ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელომ’ ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის ჩემპიონ-პრიზიორები თბილისსა და ქუთაისში გამართულმა შეხვედრებმა გაარკვია. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში „აია არენას“ ბუნებრივსაფარიან მოედანზე ‘აია’ და ვიცე-ჩემპიონი ‘ხვამლი’ დაუპირისპირდნენ. ჩემპიონის ტიტულის მფლობელი კი დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ კი ჩემპიონი ‘ლელო’ ტიტულს დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემიასთან’ იცავდა.

აღსანიშნავია, რომ „მხატვრებმა“ ფინალს 11-წლიანი პაუზის შემდეგ უწიეს. ‘ლელომ’ კი ბოლო 6 პირველობიდან სატიტულო შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მუხეთედ მოიპოვა.

სატიტულო შეხვედრამ ქომაგის არნახული ინტერესი გამოიწვია და სრული ანშლანგის თანხლებით ჩატარდა. აღსანიშნავია მატჩის მთავარი არბიტრის გელა ლემონჯავას საუცხოო მსაჯობა. მართალია, რეგულარულ სეზონში ‘ლელოს’ „მხატვრებთან“ ჭიდილში ორგზისვე ემარჯვა, თუმცა გადამწყვეტი შეხვედრით გამოწვეულ მღელვარებას პაატა მაისურაძის შეგირდებმა თავი ვერაფრით დააღწიეს, რამაც ჩემპიონის თამაშს ერთგვარი დაღი დაასვა. მასპინძელთა ტექნიკურ წუნს (ოვალის წინ ხშირ ვარდნას), დერეფანში პრობლემებიც დაერთო და თან მეტოქე გარკვეულ უპირატესობას ხაზსშიც ფლობდა. ‘აკადემიამ’  სეზონში უდაოდ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და თორნიკე კალანდარიშვილის ბიჭებს გამარჯვებამდე წამები დააკლდათ. ‘ლელომ’ მატჩის ხსნა ორთაბრძოლებში უკეთ გარჯის ხარჯზე შეძლო. ჩემპიონმა უამრავი ეფექტური ბოჭვა განახორციელა და მეტოქეს ერთ-ერთზე კონტაქტშიც აჯობა.

შეხვედრა ქულა-ქულაში წარიმართა. მეტოქეებმა თითო ლელოს გატანა მოახერხეს. პირველ ნახევარში ‘აკადემიას’ მარბიელი ლევან მექოშვილი გამოირჩა. მეორე ტაიმში კი მასპინძელთა მარბიელმა მიხეილ ხახუბიამ მოახერხა საპასუხო ლელოს გატანა. გუნდებმა მონაგარს 3-3 გატანილი ჯარიმაც წაუმატეს. აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფმა ჩემპიონმა ანგარიში „გაწითლებულ“ დროში, ბოლო მიძალებაზე მოპოვებული  ჯარიმით გაათანაბრა (შუამარბი საბა ციხელაშვილი). შეხვედრა ფრედ -14:14  დასრულდა.

გუნდებს გატანილი ლელოებისა და მიღებული ყვითელი ბარათების ოდენობა თანაბარი აღმოაჩნდათ და დებულების თანახმად გამარჯვებული მატჩის შემდგომმა არეკნების სერიამ გამოავლინა. ‘აკადემიამ, 3 დარტყმიდან მხოლოდ 1 გამოიყენა, ‘ლელომ’ კი 4-ივე არეკნი უზადოდ შეასრულა და ტიტულიც შეინარჩუნა.

‘ლელომ’ ბოლო 6 ჩემპიონატიდან წარმატებას მეოთხედ მიაღწია. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაატა მაისურაძემ და მისმა თანაშეწე ზურა ხორბალაძემ მონოლითური, ბრძოლისუნარიანი კოლექტივი შეკრეს, რომლის არაერთი ნიჭიერი მორაგბე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების თავკაცობის თვალთახედვის არეშიც იმყოფება. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ‘ლელოს’ შუამარბი გიორგი ხაინდრავა დასახელდა, ვინაც ფინალური ორთაბრძოლა სტაბილურად, პრაქტიკულად უშეცდომოდ ჩაატარა და თან დაცვაშიც საიმედო თამაშით გამოირჩა.

‘ლელოს’ საჩემპიონო მედლები სრკ-ს ვიცე-პრეზიდენტმა თორნიკე გოგებაშვილმა გადასცა. ‘აკადემიამ’ კი ვერცხლის მედლები ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის კურატორ მალხაზ კოროშინაძისგან ჩაიბარა.

ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქუთაისის აია’ გახდა. რიონისპირელებმა ‘ხვამლს’  სეზონის მესამე შეხვედრაც მოუგეს და მორიგი პოდიუმი 4-წლიანი პაუზის შემდეგ გაახერხეს. ‘აიას’ მთავარი მწვრთნელ პაატა ტყაბლაძესა და მის თანაშემწე ირაკლი ჩუბინიძეს ბრძოლისუნარიანი, მზარდი კოლექტივის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი გიორგი ნემსაძესაც  მიუძღვის. გამოჩენილი ბორჯღალოსანი გასულ სეზონში ‘აიაში’კონსულტანტის ფუნქციას ასრულებდა. ნემსაძის მდიდარმა ცოდნამ და გამოცდილებამ ჭაბუკ რიონისპირელებს ოსტატობის ზრდაში  დიდი სამსახური გაუწია. აღსანიშნავია, რომ გამოცდილი პაატა ტყაბლაძის მთავარ მწვრთნელად მუშაობის პერიოდში ჭაბუკმა ქუთათურებმა ბრინჯაოს მედლები მეორედ მოიპოვეს.

‘აია’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეფლა. მასპინძლები სიჩქარეზე მოქმედებდნენ, რაქს კარგად ასუფთავებდნენ და ოვალსაც სწრაფად შლიდნენ. ‘აიას’ ჰავბეკ-მგეზავის / ლადო ტყაბლაძე-ელგუჯა მახარაშვილი/ მწყობრ და გააზრებულ თამაშს მუხიანელებმა ვერაფერი მოუხერხეს. მარბიელ გიორგი გაბრიაძის, შუამარბ გიორგი ხელაძისა და ფულბეკ ემზარ მინდორაშვილის ლელოთა წყალობით / სამივე გარდასახვა მახარაშვილმა ზუსტად შეასრულა/  მასპინძლები შესვენებაზე 21-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმის დებიუტში ‘ხვამლმა’ გაიბრძოლა. სტუმართა რიგებში გამორჩეულმა ლუკა შავგულიძემ, მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შეცურებული ოვალი სწრაფად დაიმორჩილა და ლელო ძელებს შუა დადო. ფიზიკურად კარგად მომზადებული, სხარტი აზროვნების მქონე და ტექნიკურად კარგად მობურთავე ლუკა შავგულიძე თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს და ნიჭიერ, მონდომებულ „პიკასო-უმცროსს“ სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ‘აიას’ უპირატესობის დაბრუნება არ გაჭირვებია. მარქაფადან ჩართულმა ფრთა რეზო დიაკონიძემ „დუბლი“ შეასრულა. ბოლო წუთებზე ‘ხვამლის’ მარბიელმა ლუკა კოტორაშვილმა რაქიდან გამოტანილი ოვალით ხაზი გაჭრა და ანგარიშში ჩამორჩენა მცირედით შეამცირა.  ‘აიამ’- 33:12  მოიგო.

გამარჯვებული გუნდი ბრინჯაოს მედლებით სრკ-ს ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის კურატორმა მალხაზ კოროშინაძემ და გამოჩენილმა ქუთაისელმა მორაგბემ ამირან შავგულიძემ (“პიკასო“) დააჯილდოვეს.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი