ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელო’ ერთპიროვნულად გალიდერდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მესამე ტური ვაზისუბანში, ‘არმაზისა’ და ‘ლელოს’ შეხვედრით, დამაინტრიგებლად დაიწყო. მატჩის პირველივე წუთზე ქვემო ქართლელებმა მეტოქის ფრთას დაუფარეს, რითაც კარგად ისარგებლა მასპინძელთა შუამარბმა ვაჩე კურკაციშვილმა და სისწრაფეზე დადებული ლელოთი საკუთარ გუნდს დებიუტშივე 7-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ჩემპიონმა უპირატესობა მეთოდურად  მოიპოვა. ზურაბ ხორბალაძის (მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი) შეგირდები რაქში უკეთ გამოიყურებოდნენ, ოვალს კარგად შლიდნენ და სივრცეზე მოპოვებული უპირატესობით ‘არმაზს’ სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ. კაპიტან გიორგი ხაინდრავასა და მარბიელ ლუკა საღინაძის ლელოთა წყალობით ჩემპიონმა ტაიმი 12:7 მოიგო.

‘არმაზი’ მეორე ტაიმში გარდატეხის შეტანას მოლით ცდილობდა და ერთხელ საწადელსაც მიაღწია. დაცვით მოლში შექმნილი პრობლემის მიუხედავად, ‘ლელო’ თამაშს სრულად აკონტროლებდა, რაც ბურჯ რეზი ხარაიშვილის, მხტომელ მიხეილ შიოშვილისა და გიორგი გურგენიძის გატანილ ლელოებში აისახა. მღლეტელმა გურგენიძემ კარგად მოწყობილი მოლი ბოლო წუთზე ბონუს-ქულის მომტანი ლელოთი დააგვირგვინა – 33:12. სტუმართა ფულბეკმა გიორგი სპანდერაშვილმა 4 გარდასახვა გამოიყენა. ‘ლელომ’ 14 ქულა დააგროვა და 3 ტურის თავს სატურნირო ცხრილს სათავეში ეულად ჩაუდგა.

ქუთაისის ‘აიას’ კოვიდ მოხდილი მოთამაშეები დაუბრუნდნენ და რიონისპირელებმა სეზონის სადებიუტო შეხვედრა ‘ხვამლთან’ სრული შემადგენლობით ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის დამრიგებლებს სეზონის წინ პრაქტიკულად ახალი კოლექტივების შექმნა მოუხდათ. როგორც მუხიანელთა, ასევე რიონისპირელთა რიგებში საფესტივალო ასაკიდან დაწინაურებული მორაგბეები ჭარბობენ.

‘აია’ აქცენტს სტატიკაზე აკეთებდა და შერკინებაში საგრძნობ უპირატესობასთან ერთად, მეტოქეს დერეფანშიც ჯობნიდა. მართალია, რიონისპირელებმა სულ 2 ლელოს გატანა მოახერხეს (მღლეტელი ომარ ჯანგავაძე და მარბიელი დავით ლაგვილავა), თუმცა დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გაჭირვებიათ – 14:8. ლელოს ავტორებთან ერთად, კარგი თამაშით ‘აიას’ კვაჭი და კაპიტანი შოთა ხელაძეც გამოირჩა, ვინაც საკუთარი გუნდის თითქმის ყველა ძალისმიერ შეტევას დაუდო სათავე. ‘ხვამლმა’ ბოლომდე მედგრად იბრძოლა და მატჩის მიწურულს მარქაფადან ჩართული კვაჭის გიგი კოშაძის დადებული ლელოთი ნუგეშ-ქულას გამორჩა. მუხიანელთა ფულბეკმა ლუკა თაყაიშვილმა კი საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ‘ხვამლის’კაპიტანმა ხაზი რამდენჯერმე გაჭრა და არაორდინალური, სწრაფი გადაწყვეტილებებით რიონისპირელებს  პრობლემები მთელი შეხვედრის გამავლობაში არ მოაკლო.

‘ბათუმმა’ სეზონის მეორე შეხვედრა აღმავლობით ჩაატარა და აჭარის დედაქალაქში ვიცე-ჩემპიონი ‘აკადემია’ უშანსოდ დატოვა – 32:0. გელა ჭოველიძის ბიჭები უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ. დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად მასპინძლები „მხატვრებს“ შერკინებაში, რაქსა და ხელით თამაშში აღემატებოდნენ. ‘აკადემიას’ მდგომარეობა ოვალის ხშირმა ვარდნამაც გაართულა.

‘ბათუმმა“ მეტოქეს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა. პირველ ნახევარში ბურჯი საბა ფუტკარაძე და მღლეტელი თამაზ დუმბაძე გამოირჩნენ, მეორე ტაიმში კი ლელოს დადება მარბიელმა გიორგი ირემაძემ და მარქაფადან ჩართულმა ფულბეკმა მირიან შერვაშიძემ მოახერხეს. მასპინძელთა ფრთა მათე თავდგირიძემ 3 გარდასახვას ჯარიმაც დაურთო, მგეზავი ირაკლი გოგია კი პირველი ტაიმის მიწურულს ჩინებული არეკნით გამოირჩა. პირველი გამარჯვებითა და აღებული ბონუსით, ‘ბათუმი’ ცხრილში 6 ქულით ‘ხარებთან’ ზიარად 4-5 ადგილებს ინაწილებს. მომდევნო ტურში ჭოველიძის ბიჭებს მოქმედ ჩემპიონ და ლიდერ ‘ლელოსთან’ ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ‘აკადემია’ კი მარცხის მიუხედავად, 8 ქულით ცხრილში მესამე ადგილზე დარჩა და მეორე პოზიციაზე მყოფ ‘ხვამლს’ 2 ქულით ჩამორჩება.

რუსთავის ‘ხარები’ თბილისის ‘წიქარას’ ქვემო ქართლის დედაქალაქში დაუხვდნენ და დებიუტანტის წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხეს. პირველ ნახევარში მეტოქეებმა თითო ჯარიმის გატანა მოახერხეს და მწირქულიანი ტაიმიც ფრედ – 3:3 დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რაც ლაშა კაკაბაძის შეგირდთა 4 უპასუხო ლელოში აისახა. ‘ხარებმა’ სისწრაფეს უმატეს, ოვალს კარგად შლიდნენ და მეტოქეს შერკინებაშიც ჯაბნიდნენ. ქვემო ქართლელთა მარბიელმა ლუკა წიკლაურმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, რასაც მასპინძელთა კიდევ ერთი მარბიელის, ცოტნე ჭანტურიას გატანილი ლელოც დაერთო – 31:3. ლიგის მონაწილეთა შორის ერთადერთი უქულოდ მყოფი ‘წიქარა’ ცხრილის ბოლო საფეხურზე რჩება.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე