ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ჩემპიონი მესამე შემადგენლობითაც იოლად იგებს

პანდემიით გამოწვეული, მორიგი ერთთვიანი იძულებითი პაუზის პერიოდში ლიგაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. სამხრეთ აფრიკაში გასამართ 20-წლამდელთა უმსხვილეს საერთაშორისო ტურნირის სამზადისმა ‘ლელო’ პრაქტიკულად მესამე შემადგენლობის ამარა დატოვა. რეგულარული სეზონის დასკვნით შეხვედრებს ‘ხვამლი’ და ‘არმაზი’ წამყვანი მოთამაშეების გარეშე ჩაატარებენ (‘აიას’ ა ლიგის გუნდს მწვრთნელები არ შეუცვლია). სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების აფრიკული ვოიაჟის გამო, პირველობის გადამწყვეტი ეტაპის, პლეი ოფის გადავადება სოლიდური დროით მოუწევს.

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს ჯგუფის“ რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტური ქუთაისში, ‘არესისა’ და ‘ლოკომოტივის’ შეხვედრით დაიწყო. სრკ-ს ტრიბუნალმა ‘ლოკომოტივს’, ‘ლელოსთან’  შეხვედრაში ერთ-ერთი მწვრთნელის უგვანო საქციელის გამო  3 საცხრილო ქულა დააკლო, რითაც „რკინიგზელებს“ მოწინავე კვარტეტში მოხვედრის შანსი მკვეთრად შეუმცირა. პირველობის ბოლოადგილოსანი „ომის მრისხანე ღმერთი“  კი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას მხოლოდ პრემიით მოგების შემთხვევაში აგრძელებდა.

‘არესმა’ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და საშური პრემიის ასაღებად მცირედი დააკლდათ. შეხვედრის დებიუტში რიონისპირელთა კაპიტან მარკოზ შავგულიძის გატანილ ჯარიმას, მარბიელ ირაკლი თევზაძისა და შუამარბ ჯემალ ქასრაშვილის ლელოები მოჰყვა. მეორე ნახევრის შუაწელს ‘ლოკომოტივის’ პრაქტიკულად ერთადერთი ხეირიანი შეტევა მარქაფადან ჩართულმა შოთა გულიაშვილმა ლელოდ აქცია. გვარიანი ხვატის მიუხედავად ‘არესი’ არ ცხრებოდა და დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, მეტოქეზე ზეწოლას განაგრძობდა. მხტომელ გიგა ახალაძის ლელომ მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა -22:5, თუმცა აუღებელმა ბონუსმა ‘არესი’  პლეი ოფს მიღმა დატოვა და რიონსპირელები, აჭარლებთან ერთად მომავალ სეზონში  „ვერცხლის“ ლიგაშიც ჩაანაცვლა.

ქუთაისმა ტურის კიდევ ერთ შეხვედრას უმასპინძლა. 10-ქულიანი დისციპლინარული სასჯელის შემდეგ, ‘აიას’ მესამე ადგილის შესანარჩუნებლად ‘ბათუმთან’ შეხვედრაში ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა. აჭარლებთან დაპირისპირებაში რიონსპირელებს გიგი თოდუამ უთავკაცა. ‘ბათუმს’ პლეი ოფში მოსახვედრად, სულ მცირე ნუგეშის აღება მართებდა და მატჩის საწყისი 20 წუთი ლაშა დუმბაძის შეგირდთა უპირატესობით წარიმართა, რასაც ჰუქერ ენრიკე შანიძის ლელო მოჰყვა. მასპინძლებმა სიჩქარეს უმატეს, სტატიკაში მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და 4 ლელოს დადებაც მოახერხეს (ფრთა სოლომონ რაზმაძე, ბურჯი ლუკა შენგელია, მგეზავი ნიკა ღლონტი, შუამარბი და გუნდის კაპიტანი გივი ლეჟავა). ‘ბათუმმა’ ბოლომდე იბრძოლა და მატჩის მიწურულს აჭარელთა ფრთა მირიან ვერულიძეზე მაღალი ბოჭვის გამო მოპოვებული საჯარიმო ლელოთი, ‘აიას’ პრემიის აღება არ დაანება -26:12.

პირველობის უპირობო ლიდერ და მოქმედ ჩემპიონ ‘ლელოს’ რეგულარული სეზონის დარჩენილი შეხვედრების გამართვა ფორს-მაჟორში უწევს. საქართველოს 20-წლამდე ნაკრების 46-კაცა გაფართოებული შემადგენლობიდან  30 მორაგბე ‘ლელოს’ ღირსებას იცავს. ჩემპიონის დამრიგებელმა თორნიკე ბუბუტეიშვილმა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დასახმარებლად იმ მორაგბეებს უხმო, რომელთაც მიზეზთა გამო მიმდინარე სეზონში მონაწილეობა პრაქტიკულად არ მიუღიათ. ისიც აღსანიშნავია, რომ ბუბუტეიშვილი ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწის  ფუნქციასაც ასრულებს და მის მოუცლელობის პერიოდში ‘ლელოს’, ახალგაზრდა ნიჭიერი სპეციალისტი რატი შანიძე თავკაცობს.

‘ლელო’, ქვემო ქართლის დედაქალაქში ‘ხარებს’ ესტუმრა. მასპინძელთა დამრიგებელმა თემურ ლობჟანიძემ 15-კაცა შემადგენლობას ბოლო მომენტში მოუყარა თავი, თუმცა უშუალოდ შეხვედრის მსვლელობისას მიღებული ტრავმების გამო ‘ხარებმა’ მატჩი 12 მორაგბით ჩაამთავრეს. ბუნებრივია, ლელოს’ ესოდენ სავალალო მდგომარეობაში მყოფი მეტოქის დამარცხება არ გაჭირვებია. მესამე შემადგენლობის ყოლის მიუხედავად „ჩემპიონი’  ჩვეულ სისწრაფეზე, კომბინირებულად, ლაღად ბურთაობდა და ‘ხარებს’ 10  უპასუხო ლელოც გაუტანა -66:0.  ჩემპიონის ჰუქერი დათა იაშვილი „ჰეთ-თრიკით“ პირველივე ტაიმში გამოირჩა, შუამარბმა თემიკო ანჯაფარიძემ კი „დუბლის“ შესრულება მოახერხა. მიმდინარე სეზონში ‘ლელომ’ ყველა შეხვედრა პრემიით მოიგო და თან ჯამში 764 სამატჩო დაგროვილი ქულით, ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.

ჩაგდებული სეზონის მიუხედავად, ‘ხარებმა’ „ოქროს“ ჯგუფში ადგილი შეინარჩუნეს. მართალია, დასკვნით ტურში რუსთაველებს ‘არესი’ ან ‘ბათუმი’ შესაძლოა ცხრილში გაუტოლდნენ, თუმცა ‘ხარებს’ ორივე მეტოქესთან პირისპირ ბალანსი დადებითი აქვთ, რაც თემურ ლობჟანიძის შეგირდებს მეექვსე ადგილსა და პლეი ოფში თამაშს უნაღდებს.

ტურის გამორჩეული შეხვედრა მუხიანში გაიმართა. „ხვამლი არენაზე“, ჭაბუკთა ლიგის ყველაზე პრინციპული მეტოქეები ‘ხვამლი’ და ‘არმაზი’ დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდულ ნაკრებში მივლინებული მორაგბეების არყოლის მიუხედავად (‘ხვამლიდან’-5, ‘არმაზიდან’-3), გუნდებმა თვალსასეირო, დინამიური თამაში გააჩაღეს და ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმიც იხილა.

‘არმაზი’  ნახევარი საათის თავს, მგეზავ ოთარ მეტრეველის გატანილი ჯარიმით დაწინაურდა. ‘ხვამლმა’ ტემპს უმატა და ფრთაზე სწრაფად ჩათამაშებული ოვალი ფრთა დავით სეფიაშვილმა ლელოდ აქცია, რასაც ორიოდე წუთში მუხიანელთა ფულბეკ გიო ბურდულის გატანილი ჯარიმა მოჰყვა -8:3.

მეორე ნახევარში ‘არმაზი’ უკეთ გამოიყურებოდა. დავით კიკნაძის შეგირდებმა  2 სინბინის მიუხედავად, გადამწყვეტი უპირატესობა კოლექტიური სათამაშო დისციპლინის ხარჯზე მოიპოვეს და თან მასპინძლებს მოედნის სივრცეც საგრძნობლად შეუზღუდეს.  მეტოქის 22-მეტრიანთან აგორებული მოლი, ‘არმაზის’ მარბიელმა დავით გიუნაშვილმა ეფექტური ლელოთი დააგვირგვინა. მატჩის გამორჩეულმა მოთამაშე ოთარ მეტრეველმა კი საკუთარი ნახევარიდან წამოღებულ ოვალს ორგზის ფეხიც მიაშველა (მეტრეველმა ორივე გარდასახვაც ზუსტად შეასრულა) და საკუთარი გუნდის მნიშვნელოვანი გამარჯვება დააფიქსირა -17:8.

მიჯრით მესამე გამარჯვებით ‘არმაზმა’ მოწინავე სამეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. დავით კიკნაძის ბიჭები ცხრილში ‘აიას’ კვლავ 1 ქულით ჩამორჩებიან და მესამეადგილოსანის ბედს დიდი ალბათობით მომავალ უქმეებზე ქუთაისში, ‘აია’-არმაზის’ პირველობის გადადებული შეხვედრა გაარკვევს.