდასახვა გამოიყენა. მატჩის ბედი კი „გაწითლებულ“ დროში გადაწყდა. აჭარელთა კვაჭმა ნიკა ბერიძემ კარგად ჩათამაშებული ოვალი ლელოდ აქცია და მასპინძელი „არმიელები“ ოდენ ნუგეშს დააჯერა – 26:24.