ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელოს’ კარანტინმა ‘აია’ ლიდერად აქცია

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეათე ტური არასრული გამოდგა. ‘ლელოს’ 4 მოთამაშეს კოვიდი დაუდასტურდა და გუნდი კარანტინში გადავიდა, რის გამოც პაატა მაისურაძეს საწვრთნელი პროცესი იძულებით გაუჩერდა და ‘არმაზსთან’ შეხვედრაც გადაუვადდა. მოქმედი დებულების თანახმად, პირველობაზე მონაწილე გუნდის რიგებში 3 და მეტი მორაგბის კოვიდინფიცირების შემთხვევაში თამაში გადადებულად ცხადდება.

სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტს ‘ლელო’-არმაზის’ მატჩის გამართვა 22 დეკემბერს აქვს განზრახული და ზამთრის არაოფიციალური ჩემპიონის ვინაობას სწორედ ხსენებული შეხვედრა განსაზღვრავს. ჩემპიონი, ლიდერად ქცეულ ‘აიას’ ცხრილში 2 ქულით ჩამორჩება და ქვემო ქართლელებთან ნებისმიერი სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში ზამთრის არდადეგების წინ ცხრილის სათავეს დაუბრუნდება.

ლიდერ ‘ლელოს’ უთამაშებლობით ‘აიამ’ ისარგებლა. ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, რიონისპირელებმა ცხრილში მეზობლად მყოფ ‘ხვამლს’ უმასპინძლეს და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს-29:15. შეხვედრა ძლიერი ქარის თანხლებით წარიმართა, რის გამოც  მეტოქეებს აქცენტის გაკეთება უპირატესად სტატიკაზე მოუხდათ.

შერკინებაში ‘აია’ უპირატესობას ფლობდა და მასპინძელთა 5 გატანილი ლელოდან / ‘ხვამლმა’ 3 ლელოს დადება მოახერხა/ უმეტესი ნაწილი სწორედ მორკინალთა აქტიურ თამაშის შედეგი გახლავთ.  განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლევან კეპულაძის საუცხოო თამაში. რიონისპირელთა მხტომელს გატანილ ლელოსთან ერთად დერეფანში, რაქსა და მოლში ბადალი არ ყავდა. მატჩის ბოლო ლელოც კეპულაძის აქტიური და ნაყოფიერი გარჯის შედეგი გახლდათ. ‘აიას’ მეორე ხაზელის მიერ მოგებული მეტოქის დერეფანიდან ჩამოყალიბებულ მოლს, მასპინძელთა ბურჯ ავთო ქიმუცაძის დადებული ლელო და ‘აიას’ სეზონში პირველად გალიდერება მოჰყვა.

‘ხვამლის’ სეზონში მესამე მარცხით ‘ბათუმმა’ იხეირა. ზღვისპირელები, ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემიას’ დაუპირისპირდნენ და ვიცე-ჩემპიონი პრემიალური ქულის თანხლებით დაამარცხეს-24:10. სწორედ აღნიშნულმა ბონუსმა, გელა ჭოველიძის ბიჭებს ცხრილში მესამე პოზიციაზე დაბრუნების შესაძლებლობა მისცა. აჭარლებმა, ‘ხვამლის’ მსგავსად პირველობაზე 7 შეხვედრა მოიგეს, თუმცა მუხიანელებს ცხრილში 1 ქულით აღემატებიან.

„მხატვრებთან“ შეხვედრაში აჭარელთა წარმატებას სათავე ფულბეკ ნიკა სირაძის ლელომ დაუდო. ‘აკადემია’ შეუპოვრად იბრძოდა და მარბიელ იოანე გიუნაშვილის ლელოს, მგეზავ თომა იმედაშვილის ზუსტად შესრულებული გარდასხვა+ჯარიმაც დაერთო, რამაც სტუმართა უპირატესობა 2-ქულამდე შეამცირა. ‘ბათუმს“ მხსნელად გიორგი ირემაძე მოევლინა. აჭარელთა მარბიელმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და საკუთარი გუნდის რთულ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. სტუმრებმა 4 გატანილი ლელოდან, 3 ხელდახელ თამაშით დადეს. ‘აკადემია’ ცხრილში მეექვსე საფეხურზე რჩება და ‘არმაზს’ მეხუთე ადგილს უარესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო უთმობს.

პირველობის აუტსაიდერი ‘წიქარა’ კვლავაც მოუგებელია, თუმცა დებიუტანტმა პირველი სამატჩო ქულის აღება მოახერხა და „რაგბი ჭალაში“ რუსთავის ‘ხარებს’ დიდი ბრძოლა გაუმართა. მართალია, ‘წიქარა’ პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, ფულბეკ გიორგი ჩხაიძის მოწყობილი სწრაფი რეიდით ანგარიშშიც დაწინაურდა და მეტოქის 5-მეტრიანს არაერთგზის უწია, თუმცა კრიტიკულ მომენტში ‘ხარებმა’ თავი კარგად დაიცვეს / ოვალი დროულად ჩახურეს/ და ფულბეკ ლაშა მოლაშვილის შესრულებული „დუბლით“ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში ქვემო ქართლელებმა მარქაფადან ჩართული შუამარბის ნიკა ქურიძის ლელოთი უპირატესობა გაიღრმავეს. მატჩის მიწურულს კი კაპიტან ბექა ჯინჭველაძის გარდასახული ლელოთი დებიუტანტმა ნუგეშ-ქულის გამომუშავება მოახერხა-15:12.

‘ხარებმა’ სეზონში მეორე გამარჯვებითა / ორივეჯერ ‘წიქარას’ ძლიეს/ და 12 ქულით ცხრილში ‘არმაზსთან’ და ‘აკადემიასთან’ ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირეს, რითაც ლაშა კაკაბაძის შეგირდებმა პლეი ოფში მოხვედრის გარკვეული შანსი შეინარჩუნეს და თუ რამდენად რეალური?! ამ კითხვაზე პასუხს მნიშვნელოვან წილად პირველობის განახლებისთანავე გასამართი ‘არმაზი’-‘ხარების’ რეგიონული დერბი გასცემს.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე