ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელო’ არდადეგებზე ლიდერად წავიდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის ჩემპიონი ‘ლელო’ არდადეგებზე ლიდერად წავიდა და მასსავით 7 შეხვედრის მომგებ მდევარ ‘ხვამლს’ 5 ქულით უსწრებს. ‘ხვამლი’, ჩემპიონს ესოდენ სოლიდური სხვაობით ბონუს-ქულათა სიმწირის ქონის გამო ჩამორჩა. მუხიანელებს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 პრემიალური ქულა აქვთ აღებული. მესამე ადგილზე მყოფმა ‘ბათუმი’-1-მა ‘ხვამლთან’ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

ვიცე-ჩემპიონი ‘აია’ მიჯრით 3 მოგების შემდეგ, 22 ქულით მოწინავე კვარტეტში დამკვიდრდა და მეხუთე პოზიციაზე მყოფ ‘აკადემიას’ 5 ქულით გაუსწრო. ბოლო ტურში აღებულმა ნუგეშ-ქულამ ‘კოლხი რაინდები’ 9 ქულით პლეი ოფის ზონაში, მეექვსე პოზიციაზე დააბრუნა. ცხრილის ბოლო 2 საფეხურზე მყოფნი ‘არმია’ და ‘არმაზი’ კოლხებს სულ 1 ქულით ჩამორჩებიან.

„ოქროს“ ჯგუფის მერვე ტური არასრული გამოდგა. ‘ბათუმი’-1-ს მარნეულის ‘არმაზი’ არ გამოუცხადდა. სეზონის ვირუსული გრიპით ინფიცირებულ და ტრავმირებულ მორაგბეთა არ ყოლის გამო, ქვემო ქართლელებმა სამატჩო შემადგენლობის თავმოყრა და აჭარის დედაქალაქში გამგაზვრება ვერ შეძლეს. დებულების თანახმად, ბათუმელებს პრემიალური ქულის თანხლებით – 30:0 მოგება გაუფორმდათ.

პირველობის ლიდერმა ‘ლელომ’ დედაქალაქურ დერბიში ‘არმიას’ მესამე მასივში უმასპინძლა. ჩემპიონი პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და პირველ ნახევარში 26 უპასუხო ქულაც მიითვალა. მეორე ტაიმში პაატა მაისურაძემ მარქაფას თავის გამოჩენის შანსი მისცა, რამაც ‘არმიელები’ მცირედით „ამოასუნთქა“.

‘ლელო’ უპირატესად ხელდახელ თამაშს ეძალებოდა, თუმცა ჩემპიონს არც მოლსა და რაქში თამაში დაეწუნებოდა. ლიდერმა მთლიანობაში 7 ლელო გაიტანა. ფავორიტის წარმატებას სათავე მარბიელმა ლუკა საღინაძემ დაუდო, წერტილი კი შუამარბმა დავით ახვლედიანმა დაუსვა. ‘ლელოს’ კვაჭმა დავით არჩვაძემ კარგად ჩამოყალიბებული მოლით „დუბლის“ შესრულება მოახერხა. ‘არმია’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან მეორე ტაიმში ბურჯ დიმიტრი დევიძის გატანილმა ლელომ იხსნა – 41:7.

„ხვამლი არენაზე“, ფოთის ‘კოლხი რაინდებმა’ პირველობის სადებიუტო შეხვედრის მსგავსად, ‘ხვამლს’ ამჯერზეც დიდი ბრძოლა გაუმართეს. შეხვედრის დებიუტი სტუმართა უპირატესობით აღინიშნა. კოლხთა მგეზავმა ალიკა აბულაძემ ჯერ ჯარიმა გაიტანა, შემდეგ კი გუნდის კაპიტან იოანე ბასილაიას დადებული ლელოც გარდასახა და თანაგუნდელები 10-ქულიანი სხვაობით დააწინაურა. მუხიანელთა ბორჯღალოსანი დამრიგებლის რატი ურუშაძის შეტანილმა კორექტივებმა მასპინძელთათვის სასურველი შედეგი დროულად გამოიღო. ‘ხვამლმა’ დაცვაში თამაში გაამკაცრა და თან შერკინებაში მაქსიმალური ხეირიც ჰპოვა.

მასპინძელთა კვაჭმა გიგი კოშაძემ, კარგად ჩამოყალიბებული მოლით წყვილი ლელოს გატანა მოახერხა. მუხიანელთა ფულბეკმა გიგა ყიფშიძემ ორივე ზუსტად შესრულებულ გარდასახვას, გატანილი ჯარიმაც დაურთო, რასაც კოლხებმა მეორე ტაიმის შუაწელს აბულაძის ეული ჯარიმით უპასუხეს – 17:13. სტუმართა დიდი მცდელობის მიუხედავად, დარჩენილ დროში ‘ხვამლს’ სასურველი შედეგის შენარჩუნება არ გაჭირვებია.

ქუთაისში ძლიერმა ქარმა ‘აიასა’ და აკადემიას’ დიდი პრობლემები შეუქმნა. გამძვინვარებულმა ტაროსმა მეტოქეებს ტექნიკური წუნი გაუორმაგა. ოვალის ხშირ წინ ვარდნასთან ერთად, გუნდები შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში არაზუსტი გადაცემებითაც სცოდავდნენ, რამაც მატჩის მწირი შედეგიანობა განაპირობა. ისიც აღსანიშნავია, რომ მხტომელ გიორგი აბაშიძის წითელი ბარათით გაძევების გამო (მაღალი ბოჭვა), რიონისპირელებს ტაიმზე მეტი დროით კაცნაკლულებს მოუხდათ ბრძოლა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში 8 უპასუხო ქულა აიღეს. ‘აიას’ მგეზავ თემურ ძოძუაშვილის გატანილ ჯარიმას, რაქიდან დროულად გამოტანილი და ფრთაზე ჩათამაშებული ოვალით, საბა ციბაძის დადებული ლელო მოჰყვა. შესვენების შემდეგ მატჩის სურათი დიდად არ შეცვლილა. ‘აკადემიას’ შუამარბ დემეტრე დევდარიანის გატანილ ჯარიმას, თემურ ძოძუაშვილმა ზუსტად შესრულებული საპასუხო ჯარიმა შეაგება, რამაც „მხატვრები“ სამატჩო ქულის გარეშე დატოვა – 11:3.