ჭაბუკთა „ა“ ლიგა | ჩემპიონი მესამე შემადგენლობითაც იოლად იგებს

ჭაბუკთა „ა“ ლიგის ჩემპიონატში მონაწილეობას 2003/04 წლებში დაბადებული მორაგბეები ღებულობენ. მატჩი 35-წუთიანი ტაიმებისგან შედგება. გასინბინებული მორაგბე იძულებით 7 წუთი უქმობს. მოთამაშის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით ლიგაზე „ლურჯი ბარათის“ წესიც მოქმედებს.

ლიგაში გათამაშების ფორმატი უცვლელი დარჩა. 8-გუნდა „ოქროს“ ჯგუფი 2-წრედ ითამაშებს, რის შემდგომ მოწინავე ექვსეულს „ვერცხლის“ ლიგის 2 წარმატებული გუნდი შეურთდება და ტიტულისთვის ბრძოლა, პლეი ოფით, 1/4-ური ეტაპიდან გაგრძელდება. მეტოქეები რეგულარულ სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდებიან და ერთმატჩა სატიტულო შეხვედრის მასპინძლობას მაღალი ადგილის მქონე გუნდი ირგუნებს.

„ოქროს“ ჯგუფის სეზონის სადებიუტო შეხვედრა ვაზისუბანში გაიმართა, სადაც მატჩის ნომინალური მასპინძელი ‘ლოკომოტივი’ მარნეულის ‘არმაზს’ დაუპირისპირდა. სეზონის წინ „რკინიგზელებმა“ სასურველი შევსების მიღება ვერ მოახერხეს, ქვემო ქართლელებმა კი ქვედა ასაკობრივი ლიგიდან უამრავი მოთამაშე დააწინაურეს და კაცთა ლიგაში 7 მორაგბის გადაბარგების მიუხედავად, დავით კიკნაძემ ბრძოლისუნარიანი კოლექტივის შეკვრა მოახერხა, რომლის ძირითადი მიზანი პრიზიორთა შორის მოხვედრა იქნება.

პანდემიის გამო არასრულფასოვანმა წვრთნამ და სადებიუტო მღელვარებამ ‘არმაზის’ თამაშს საწყის 20 წუთში დაღი დაასვა, რითაც კარგად ისარგებლეს ვახტანგ კავთიძის ბიჭებმა და  ფრთა მამუკა ცისკარიშვილისა და ბურჯ ნიკა სისაურის გარდაუსახავი ლელოებით ‘ლოკომოტივი’ 10-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა.

შეხვედრის დარჩენილი ნაწილი კი ‘არმაზის’ კარნახით წარიმართა. კიკნაძის შეგირდებმა დაცვაში თამაში გაამყარეს და ძირითადად სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე მეტოქეს 4 უპასუხო ლელო (ფრთა გივი გაბუნია, მხტომელი სანდრო მაქაცარია, მღლეტელი გივი მეტრეველი და მარქაფადან ჩართული ფრთა ლუკა მერაბიშვილი) დაუდეს – 22:10.

ელიტაში დაბრუნებული ‘იუნკერებიც’ ნომინალური მასპინძლის როლში მოგვევლინენ. კიკეთელები ‘ლელოს’ მისსავე არენაზე, მესამე მასივში დაუხვდნენ. ჩემპიონს, მთავარი მწვრთნელის თორნიკე ბუბუტეიშვილის ხშირად მოუცლელობის ჟამს (ქვეყნის ახალგაზრდულ და 18-წლამდე ნაკრებებთან მუშაობის პროცესშია ჩართული) რატი შანიძე და ნიკა მამისაშვილი უნარიანად თავკაცობენ. გასული სეზონის შემდეგ ‘ლელოს’ კაცთა გუნდმა, თავის სტრუქტურაში მყოფ ზედა ლიგელი ჭაბუკთა გუნდიდან სოლიდური შევსება მიიღო. ამის მიუხედავად, ჩემპიონს ტიტულის შესანარჩუნებლად საკმაო რესურსი გააჩნია, რაც პირველობის სადებიუტო შეხვედრამაც ცხადყო.

‘ლელომ’ კიკეთელებთან დაპირისპირებაში უამრავი ახალბედა მორაგბე გამოცადა და თან შანიძე-მამისაშვილის დუეტმა მოედანზე პრაქტიკულად მესამე შემადგენლობა გაამწესა. დებიუტანტთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჰუქერ ლუკა ირემაძისა და ფულბეკ გელა ხელაძის კარგი თამაში. ორივე მათგანმა აქტივს სადებიუტო ლელოებიც შემატა. ჩემპიონი სისწრაფზე, ოვალის მძლავრი დარტყმით სივრცეზე უპირატესობას ქმნიდა და ლელოები, როგორც ხელდახელ თამაშით, ასევე კარგად მოწყობილი მოლით გაქონდა. ჩემპიონმა ჯამში 8 ლელო გაიტანა. ‘ლელოს’ წარმატებას სათავე მხტომელ თორნიკე ჯიქურაშვილის ლელომ დაუდო. მარქაფადან ჩართულმა მარბიელმა შოთა მაღლაკელიძემ კი „დუბლი“ შეასრულა. კიკეთელები „მშრალი“ ანგარიშით მარცხს, პირველ ნახევარში ჰუქერ სანდრო ბრაგვაძის გატანილი ჯარიმით გადაურჩნენ – 44:3.

დედაქალაქურ დერბიში, ელიტაში დაბრუნებულმა ‘აკადემიამ’ „რაგბი პლატოზე“ ვიცე-ჩემპიონ ‘ხვამლს’ უმასპინძლა. სეზონის წინ მეტოქეებმა მთავარი მწვრთნელები იცვალეს. მუხიანელებს სათავეში გიორგი მეტრეველი ჩაუდგა, „მხატვრებს“ კი ბესიკ ჩინჩალაძე დამრიგებლობს.

მეტოქეთა უამრავი ტექნიკური წუნის მიუხედავად, რაშიც გარკვეული როლი ძლიერ ქარსაც მიუძღვის, შეხვედრას დაძაბულობა და სანახაობრივი მხარე ბოლო წუთამდე არ მოკლებია. ‘აკადემიამ’ ფავორიტს ტოლი არ დაუდო და მატჩის მიწურულს კაპიტან გიორგი მჭედლიშვილის დადებული ლელოთი ნუგეშ-ქულა მოიპოვა. ‘ხვამლმა’ მასპინძლებზე ერთით მეტი ლელო გაიტანა და მატჩიც უკეთესი ორგანიზაციის ხარჯზე 21:14 მოიგო. მუხიანელთა მხრიდან გატანილი ლელოებით თავი მარბიელმა დავით მაჭარაშვილმა, ჰუქერმა ემზარ ხუჭავამ და ფულბეკმა ნიკოლოზ ქობელაშვილმა გამოიჩინეს. მუხიანელთა მგეზავმა გიორგი ბურდულმა კი სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

რუსთავში, ‘ხარები’-აიას’ შეხვედრა უშეღავათო ბრძოლითა და დრამატული ფინალით აღინიშნა. ფავორიტმა რიონისპირელებმა მასპინძლებზე მეტი, 3 დადებული ლელოს მიუხედავად, მოედანი დამარცხებულებმა დატოვეს. ქვემო ქართლელებმა მეტოქის თითქმის ყველა სერიოზული შეცდომიდან სარგებელი პოვეს. მასპინძელთა მარბიელმა თამაზ ჭამიაშვილმა და ჰუქერმა ნიკოლოზ გოგიაშვილმა ლელოს გატანა მოახერხეს. ზუსტ გარდასახვებს, ‘ხარების’ მგეზავმა გიორგი სარდალაშვილმა გატანილი წყვილი ჯარიმაც დაურთო.

მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიშში მდევრის როლში მყოფმა ‘აიამ’ ბოლომდე იბრძოლა და ბოლო წუთზე მარქაფადან ჩართული ფრთის დავით ვარდანაძის ლელოთი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ბრინჯაოს მედალოსანთა კაპიტან ელგუჯა მახარაშვილს მახვილი კუთხიდან გარდასახვა გაუცუდდა, რამაც გაგა გურეშიძის ბიჭები მოგების ნაცვლად მხოლოდ ნუგეშს დააჯერა – 20:19. ‘ხარებს’ აშკარად დაეტყოთ ახალი დამრიგებლის გიორგი ზირაქაშვილის ხელი. ქვემო ქართლელებმა გასულ სეზონში ელიტაში ადგილი უკეთესი პირისპირ ბალანსის ხარჯზე შეინარჩუნეს, მიმდინარე პირველობა კი ტიტულის ერთ-ერთი მაძიებლის დამარცხებით დაიწყეს.