ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | დაუმარცხებლად მხოლოდ ჩემპიონი რჩება

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის პირველი წრის მიჯნაზე ‘ლელომ’ ლიდერობა განიმტკიცა და თან პირველობაზე მონაწილეთა შორის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად დარჩა. პაატა მაისურაძის ბიჭებმა პირველობის ექვსივე მატჩი მოიგეს, მხოლოდ 2-ჯერ ვერ მოახერხეს ბონუსის აღება და ჩემპიონატს 28 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ. სეზონში განცდილი პირველი მარცხის მიუხედავად, ‘ხვამლმა’ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია შეინარჩუნა, თუმცა ლიდერს 7 ქულით ჩამორჩა.

მესამე ადგილზე 18 ქულით ‘ბათუმი’-1-მა აინაცვლა და ადგილგაცვლილ ‘აკადემიას’ 2 ქულით გაუსწრო. ვიცე-ჩემპიონი ‘აია’ ჯერჯერობით მეხუთე პოზიციაზე რჩება, თუმცა „მხატვრებს“ სულ 2 ქულით ჩამორჩება. ‘კოლხი რაინდები’ საცხრილო ქულებით ‘არმიას’ გაუტოლდნენ და პირისპირ ბალანსში უპირატესობის ქონის გამო პლეი ოფის ზონას, მეექვსე ადგილს დაუბრუნდნენ. სეზონში მოპოვებული პირველი გამარჯვების მიუხედავად, მარნეულის ‘არმაზი’ ბოლო ადგილზე რჩება, თუმცა ქვემო ქართლელები დარჩენაზე უშუალო კონკურენტებს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.

ტურის წინ, დაუმარცხებლად მყოფების: ‘ლელოსა’ და ‘ხვამლის’ დედაქალაქური დერბი ჩემპიონის არენაზე, მესამე მასივში გაიმართა. ‘ლელო’ უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდა. პაატა მაისურაძის ბიჭები მაღალ სათამაშო დისციპლინასთან ერთად, სწრაფ და ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ და ფავორიტის მხრიდან ლელოები კომბინაციურ სტილში იქნა გატანილი. ‘ხვამლს’ თამაში აშკარად არ წაუვიდა. მუხიანელებმა ხშირ არასწორ ბოჭვებთან და თერნოვერებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაქტიკური შეცდომაც დაუშვეს. ‘ხვამლის’ გამოჩენილი ბორჯღალოსანი დამრიგებლის რატი ურუშაძის დიდი მცდელობის მიუხედავად, მუხიანელთა მხრიდან თამაშის ტაქტიკურ სქემაში სასურველი ცვლილებები ვერ განხორციელდა.

‘ლელო’ დაცვაში საიმედო თამაშითაც გამოირჩა და პირველ ტაიმში მეტოქე ფულბეკ გიგა ყიფშიძის გატანილ კინკილა ჯარიმას დააჯერა, მეორე ნახევარში კი მუხიანელთა მონაგარი მარბიელ საბა ტყეშელაშვილის ეული ლელოთი შემოიფარგლა. საკუთრივ კი ჩემპიონმა პირველ ტაიმში 16 ქულა აიღო და მოპოვებული უპირატესობა მეორე ნახევარში გააღრმავა. ‘ლელოს’ მხრიდან გატანილი ლელოებით კვაჭი დავით არჩვაძე და მხტომელი მიხეილ შიოშვილი გამოირჩნენ. მასპინძელთა ფულბეკმა გოჩა ხურციძემ 2 ზუსტ გარდასახვას, 3 გატანილი ჯარიმაც დაურთო. შიოშვილმა „დუბლი“ შეასრულა და ბოლო წუთებზე თანაგუნდელთა დამაჯერებელი გამარჯვება მისმა მეორე გატანილმა ლელომ დააფიქსირა – 30:8.

„რაგბი პლატოზე“, ცხრილში მეზობლად მყოფ ‘აკადემიასა’ და ‘ბათუმი’-1-ის შეხვედრა მოსალოდნელისამებრ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ტოლ-სწორ მეტოქეთა დაპირისპირებაში, მატჩის ბედი აჭარელთა უფრო ორგანიზებულმა თამაშმა და მასპინძლებზე 1-ით მეტმა დადებულმა ლელომ გადაწყვიტა. ‘აკადემიამ’ ანგარიშში დაწინაურება მხოლოდ ერთხელ, პირველ ტაიმში შუამარბ პეტრე მელიას დადებული ლელოთი მოახერხა. ბათუმელებმა კი ლელოს გატანა ორივე ტაიმში მოახერხეს. გიორგი სვინტრაძის გუნდში ლელოებით კვაჭი ნიკოლოზ ბერიძე და ფრთა ანრი ბერიძე გამოირჩნენ. შეხვედრის მიწურულს „მხატვართა“ შუამარბ დემეტრე დევდარიანის გატანილმა წყვილმა ჯარიმამ ბესიკ ჩინჩალაძის შეგირდებს ნუგეშ-ქულა მოაპოვებინა – 15:13.

„რაგბი ჭალაში“, ‘არმიასა’ და ‘აიას’ შეხვედრის სანახაობრივი მხარე ძლიერმა ქარმა ვერ დააკნინა. გუნდები თავდადებით იბრძოდნენ და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებზე გაირკვა. წინა ტურში,’ ხვამლთან’ განცდილი მარცხისგან რიონისპირელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან თხელიძემ დროული და სწორი დასკვნები გამოიტანა, რამაც ვიცე-ჩემპიონს სეზონის მესამე გამარჯვებაში დიდი სამსახური გაუწია. მართალია, ‘არმია’ ფულბეკ რაულ ჩორგოლაშვილის გატანილი წყვილი ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა სტატიკაში მოპოვებული უპირატესობა სტუმრებმა ტაიმის მიწურულს მღლეტელ საბა ხურციძის დადებულ ლელოში ასახეს, რომელიც რიონისპირელთა ჰავბეკმა და კაპიტანმა თემურ ძოძუაშვილმა გარდასახა და შესვენების წინ საკუთარი გუნდი დააწინაურა – 7:6.

მეორე ტაიმის დებიუტში ‘არმია’ ბურჯ საბა ბასილაძის ლელოთი კიდევ ერთხელ დაწინაურდა, თუმცა მატჩის დარჩენილ ნაწილს სრულად ‘აია’ აკონტროლებდა. კარგად ჩამოყალიბებული მოლით ჯერ კვაჭმა ილია ჯანგავაძემ იხეირა, ბოლო წუთებზე კი მეტოქის 5-მეტრიანთან ზონური პრინციპით მრავალსვლიანი კომბინაცია მხტომელმა თორნიკე ტორაძემ ლელოთი დააგვირგვინა. ძოძუაშვილმა გარდასახვები ზუსტად შეასრულა, რამაც გია ჯავახიშვილის შეგირდები სამატჩო ქულის გარეშე დატოვა – 21:11.

„პარკი არენაზე“, ‘კოლხი რაინდებისა’ და მარნეულის ‘არმაზის’ შეხვედრა უშეღავათო ბრძოლითა და დრამატული ფინალით აღინიშნა. პირველი ნახევარი  ქვემო ქართლელებმა მხტომელ ნიკოლოზ ბოჭორიშვილის ლელოთი მოიგეს. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც კოლხები მგეზავ ალიკა აბულაძისა და შუამარბ იოანე ბასილაიას ლელოთა წყალობით ანგარიშში 2-ჯერ დაწინაურდნენ. აბულაძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა.

‘არმაზმა’ სეზონის პირველი გამარჯვების მოასპოვებლად დაუოკებელი სწრაფვა გამოავლინა. მეორე ნახევრის შუაწელს სტუმართა მხრიდან ლელოს დადება შუამარბმა დავით არავიაშვილმა შეძლო. არავიაშვილმა, შეხვედრის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე მეტოქის კარის პირდაპირ დანიშნული ჯარიმა 3 „ოქროს“ ქულად აქცია, რამაც აუტსაიდერის პირველი გამარჯვებაც დააფიქსირა – 15:14.