ჭაბუკთა „ა“ ლიგა | ჩემპიონი უკვე სამნიშნა ციფრით იგებს

პირველობის ლიდერი და მთავარი ფავორიტი ‘ლელო’ დამაჯერებელ გამარჯვებათა სერიას წარმატებით აგრძელებს. ჩემპიონმა, ქუთაისის ‘არესს’ მესამე მასივში უმასპინძლა და რიონისპირელები  106:3  დაამარცხა. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებმა სეზონის რამდენიმე რეკორდი დაამყარეს. ყველაზე მეტი ლელო გაიტანეს, ყველა  სოლიდური სხვაობით იმარჯვეს და სამატჩო ქულათა მონაგარით სამნიშნა ციფრულ ზღვრულსაც პირველებმა უწიეს, თუმცა ‘მშრალი’ ანგარიშით მოგება ამჯერად  ვერ შეძლეს. ‘ლელომ’ 4 ტურის თავს, მაქსიმუმი 20 ქულა დააგროვა და სატურნირო რეესტრში მდევრებს მთელი 6 ქულით გაუსწრო.

‘ლელო’ შეხვედრის პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს რაგბის ყველა კომპონენტში რამდენიმე თავით აღემატებოდა. ჩემპიონმა რიონისპირელებს მთლიანობაში 16 ლელო დაუდო. ‘დუბლით’-ფრთები: შაკო აფციაური და ლუკა კვეტენაძე გამოირჩნენ. წყვილი ლელოს დადება მღლეტელმა ნიკოლოზ სუთიძემ, მარბიელმა ლაშა ციხისთავმა, ჰუქერმა ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა და მის ნაცვლად მარქაფადან თამაშში ჩართულმა დათა იაშვილმაც მოახერხეს. მასპინძელთა უპირობო უპირატესობის მიუხედავად, ‘არესმა’ ბოლომდე იბრძოლა და ჰავბეკ საბა ყურაშვილის მეორე ნახევარში გატანილი კინკილა ჯარიმით ჩემპიონს ‘მშრალი’ ანგარიშით მოგებათა სერია შეაწყვეტინა. ‘არესი’, მასსავით უქულოდ მყოფ ‘ბათუმთან’ ერთად ცხრილის ბოლო საფეხურებზე და პლეი ოფის ზონის მიღმა რჩება.

რეგიონში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ბათუმმა რუსთავის ‘ხარებს’ ფოთის ‘პარკი არენაზე’ უმასპინძლა. პირველობის დებიუტანტმა ბრინჯაოსმედალოსანს ფიცხელი ბრძოლა გაუმართა და შეხვედრის მეორე ნახევარში წინ გასვლაც მოახერხა. აჭარლებს შეტევების დასკვნით ფაზაში მეტი სიმარჯვე და ყურადღება რომ გამოეჩინათ, ლაშა დუმბაძის ბიჭები ვინძლო პირველ გამარჯვებასაც დააჭაშნიკებდნენ.

შეხვედრის პირველი ტაიმი ‘ხარებმა’ მარბიელ თემურ ლომსაძის ლელოთი 7:0 მოიგეს. ‘ბათუმი’ აქცენტს უმეტესად სტატიკაზე აკეთებდა და აჭარელთა მარბიელმა ბექა ბერიძემ  თანაგუნდელი მორკინალების გარჯა, გატანილი წყვილი ლელოთი და საკუთარი გუნდის დაწინაურებით დააფასა. მარცხის საფრთხემ ქვემოქართლელები დროულად გამოაფხიზლა. ჯერ რაქიდან ‘ხარების’ ჰუქერმა გიორგი გოგუაძემ იხეირა. შეხვედრის ბოლო კი რუსთაველთა მღლეტელმა ლუკა ზუბაშვილმა აჭარელთა ფულბეკს ოვალის გამოტანაზე კარგად დაუფარა და ლელოც მიითვალა. ‘ხარების’ მგეზავმა და კაპიტანმა იაგო მარსაგიშვილმა სამივე ლელო გარდასახა, რითაც ‘ბათუმს’ ნუგეშ-ქულაც არ დაანება.

ვაზისუბანში, მარნეულის ‘არმაზისა’ და ‘ლოკომოტივის’ შეხვედრამ უკომპრომისო ბრძოლაში განვლო. მართალია ‘რკინიგზელებს’ თვითიზოლაციაში მყოფი 2 მნიშვნელოვანი მოთამაშე დავით ქავთარაძე და ამირან ყურაშვილი აკლდათ, მიუხედავად ამისა ვახტანგ კავთიძისა და გიორგი ზაბახიძის შეგირდებმა პრინციპული მეტოქე  15:10  დაამარცხეს, ქვემოქართლელებს ცხრილში ადგილი გაუცვალეს და ლიდერთა კვარტეტს 1 ქულითღა ჩამორჩებიან. მართალია, ‘არმაზი’ 6 ქულით ცხრილში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა ‘ბათუმთან’ გამოტოვებული შეხვედრის ბონუსით მოგების შემთხვევაში ქვემოქართლელები მეოთხე პოზიციაზე აინაცვლებენ.

თავგამოდებულ თამაშთან ერთად მეტოქენი უამრავ შეცდომას უშვებდნენ, რაც უპირატესად ოვალის წინ ვარდნასა და საკმაოზე მეტ აღებულ ჯარიმაში გამოიხატა. ‘არმაზი’, თავისი ერთ-ერთი გამორჩეული მარბიელის რატი ზაზაძის ლელოთი დაწინაურდა. გარდასახვას, ჰავბეკმა ნიკა გაბედაურმა ჯარიმაც მიაყოლა და ტაიმის მიწურულამდე ანგარიშში უპირატესობას დავით კიკნაძის შეგირდები ფლობდნენ, თუმცა ‘რკინიგზელები’ არ შედრკნენ და თავისი ფრთების: ნოდარ ლაბაურისა და ნიკა დარჩიაშვილის ლელოთა წყალობით შესვენების წინ საყაიმო ანგარიში 10:10 დააფიქსირეს.

მატჩის ბედი მეორე ნახევრის შუაწელს გადაწყდა. ‘ლოკომოტივის’ ჰავბეკმა ნოდარ დოლიძემ ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და სამსვლიანი სწრაფი შეტევა, შებრუნებული პასის შემდეგ ‘რკინიგზელთა’ ბურჯმა ნუგზარ გელაშვილმა ლელოდ აქცია. მეტოქეთა თავკაცები იმედოვნებენ, რომ პლეი ოფისთვის ქომაგს გაცილებით უკეთეს თამაშს აჩვენებენ, რომლის რესურსის დეფიციტს ‘არმაზი’ და ‘ლოკომოტივი’ ნამდვილად არ განიცდიან.

მეოთხე ტური, ‘აია’-‘ხვამლის’ გამორჩეული შეხვედრით ქუთაისში დასრულდა. ‘აიამ’ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, 29:7 იმარჯვა, პრინციპულ მეტოქეს პირველი მარცხი აგემა და თან აღებული პრემიისა და უკეთესი პირისპირ ბალანსის წყალობით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაც დაიბრუნა.

‘აიამ’ სოლიდურ ტერიტორიულ უპირატესობასთან ერთად, მუხიანელები  ორთაბრძოლებშიც დაჯაბნა, რაშიც დიდი წვლილი  გაგა გურეშიძის შეგირდთაგან ჰუქერ ტატო ჟორჟოლიანს, ბურჯ ბასა ხონელიძესა და მარბიელ პაატა გალდავას მიუძღვით. გალდავამ, მარბიელ მიტრო სალდაძისა და ფრთა გიორგი ბარათელის კვალ, მეორე ტაიმში ლელოს გატანაც მოახერხა. ‘ხვამლმა’ გაიბრძოლა და ჰუქერმა ემზარ ხუნჭუამ მოლით დადებული ლელოთი მასპინძლები ერთი ხანობა ბონუსს დააშორა, თუმცა მატჩის მიწურულს მასპინძელთა მორიგი მიძალება, მარქაფადან ჩართული  ჰუქერის ლუკა ირემაძის ლელოთი დაგვირგვინდა, რამაც რიონისპირელებს საშურ გამარჯვებასთან ერთად პრემიალური ქულაც არგუნა.

მეხუთე ტურის გამორჩეული შეხვედრა მუხიანში გაიმართება. ‘ხვამლი’, დედაქალაქურ დერბიში ‘ლელოს’ უმასპინძლებს.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე