ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ჩემპიონი ერთპიროვნულად გალიდერდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის მოქმედმა ჩემიონმა ‘აიამ’ მეორე ტურში მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლა და 40 უპასუხო ქულით მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. რიონისპირელები ქვემო ქართლელებს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ და ლელოთა გატანას ნებისმიერი ხერხით იოლად ახერხებდნენ.

‘აიას’ კვაჭმა ლუკა მუშკუდიანმა „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა, მღლეტელმა ლუკა კიკვაძემ და მხტომელმა გიორგი გაბრიაძემ კი „დუბლი“ შეასრულეს. ქვემო ქართლელები „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან მეორე ტაიმის დასაწყისში კვაჭ დევი გოგოლაძის გატანილმა ლელომ იხსნა – 78:7. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘აიას’ მგეზავ ბაჩანა ძოძუაშვილის კარგი თამაში. ძოძუაშვილი თანაგუნდელებს უნარიანად გეზავდა, ფეხით ეფექტურად ურტყავდა და თან რთული პოზიციებიდან 7-დან 6 გარდასახვაც გამოიყენა. 2 ტურის თავს, მაქსიმალური შედეგით (10 ქულით) ‘აია’ სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

ვიცე-ჩემპიონ ‘ლელოს’, ბოლნისის ‘ყოჩებთან’ საშინაო შეხვედრის წინ სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა. თორნიკე ბუბუტეიშვილმა ძირითადი გუნდის ერთბაშად 18 მორაგბე მოისაკლისა! (4-ტრავმირებულია, 14-კი საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებშია მივლინებული). ‘ლელოს’ ახალბედა მოთამაშეებს შესათამაშებლად გარკვეული დრო დაჭირდათ, რამაც ‘ყოჩებს’ პირველ ნახევარში მრისხანე მეტოქესთან ტოლ-სწორად პაექრობის შესაძლებლობა მისცა.

პირველ ტაიმში მეტოქეებმა გარდასახულ ლელოებს, თითო გატანილი ჯარიმაც წაუმატეს და შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით წავიდნენ – 10:10. ქვემო ქართლელთა მხრიდან ლელო ბურჯმა ოთო ლუტიშვილმა გაიტანა, მასპინძელთა მხრიდან კი თავი ფრთა ირაკლი მურადაშვილმა გამოიჩინა. მეორე ტაიმში ‘ლელომ’ თამაში დაალაგა, აქცენტი სტატიკაზე გააკეთა, მეტოქის ნახევარზე „დასახლდა“ და ‘ყოჩებს’  2 უპასუხო ლელოც დაუდო. ‘ლელო’, ჯერ კვაჭ თორნიკე ბოყოველის ლელოთი დაწინაურდა, მატჩის მიწურულს კი მასპინძელთა უპირატესობა მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის დანიშნულმა ტექნიკურმა ლელომ გაამყარა. იმედისმომცემმა, უნივერსალური თვისებების მქონე  გიორგი სპანდერაშვილმა (ამჯერზე მგეზავის პოზიციაზე თამაშობდა) ჩვეულ უნარაიან თამაშსა და ეფექტურ ქმდებებს 2-2 გარდასახვა და გატანილი ჯარიმაც დაურთო. ბუბუტეიშვილის ბიჭებს პრემიალური ქულის მომტანი ლელოს გასატანად დრო აღარ შემორჩათ – 27:10.

რუსთავში, „ხარები არენაზე“ მატჩზე დამსწრე ქომაგი სარაგბო „თრილერის“ მომსწრე გახდა. მასპინძელ ‘ხარებს’, ‘ბათუმი’ 1-თან პირველ ტაიმში პირქარმა დიდი პრობლემები შეუქმნა და ისიც აღსანიშნავია, რომ გიორგი ზირაქაშვილის გუნდს 3 წამყვანი მოთამაშე აკლდა. მასპინძელთა უამრავმა თერნოვერმა და საკვანძო მომენტში რამდენიმე  არასწორმა გადაწყვეტილებამ აჭარლებს 4 უპასუხო ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა. ‘ბათუმმა’ მხოლოდ 1 რეალიზაცია გამოიყენა და შესვენებაზე სოლიდური 22-ქულიანი უპირატესობით წავიდა. ჩინებულად ირჯებოდა აჭარელთა კვაჭი გიორგი ირემაძე, ვინაც „ჰეთ-თრიკის“ შესრულება მოახერხა.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. ტაროსი მეგზურობას უკვე ‘ხარებს’ უწევდა, რითაც მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს. აქცენტი ფეხით ხშირ დარტყმებსა და ხელდახელ თამაშზე გააკეთეს, რამაც ბრინჯაოსმედალოსანს მატჩის შემოტრიალების შესაძლებლობა მისცა. ‘ხარებმა’, სტუმართა მსგავსად მთლიანობაში 5 ლელო გაიტანეს და 2-ით მეტი გამოყენებული გარდასახვის ხარჯზე დრამატულ ბრძოლაში 31:27 იმარჯვეს. გამარჯვების მომტანი ლელო ‘ხარების’ მგეზავ გიორგი სარდალაშვილის ანგარიშზეა, ვინაც 3 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ‘ხარები’ ცხრილში 9 ქულით ‘ლელოსთან’ 2-3 ადგილებს ინაწილებენ, აჭარლები კი სეზონის სადებიუტო შეხვედრაში ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ.

მეორე ტური დედაქალაქური დერბით, მუხიანში დასრულდა. „ხვამლი არენაზე“, ‘ხვამლმა’ ‘აკადემიას’ უმასპინძლა. „მხატვართა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზუკა თათარაშვილის დებიუტი ფრიად წარმატებული გამოდგა. ‘აკადემიამ’ ლაღად, რაციონალურად იბურთავა, ხაზში უკეთ გაისარჯა და მეტოქეს ეფექტურ ორთაბრძოლებშიც აჯობა. ‘აკადემიამ’ მუხიანელებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა და პირველობის სადებიუტო შეხვედრა ბონუსით – 34:7 მოიგო.

„მხატვართა“ კვაჭმა გიორგი ჭანტურიამ მოლით წყვილი ლელოს გატანა მოახერხა. ჭანტურიას ლელოთა შუა, დადებული ლელოთი თავი სტუმართა ფულბეკმა თომა იმედაშვილმა და შუამარბმა გიორგი ქარჩხაძემ გამოიჩინეს. მატჩის ბოლო წუთებზე ‘ხვამლის’ კვაჭ ტარიელ ლაბუჩიძის ლელომ მუხიანელები მხოლოდ „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან იხსნა. ‘ხვამლი’, ‘ყოჩებისა’ და ‘არმაზის’ დარ უქულოდ ცხრილის ბოლო საფეხურებზე იმყოფება, ‘აკადემიას’ კი მორიგ ტურში რუსთავის ‘ხარებთან’ საშინაო შეხვედრაში სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე