ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელო’ კვლავ ჩემპიონია!

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის ტიტულის მფლობელს ‘აია’-‘ლელოს’ შეხვედრა არკვევდა. რიონისპირელებმა რეგულარულ სეზონში იპირველეს და დებულების თანახმად ჩემპიონთან გადამწყვეტი შეხვედრა მშობლიურ არენაზე ჩაატარეს. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნურსაფარიანმა მოედანმა გუნდებს გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა და მატჩის სანახაობრივ მხარესაც თავისი დაღი დაასვა.

მეტოქეებმა ფინალამდე პლეი ოფის ორივე სტადია დაუმარცხებლად განვლეს. სეზონის ჯგუფურ ეტაპზე კი ერთურთთან წარმატებას საკუთარ არენებზე მიაღწიეს. პირველ წრეში ‘ლელომ’ (14:12) იმარჯვა, მეორე წრეში კი ‘აიამ’ ( 12:8 ) რევანში აიღო. ‘ლელო’ სატიტულო შეხვედრას მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა. პაატა მაისურაძის ბიჭებს 2014 წლიდან მოყოლებული ტიტული 4-გზის ქონდათ მოპოვებული, ‘აიამ’ კი ქვეყნის ჩემპიონატი ბოლოს 2015 წელს მოიგო.

მატჩი ‘ლელოს’ იერიშებით დაიწყო. ჩემპიონი, მასპინძლებზე უფრო „მსუბუქი“ გუნდია და შესაბამისად პაატა მაისურაძის შეგირდები მოედანზე უკეთ გადაადგილდებოდნენ და სტუმართა ხაზიც უკეთ ირჯებოდა. მე-10 წუთზე კარგად ჩამოყალიბებული მოლიდან ‘ლელომ’ ოვალი დროულად გამოიტანა და გუნდის კაპიტან გიორგი ხაინდრავას შეჩერება ‘აიამ’ ვერ მოახერხა. ‘ლელოს’ მგეზავ გიგი სირბილაძეს ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა არ გაჭირვებია. 5 წუთის შემდეგ რიონისპირელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. სტუმართა 5-მეტრიანთან საკუთარი დერეფანიდან აგორებული მოლით ‘აიამ’ ძალისმიერი ლელო გაიტანა, რომელიც შუამარბმა გიორგი მანაგაძემ ზუსტად გარდასახა.

‘ლელომ უპირატესობა დაიბრუნა, რაქიდან კარგად გამოტანილი ოვალით  ხაზი სტუმართა მღლეტელმა ნიკა აბესაძემ გაჭრა და მეტოქეს ლელო ძელებს შუა დაუდო. გიგი სირბილაძემ კი გარდასახვას, ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმაც მიაყოლა და ჩემპიონი შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით (17:7) წავიდა.

მეორე ტაიმი ‘აიამ’ აქტიურად დაიწყო და მთავარი აქცენტი კვლავ სტატიკაზე გააკეთა. მასპინძელთა მძლავრი მიძალების შედეგად მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისათვის მთავარმა მსაჯმა ‘აიას’ სასარგებლოდ საჯარიმო ლელო დააფიქსირა. 55-ე წუთზე კი უგრძესი მოლის შედეგად ფრთაზე სწრაფად ჩატანილი ოვალი ‘აიას’ მარბიელმა ომარ ჯანგავაძემ ლელოდ აქცია. მახვილი კუთხიდან გარდასახვა მასპინძლებს გაუცუდდათ და ‘აია’ მატჩში (19:17) პირველად დაწინაურდა.

ჩემპიონი არ შედრკა და შეხვედრის ბოლო წუთები გააფთრებულ იერიშებში გაატარა. პრაქტიკულად ბოლო შეტევაში ‘ლელომ’ ფაზები კარგად აკინძა და თან ხაზის გაჭრაც მოახერხა, რასაც მოედნის კიდესთან სტუმართა ფულბეკ გოჩა ხურციძის ლელო მოჰყვა. გიგი სირბილაძემ კი მახვილი კუთხიდან ზუსტი გარდასახვით თანაგუნდელთა საჩემპიონო გამარჯვება დააფიქსირა – 24:19.

37 წლის პაატა მაისურაძემ უმცროს ჭაბუკთა ლიგაში ‘ლელოს’ სათავეში გატარებულ მეორე სეზონშიც მოახერხა ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რაშიც უდაოდ ნიჭიერ დამრიგებელს დიდი სამსახური მისმა თანაშემწე ზურაბ ხობალაძემ გაუწია.

ბრინჯაოს მედლის მფლობელი ‘ხვამლი’-‘ბათუმის’ შეხვედრაში გაირკვა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებს ერთმანეთი სტუმრად ყავდათ დამარცხებული. რეგულარულ სეზონში დაკავებული მაღალი ადგილის გამო, ‘ხვამლი’ მასპინძლობის უფლებით სარგებლობდა და შესაბამისად მატჩიც მუხიანში, „ხვამლი არენაზე“ გაიმართა.

სტუმრებმა აქტიურად და ლაღად დაიწყეს შეხვედრა. ბურჯ ლაშა მადოიშვილის დადებული ლელოსა და ფრთა მათე თავდგირიძის გატანილი ჯარიმის წყალობით ‘ბათუმი’ 8-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა. გამოჩენილი ბორჯღალოსანის რატი ურუშაძის დროულმა კორექტივებმა ‘ხვამლს’ თამაშის დალაგებისა და უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა მისცა. დაცვაში გამკაცრებულ და საიმედო თამაშთან ერთად, მასპინძლები აქცენტს უპირატესად სტატიკაზე აკეთებდნენ. შერკინებასა და მოლში ‘ხვამლის’ მორკინალებმა მეტოქე აშკარად დაჩაგრეს და დარჩენილ დროში თავდგირიძის გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერეს.

‘ხვამლის’ კვაჭმა და კაპიტანმა ბექა ნეფარიძემ მოლით ლელოს გატანა ორივე ტაიმში მოახერხა. მუხიანელთა ჰავბეკმა მამუკა ნადარაიამ კი ზუსტ გარდასახვას 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო, რამაც ‘ხვამლს’ პოდიუმი 3-წლიანი პაუზის შემდეგ მოუტანა – 16:11. აღსანიშნავია, რომ მუხიანელებმა ბოლო 5 წლის მანძილზე უმცროს ჭაბუკებში სამივე სინჯის მედლის მოპოვება მოახერხეს.

‘ხვამლის’ ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის გუნდთან ნაყოფიერი მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ რატი ურუშაძე მუხიანელთა უმცროს ჭაბუკებს სათავეში გასულ ზაფხულში ჩაუდგა და უმოკლეს პერიოდში პრაქტიკულად ახალი, ბრძოლისუნარიანი კოლექტივი შეკრა. ‘ხვამლმა’ სეზონი სტაბილურად განვლო და ბრინჯაოს მედლებსაც დამსახურებულად დაეუფლა. მარცხისა და პოდიუმს მიღმა დარჩენის მიუხედავად, ‘ბათუმმა’ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აჭარელთა დამრიგებელმა გელა ჭოველიძემ გუნდს საფუძველი წლების წინ ჩაუყარა და ბიჭებიც გვარიანად დააფრთიანა. ‘ბათუმის’ პროგრესი და მომატებული თამაშის ხარისხი აჭარაში მოზარდთა და ჭაბუკთა რაგბის განვითარების (ჭაბუკთა ‘ა’ ლიგაში ‘ბათუმი’ ხუთეულში მოხვდა) სწორ მიმართულებასა და სამომავლო პერსპექტივაზე ნათლად მეტყველებს.

 

ფოტო: ალექსანდრე კეზევაძე