ჭაბუკთა ა ლიგა | ‘ხვამლმა’ მეორე ადგილზე აინაცვლა

ჭაბუკთა „ა“ ლიგის“ „ოქროს“ ჯგუფის  მეორე წრე რუსთავში, ‘ხარებისა’ და ‘ლოკომოტივის’ პრინციპული შეხვედრით დაიწყო. ბრინჯაოსმედალოსანმა ქვემოქართლელებმა პირველი წრე წარუმატებლად განვლეს და თემურ ლობჟანიძის შეგირდები ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებენ, ‘რკინიგზელები’ კი მოწინავე ოთხეულში დამკვიდრებას ლამობენ, რაც ვახტანგ კავთიძის ბიჭებს პლეი ოფის პირველ რაუნდში შედარებით სასურველ მეტოქეს არგუნებს.

მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და ჰუქერ ნიკა ფუნთუშაშვილის ლელოთი ‘ხარები’ შეხვედრის დებიუტში დაწინარდნენ. ფიზიკურად უკეთ მომზადებულ ‘ლოკომოტივს’ გარდატეხის შეტანა არ გაჭირვებია. ‘რკინიგზელები’ ქვემოქართლელებს სტატიკაშიც ჯაბნიდნენ და ხაზიც უკეთ გამოიყურებოდა. საპასუხო ლელოს გატანა პირველ ტაიმში გარემარბმა ნიკა დარჩიაშვილმა შეძლო. ‘რკინიგზელთა’ მგეზავმა ამირან ყურაშვილმა გარდასახვას გატანილი ჯარიმაც დაურთო და ‘ლოკომოტივი’ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ნახევარში სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა, რაც ჰუქერ გიორგი ბერიძისა და ჰავბეკ დავით ქავთარაძის უპასუხო ლელოებში აისახა. ყურაშვილმა არეკნის გატანაც მოახერხა და მატჩი ‘ლოკომოტივმა’ დამაჯერებლად  25:5  მოიგო,თუმცა საშურ პრემიას ვერ შეწვდა. ამის მიუხედავად, ‘ლოკომოტივი’ 22 ქულით ცხრილში მეოთხე პოზიციაზე დაბრუნდა.

‘ხვამლი’, მუხიანში პირველობის აუტსაიდერ ‘არესს’ დაუხვდა და მონაწილეთა შორის ერთადერთი მოუგებლად მყოფი „ომის მრისხანე ღმერთი“ 12  უპასუხო ლელოს თანხლებით 78:0  დაამარცხა.

‘ხვამლის’ დამრიგებელმა რატი ურუშაძიმ სრულ საბრძოლო შემადგენლობას კარგა ხნის შემდეგ მოუყარა თავი. მუხიანელებს ძირითადი ბირთვის რამდენიმე მოთამაშე გამოუჯანმრთელდათ. ‘ხვამლის’ ‘ბორჯღალოსანმა’ დამრიგებელმა პირველი ლიგის მინი-პაუზაც კარგად გამოიყენა და მუხიანელთა ძირითად გუნდში მივლინებული რამდენიმე იმედისმომცემი მორაგბე კვლავ ჭაბუკთა ლიგაში გაისარჯა. მეტოქეთა კლაშში არსებული სხვაობის მიუხედავად ‘ხვამლი’ მოედანზე სრულად დაიხარჯა და მწვრთნელის ყველა დავალება პირნათლად შეასრულა. აღნიშვნის ღირსია მუხიანელთა ფრთა საბა არაგველის პირველივე ნახევარში შესრულებული „ჰეთ-თრიკი“. ჰავბეკმა გიორგი ნოზაძემ „დუბლი“ ასევე პირველ ტაიმში გაახერხა. გააზრებული და ეფექტური ქმედებებით ქომაგი ‘ხვამლის’ მგეზავმა მიხეილ თაყაიშვილმა მოხიბლა, ვინაც 8 გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

‘ხვამლმა’ მიჯრით მესამე მოგებული შეხვედრით 27 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა და ვიცე-ჩემპიონ ‘აიას’ 3 ქულით გაუსწრო.

ქუთაისში, ‘აია-არმაზის’ ტურის გამორჩეული შეხვედრა გადავადებულ იქნა. მატჩის წინა დღეს მასპინძელთა რამდენიმე მოთამაშეს იზოლაციაში გასავლა მოუხდა. COVID 19-თან მიმართებაში სრკ-ს სამედიცინო სამსახურის მოქმედი პროტოკოლის თანახმად მატჩი გადაიდო და ის შეჯიბრების პირველივე „ფანჯარაში“, ტურისგან თავისუფალ უქმეებზე გაიმართება.

მერვე ტური აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმისა’ და პირველობის უპირობო ლიდერ ‘ლელოს’ შეხვედრით დასრულდა. ჩემპიონმა დიდი უპირატესობით  82:3 იმარჯვა და ჩემპიონატს კვლავ ლელოს მიუღებლად აგრძელებს. კოკისპირული წვიმის მიუხედავად, თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდები მაღალ სიჩქარეზე მოქმედებდნენ, ხაზს იოლად ჭრიდნენ და მასპინძლებს 12 ლელო დაუდეს. „ჰეთ-თრიკით“-ფრთა ლუკა კვენეტაძე გამოირჩა. ‘ლელოს’ მგეზავმა და ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ხუციშვილმა კი შესაშური სიზუსტე გამოავლინა და სველ მოედანზე 8 გარდსახვა ზუსტად შეასრულა / ხშირ შემთხვევაში მახვილი კუთხიდან/ და მხოლოდ ერთი დარტყმა გაუცუდდა. აღსანიშნავია, რომ ‘ბათუმმა’ ბოლომდე იბრძოლა და მეორე ნახევარში ჰავბეკ გოგი როინიძის ჯარიმით „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა მოახერხა.

‘ლელო’ ლიდერობას მაქსიმალური შედეგით, 40 ქულით აგრძელებს და მდევარს უკვე 13 ქულით უსწრებს. ჩემპიონი მორიგ ტურში მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლებს. ტურის გამორჩეულ შეხვედრაში კი ‘ლოკომოტივი’ ქუთაისის ‘აიას’ დედაქალაქში დაუხვდება.