ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ჩემპიონს ვერ უმკლავდებიან

ჭაბუკთა ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეოთხე ტური ლოგიკური შედეგებით აღინიშნა. ჩემპიონი ‘ლელო’ მეტოქეებს წარმატების ყოველგვარ იმედს შეხვედრის პირველივე ნახევარში უსპობს და გასული სეზონის დასაბამიდან მოყოლებული, ყველა მატჩის ბონუსით მოგების ფეიერულ აღმასვლასაც განაგრძობს.

წყვილებში ფავორიტთა გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილში მხოლოდ 1 ცვლილება განხორციელდა. რუსთავის ‘ხარებმა’ ადგილი თანარეგიონელ მარნეულის ‘არმაზს’ გაუცვალეს და მოწინავე კვარტეტშიც აინაცვლეს. პირველობის ლიდერ ‘ლელოს’ გამოკლებით, ცხრილის ზედა ნაწილში დიდი სიხალვათეა. მეორე ადგილოსან ‘აიასა’ და ‘ხარებს’ შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულას შეადგენს. აუტსაიდერებად, მოუგებლად მყოფნი ‘იუნკერები’ და ‘ლოკომოტივი’ რჩებიან. უქულოდ მყოფი „რკინიგზელები“ ცხრილის ბოლო, მერვე საფეხურს იკავებენ.

ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას მუხიანში, ‘ხვამლისა’ და არმაზის’ დაპირისპირება იწვევდა. პრინციპულ მეტოქეთა რკენა ამჯერზეც თვალსასეირო და დაძაბული გამოდგა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში მყოფი ‘არმაზი’ მატჩის მიწურულს დაწინაურდა, თუმცა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ‘ხვამლმა’ მეტოქეზე ერთით მეტი, 4 ლელოს გატანა მოახერხა. გიორგი მეტრეველის შეგირდთაგან „დუბლით“ მხტომელი გიგა ჩიკვატია გამოირჩა. ლელოს დადება მუხიანელთა შუამარბმა ცოტნე ნებულიშვილმა და ბურჯმა ვაჟა სვანიძემაც მოახერხეს. ‘არმაზის’ მხრიდან გატანილი ლელოებით თავი ფრთა გივი გაბუნიამ, შუამარბმა საბა თეიმურაზიშვილმა და ფულბეკმა ლევან გუგეშაშვილმა გამოიჩინეს. სტუმართა მგეზავ ბეტო იაკობაშვილის სამივე ზუსტად შერულებულმა გარდასახვამ მუხიანელები მარცხის წინაშე დააყენა. სტატიკაში მცირე უპირატესობის ქონის ხარჯზე მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ვაჟა სვანიძის ლელომ ‘ხვამლის’ რთული გამარჯვება დააფიქსირა – 24:21.

ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერი ‘იუნკერები’ ქუთაისის ‘აიას’ მშობლიური კიკეთის არენაზე დაუხვდნენ, თუმცა მეტოქეთა კლასში არსებული საგრძნობი სხვაობის გამო წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხეს.

რიონისპირელები განუსაზღვრელ უპირატესობას ფლობდნენ. სხვადასხვა სახის კომბინაციას ნაყოფიერად ამუშავებდნენ და ინდივიდუალურ ოსტატობასაც ხშირად ავლენდნენ. სტუმრებმა პირველ ნახევარში გატანილ 6 ლელოს, მეორე ტაიმში კიდევ 5 ლელო წაუმატეს და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით 69:0 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ  ლელოს გატანა ‘აიას’ ერთბაშად 10-მა მოთამაშემ მოახერხა. სანახაობრივი თამაშითა და „დუბლით“ რიონისპირელთა ბურჯი ლაშა ფხაკაძე გამოირჩა. საუკეთესო კი მოედანზე  ემზარ მინდორაშვილი გახლდათ. ‘აიას’ ფულბეკმა 8-დან 7 გარდასახვა ზუსტად შეასრულა, არაერთი სწრაფი გარღვევა მოაწყო და თან საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან წამოღებული ოვალი ეფექტური ლელოთი დააგვირგვინა.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემიამ’ რუსთავის ‘ხარებს’ უმასპინძლა და ჯეროვანი წინააღმდეგობა ოდენ პირველ ნახევარში გაუწია. ფიზიკურად უკეთ მომზადებული ქვემო ქართლელები „მხატვრებს“ სტატიკაში აღემატებოდნენ და მთლიანობაში 6 დადებული ლელოდან, უმეტესობა სწორედ ‘ხარების’ მორკინალთა აქტიურობის შედეგი გახლავთ.  მასპინძელთა მხრიდან შეხვედრაში ერთადერთი ლელო   პირველი ტაიმის მიწურულს, 12-ქულიანი ჩამორჩენის დროს მარბიელმა ლუკა ფილიშვილმა გაიტანა.

‘ხარების’ მხრიდან გატანილი ლელოებით პირველ ტაიმში ბურჯი ნიკა გაბედავა და ფრთა გელა ქავთარაძე გამოირჩნენ. მეორე ნახევარში სტუმართა შუამარბმა ალექსი ზაზაძემ „დუბლი“ გაახერხა. „მხატვართა“ მარცხს კი წერტილი მატჩის მიწურულს ქვემო ქართლელთა მარბიელ თამაზ ჭამიაშვილის ლელომ დაუსვა – 38:5.

ტურის დასკვნითი შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა. დედაქალაქურ დერბიში, მასპინძელმა ‘ლელომ’ თანაქალაქელი ‘ლოკომოტივი’ თამაშის ყველა კომპონენტში საგრძნობლად დაჩაგრა და სეზონის რეკორდული სხვაობით – 95:0 იმარჯვა. თორნიკე ბუბუტეიშვილის ბიჭებმა მიჯრით მეორე შეხვედრაში მეტოქეს სამატჩო ქულის აღების შესაძლებლობა არ მისცეს. ‘ლელო’ მაქსიმალური შედეგით, 20 ქულით დამაჯერებელ ლიდერობას აგრძელებს და მდევარ ‘აიას’ 4 ქულით უსწრებს.

მეტოქეთა კლასში არსებული სხვაობის ფაქტორის გათვალისწინებით, შეხვედრამ ჩემპიონისთვის ვარჯიშის ხასიათი მიიღო. ევროპის ჩემპიონებით სავსე ლიდერმა აუტსაიდერს 15 უპასუხო ლელო გაუტანა. „პოკერით“ მატჩის პირველი და ბოლო ლელოს ავტორი შალვა აფციაური გამოირჩა. კვაჭმა თორნიკე ბოყოველმა პირად აქტივს „ჰეთ-თრიკი“ შემატა. გუნდის მგეზავმა და კაპიტანმა პეტრე ხუციშვილმა ჩვეულ, უნარიან თამაშთან ერთად 9 გარდასახვა გამოიყენა. მატჩის გამორჩეული მოთამაშე კი თემიკო ანჯაფარიძე გახლდათ. მართალია, ჩემპიონის შუამარბს ლელო არ გაუტანია, თუმცა ანჯაფარიძემ თანაგუნდელთა მიერ ხაზსში დადებულ უკლებლივ ყველა ლელოში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

მორიგ ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ქუთაისში, ‘აიასა’ და ‘ხვამლის’ შეხვედრა იწვევს. ვიცე-ჩემპიონ მუხიანელებს ბრინჯაოს მედალოსან რიონისპირელებთან ცხრილში სულ 2 ქულა აშორებთ.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე