ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ჩემპიონმა წელი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ლიდერმა და უპირობო ფავორიტმა ‘ლელომ’ თანაქალაქელ ‘ლოკომოტივთან’ იოლ წარმატებას მიაღწია – 81:7. ჩემპიონს, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე საკვანძო მოთამაშის არყოლის მიუხედავად „რკინიგზელებმა“ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ოდენ მეორე ტაიმში მგეზავ ლუკა სახელაშვილის პრესტიჟის ლელოს დაჯერდნენ.

ჩემპიონი შეხვედრის პირველივე წუთებიდან დომინირებდა და მეტოქეს ხელდახელ თამაშით 13 ლელო დაუდო. „დუბლით“-შუამარბი დიტო ბერაია, ფრთა საბა არჩვაძე და მღლეტელი ლაშა ციხისთავი გამოირჩნენ. ‘ლელოს’ ფულბეკმა ვაჟა მიქაძემ გატანილ ლელოს, 8  ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო. თორნიკე ბუბუტეიშვილის ბიჭები მაქსიმალური შედეგით, 55 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ და მდევარ ქუთაისის ‘აიას’ 9 ქულით უსწრებენ.

ქუთაისში, ‘აიამ’ ღრმა აუტსაიდერ ‘იუნკერებს’ უმასპინძლა. მართალია, ფავორიტ რიონისპირელებს ცხრილში უქულოდ მყოფი კიკეთელების ძლევა არ გაჭირვებიათ, თუმცა აუტსაიდერმა ბოლომდე იბრძოლა და მასპინძლებს მეორე ტაიმში 2 ლელოც დაუდო (მარბიელი გიორგი საღინაძე და მღლეტელი ავთო ნიკოლაძე).

შეხვედრის სანახაობრივი მხარე ძლიერმა ქარმა ვერ დააკნინა. ‘აია’ ფეხით ეფექტურ დარტყმებს, სწრაფ გადაწყობასაც კარგად უნაცვლებდა და სტუმრებს ხაზს იოლად უჭრიდა. რიონისპირელებმა მთლიანობაში 11 ლელო გაიტანეს. „ჰეთ-თრიკით’- მარცხენა ფრთა ლუკა ბრეგვაძე გამოირჩა. მასპინძელთა ჰავბეკმა ლადო ტყაბლაძემ კი „დუბლი“ შეასრულა-71:10. აღსანიშნავია, რომ რიონისპირელებმა ბონუსით მიჯრით მეხუთე შეხვედრა მოიგეს და თან კიკეთელებთან დაგროვილი სამატჩო ქულებით, სეზონში ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარეს.

რუსთავის ‘ხარებმა’ საშინაო შეხვედრა ‘აკადემიასთან’ აღმავლობით ჩაატარეს და მატჩი ბონუსის თანხლებით – 36:10 მოიგეს. სეზონში მერვე გამარჯვებამ ქვემო ქართლელებს მოწინავე სამეულში ადგილი პრაქტიკულად დაუბევა. ‘აკადემიას’ კი რეგულარული სეზონის დარჩენილ 3 შეხვედრაში მეოთხე ადგილის დაკავებაზე მოუწევს ჭიდილი.

ძლიერი ქარის მიუხედავად ‘ხარები’ სწრაფად და მწყობრად მოქმედებდნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მასპინძელთა მარბიელ თამაზ პაპაშვილის ეფექტური და შედეგიანი თამაში. პაპაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა/ მატჩის ბოლო 2 ლელოც თამაზმა გარდამტეხ მომენტში დადო/ და საკუთარი გუნდის წარმატებაში ლომის წილი დაიდო. „მხატვრები“  უმეტესად კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშის შემოტრიალებას. სტუმართა შუამარბმა რატი პაპაშვილმა და ფრთა გიორგი გამყრელიძემ ორივე ტაიმში მოახერხეს ლელოს გატანა, თუმცა ეს ბესიკ ჩინჩალაძის შეგირდთათვის საერთო წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.

‘არმაზი’-‘ხვამლის’ ტურის გამოჩეული შეხვედრა სკანდალურად ჩაიშალა. მატჩის მიწურულს, მუხიანელთა 5 ქულიანი უპირატესობის ქონის დროს, მეტოქე გუნდების მოთამაშეთა მორიგი წაკინკლავება ლიანგურ ჩხუბში გადაიზარდა და შეხვედრის გაგრძელება ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ მუხიანელთა და ვაზისუბნელთა პაექრობაში რაგბის კანონებისა და სპორტულ-მოქალაქეობრივი ეთიკის ნორმების დარღვევას ადგილი ადრეც არაერთხელ ქონდა და სპეციალისტთა აზრით  სრკ-ს ტრიბუნალი ამჯერზე დამნაშავეთა მიმართ გაცილებით მკაცრ ვერდიქტს გამოიტანს…