ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელომ’ ტიტულის დაცვა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’ „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონის სადებიუტო შეხვედრაში ‘არმიას’ „რაგბი ჭალაში“ დაუპირისპირდა. გასული სეზონის შემდეგ ‘ლელოს’ შემადგენლობაში კარდინალური ცვლილებები განხორციელდა. ჩემპიონმა, ‘ლელოს’ უფროსი ასაკის ჭაბუკთა გუნდში არაერთი მორაგბე დააწინაურა, საკუთრივ კი შევსება თავისივე სტრუქტურის საფესტივალო ასაკის გუნდებისგან მიიღო. აღსანიშნავია, რომ პაატა მაისურაძისა და ზურაბ ხორბალაძის ამჟამინდელი გუნდის შემადგენლობის ნახევარზე მეტს ახალბედა მოთამაშეები შეადგენენ.

ჩემპიონი პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და თან დაცვაში ხისტი, საიმედო თამაშით მეტოქეს გასაქანი და სამატჩო ქულების აღების შესაძლებლობაც არ მისცა.

პაატა მაისურაძის ბიჭებმა საკუთრივ, ლაღი და სწრაფი თამაშით, 5 უპასუხო ლელოთი და 29 ქულით, მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ არმიელები ფავორიტს არ ეპუებოდნენ, ბოლომდე იბრძოდნენ და ჩემპიონი მეორე ნახევარში მხოლოდ 10 ქულას დააჯერეს – 39:0. ‘ლელოს’ მარბიელმა მიხელ შიოშვილმა, ფრთა დემეტრე დურგლიშვილმა და კვაჭმა დავით არჩვაძემ „დუბლი“ შეასრულეს.

‘ბათუმი 1’ სეზონს ტრადიციულად კარგად მომზადებული შეხვდა, რაც ვაზისუბანში, მარნეულის ‘არმაზსთან’ ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმაც ცხადყო. გიორგი სვინტრაძის შეგირდები ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდნენ, ოვალს სწრაფად შლიდნენ და ლელოთა დიდი ნაწილიც აჭარლებმა ხელდახელ თამაშით გაიტანეს.

ბათუმმა, ქვემო ქართლელებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა. აჭარელთა ფულბეკ ნიკა ხალვაშის „დუბლს“, ფრთა ლუკა ჯინჭარაძისა და კვაჭ ნიკოლოზ ბერიძის ლელოებიც დაერთო. მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფმა ‘არმაზმა’, ფრთა საბა ნოზაძისა და კვაჭ ლუკა ბაკურაძის ლელოებით აჭარლებს ბონუსით მოგება არ დაანება, თუმცა საკუთრივ საცხრილო ქულის გარეშე დარჩა – 30:15.

ფოთის „პარკი არენაზე“, ადგილობრივი ‘კოლხი რაინდებისა’ და ‘ხვამლის’ შეხვედრა დაძაბული და მწირქულიანი გამოდგა. ბრინჯაოსმედალოსან მუხიანელთა დამრიგებელმა რატი ურუშაძემ მართალია გუნდის ბირთვი შეინარჩუნა, თუმცა ‘ხვამლს’ სეზონის სადებიუტო შეხვედრის გამართვა ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე მოუხდა. კოლხებიც სეზონს კარგად მომზადებულნი შეხვდნენ. როლანდ ჩაჩავამ ბრძოლისუნარიანი კოლექტივი შეკრა, რომელთანაც წარმატების მისაღწევად ნებისმიერ გუნდს ძალთა დახარჯვა სრულად მოუწევს.

‘ხვამლი’ მატჩის დასაწყისშივე სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, თუმცა სადებიუტო მღელვარებით გამოწვეულმა უხვმა ტექნიკურმა წუნმა მუხიანელებს უპირატესობის ანგარიშში რეალურად ასახვის შესაძლებლობა არ მისცა. კოლხები თავს კარგად იცავდნენ და მეორე ნახევარში მგეზავ ალიკა აბულაძის ცენტრიდან გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ. სტუმრებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და ტაიმის შუაწელს, მასპინძელთა 5-მეტრიანთან კარგად ჩამოყალიბებული მოლით ‘ხვამლის’ მარბიელმა და კაპიტანმა გიორგი ბოჩიკაშვილმა მოახერხა ლელოს გატანა, რომლის გარდასახვა ფრთა გიგა ყიფშიძეს არ გაჭირვებია. დარჩენილ დროში მოედანზე ‘ხვამლი’ კვლავ დომინირებდა და რატი ურუშაძის ბიჭებს საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გაჭირვებიათ – 7:3.

პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. ‘აკადემიამ’ ვიცე-ჩემპიონ ქუთაისის ‘აიას’ უმასპინძლა და ნუცუბიძის ფერდობზე პირველობის პირველი სენსაციური შედეგიც დაფიქსირდა. „მხატვრებმა“ მრისხანე მეტოქეს არათუ ტოლი არ დაუდეს, სტატიკაში უკეთ გაისარჯნენ, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

მართალია, მატჩის დებიუტში რიონისპირელები შუამარბ ლუკა ვერულაშვილის გატანილი ლელოსა და მგეზავ თემურ ძოძუაშვილის გარდასახვით დაწინაურდნენ, თუმცა ბესიკ ჩინჩალაძის შეგირდები არ შედრკნენ და რაქიდან დროულად გამოტანილი ოვალითა და კარგად ჩამოყალიბებული მოლით 2 ლელოს გატანა მოახერხეს (კვაჭი გიორგი აღნიაშვილი და მღლეტელი ნიკოლოზ ნარიმანიძე). ძოძუაშვილის გატანილმა ჯარიმამ პირველი ტაიმის საყაიმო ანგარიში დააფიქსირა – 10:10.

‘აკადემიამ’ მეორე ტაიმის დებიუტში ხელსაყრელი პოზიციიდან დასარტყამი ჯარიმა გამოიმუშავა, რომლის ძელებს შუა გატარება მასპინძელთა ჰავბეკ ზურა დემეტრაძეს არ გაჭირვებია. მართალია, დარჩენილ დროში შეხვედრაში გარდატეხის შესატანად ლევან თხელიძის შეგირდებმა ცდა და ღონე არ დაიშურეს, თუმცა „მხატვართა“ ორგანიზებულ თამაშსა და ხისტ დაცვას ვერაფერი მოუხერხეს და ოდენ ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ – 13:10.  ‘აკადემიამ’, რომელმაც გასულ სეზონში ელიტაში ადგილი ბოლო მომენტში შეინარჩუნა, მიმდინარე პირველობა სენსაციური და თან დამსახურებული გამარჯვებით დაწყო.