ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ფავორიტებმა პირველობა დამაჯერებელი მოგებებით დაიწყეს

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის 2022/23 წლების სეზონში 2004/05 წლებში დაბადებული მორაგბეები ითამაშებენ. ‘ბ’ ლიგაში კი ასპარეზობის უფლება 2006/07 წლებში დაბადებულ მოთამაშეებს ეძლევათ.

ჭაბუკთა ორივე, ‘ა’ და ‘ბ’ ლიგების „ოქროს“ ჯგუფთა ფორმატი უცვლელი დარჩა. ელიტაში, 8 გუნდის მონაწილეობით რეგულარული სეზონი 2 წრედ ჩატარდება, რის შემდგომ ბოლო 2 ადგილზე გასული გუნდი „ვერცხლის“ ლიგაში ჩაინაცვლებს და „ოქროს“ პლეი ოფში ადგილს „ვერცხლის“ ლიგის გამარჯვებულსა და მეორე ადგილოსანს დაუთმობს. გუნდები პლეი ოფში რეგულარულ სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდებიან. ‘ა’ ლიგის 1-მატჩა პლეი ოფებში, წყვილში მასპინძელი, სეზონში უკეთესი შედეგის მქონე გუნდი იქნება. ‘ბ’ ლიგაში კი პლეი ოფი 2-რაუნდიანი დაპირისპირებისგან (შინ და გარეთ) შედგება. ჭაბუკთა ორივე ლიგის ფინალი რეგულარულ სეზონში დაკავებული მაღალი ადგილის მქონე  გუნდების არენებზე გაიმართება.

მოქმედმა ჩემპიონმა ‘აიამ’ ტიტულის დაცვა მუხიანში, ‘ხვამლთან’ იოლი, დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ‘აიამ’ გასული სეზონის წამყვან მოთამაშეთა ორი მესამედი შეინარჩუნა, წინა სასეზონო პერიოდი ინტენსიურ წვრთნაში გაატარა და ჩემპიონატსაც საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდა. აღნიშნული გარემოება გუნდის თავკაცობას ტიტულის შენარჩუნების იმედს უსახავს.

‘ხვამლთან’ შეხვედრაში პაატა ტყაბლაძის შეგირდები ლაღად და სწრაფად მოქმედებდნენ, უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ და პირველ ტაიმში დადებულ 3 გარდასახულ ლელოს, მეორე ნახევარში კიდევ 4 უპასუხო ლელო წაუმატეს და მასპინძლები „მშრალი“ ანგარიშით – 47:0 დაამარცხეს. რიონისპირელთა მგეზავმა ელგუჯა მახარეიშვილმა 6 გარდასახვა გამოიყენა, მატჩის გამორჩეული მოთამაშე კი ემზარ მინდიაშვილი გახლდათ. ‘აიას’ ფრთამ სეზონის პირველივე შეხვედრაში „ჰეთ-თრიკის“ შესრულება მოახერხა.

ვიცე-ჩემპიონი ‘ლელო’ ვაზისუბანში მარნეულის ‘არმაზს’ ესტუმრა. ლიგის ბოლო წლების უპირობო ლიდერის მთავარ მწვრთნელ თორნიკე კალანდარიშვილს, თანაშემწეებითურთ ზაფხულში დიდი სამუშაოს ჩატარება მოუხდა. გასული სეზონის შემდეგ ‘ლელოს’ მთავარმა გუნდმა, დიდი 10-ის ბინადარმა და ქვეყნის 6-გზის ჩემპიონმა  უფროს ჭაბუკთა კოლექტივისგან სოლიდური შევსება მიიღო. გარდა ამისა, ‘ლელოს’ 12 მორაგბე კარიერას ქვეყნის ფარგლებს გარეთ აგრძელებს. კალანდარიშვილს გუნდის ბირთვის 30 %-იღა შემორჩა, რაც პრაქტიკულად ახალი გუნდის შენების ტოლფასი გახლავთ. 3-თვიანმა ნაყოფიერმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ‘ლელოს’ უფროსი ჭაბუკები სეზონს კარგად მომზადებულნი და შეთამაშებულნი შეხვდნენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ‘ლელო’ სრულფასოვანი მარქაფას დეფიციტს არ უჩივის და გუნდის ერთ-ერთ მთავარ მიზანს მიმდინარე სეზონში ტიტულის დაბრუნება წარმოადგენს.

ქვემო ქართლელებთან პირველობის სადებიუტო შეხვედრაში ‘ლელო’ კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, რაც მატჩის საბოლოო ანგარიშში ნათლად აისახა – 89:3. ‘ლელოს’ კაპიტანმა და ფრთა ლუკა ხორბალაძემ  შესრულებულ „ჰეთ-თრიკს“ 3 გარდასახვაც დაურთო. მგეზავმა ლუკა ჭინჭარაულმა და კვაჭმა მიხეილ ხახუბიამ შეხვედრა „დუბლით“ ჩაამთავრეს. ‘არმაზი’ კი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს მგეზავ იაკობაშვილის პირველ ნახევარში გატანილი ეული ჯარიმის წყალობით გადაურჩა.

ბოლნისის ‘ყოჩები’ რუსთავის ‘ხარების’ „ფაუნათა“ ჯახსა და რეგიონულ დერბის დედაქალაქის „რაგბი პლატოს“ სარაგბო არენამ უმასპინძლა. მოედანზე პირველივე წუთებიდან უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა და მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა ‘ყოჩების’ გაცუდებულმა გარდასახვამ ‘ხარებს’ შესვენების წინ 2-ქულიანი უპირატესობა არგუნა.

მეორე ნახევარში ‘ყოჩებმა’ შეცდომებს უმატა, რითაც ბრინჯაოსმედალოსანმა რუსთაველებმა კარგად ისარგებლეს და 3 უპასუხო ლელოს გატანაც მოახერხეს. „დუბლით“ მარბიელი თამაზ ჭამიაშვილი გამოირჩა. ‘ხარების’ მგეზავ და პივოტ გიორგი სარდალაშვილის ბოლო წუთებზე დადებულმა ლელომ კი გიორგი ზირაქაშვილის გუნდს პირველობის სადებიუტო შეხვედრა ბონუსის თანხლებით მოაგებინა – 33:12.