ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ნახევარფინალში მოწინავე კვარტეტი ითამაშებს

ჭაბუკთა ა’ ლიგის „ოქროს“ პლეი ოფის წინ,  სრკ-ს გამგეობამ პირველობის დებულებაში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად „ოქროს“ პლეი ოფის ყველა ეტაპზე გამარჯვებული ერთმატჩა დაპირისპირებაში გაირკვევა. გამგეობის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია ზაფხულის დასაწყისში 20-წლამდელთა არაოფიციალურ, თუმცა მეტად მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მონაწილეობით.

დებულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ჩემპიონატი მაისის პირველ რიცხვებში დასრულდება, რაც ნაკრების მოთამაშეებს სრულფასოვანი დასვენების საშუალებას მისცემს და თან ახალგაზრდულ ნაკრებს ტურნირის მოსამზადებლად  დამატებით ორი კვირას შემატებს. აღსანიშნავია, რომ პლეი ოფის ხსენებული ფორმატი პირველობაზე მონაწილე გუნდებმაც მოიწონეს და სრკ-ს ოპერაციების დირექტორატმა, საშეჯიბრო კომიტეტთან ერთად, შესაძლოა, ერთმატჩა პლეი ოფს სამომავლოდ მუდმივი სახე მისცეს.

პლეი ოფის პირველი ეტაპი ( 1/4-ფინალები) ‘ლელოსა’ (1) და „ვერცხლის“ ჯგუფის მეორეადგილოსან ‘ყოჩების’ (8) შეხვედრით დაიწყო. უკეთეს-ნომრიანი გუნდები მოედნის უპირატესობით სარგებლობენ და მატჩი მესამე მასივში, ჩემპიონის არენაზე გაიმართა. ‘ლელომ’ თავისი რეკორდული, ტრიუმფალური წინსვლა განაგრძო და 2018 წლიდან მოყოლებული მიჯრით 59-ე გამარჯვება გაიფორმა.

ძლიერი ქარის მიუხედავად, ფავორიტს სისწრაფეზე ოვალის გაშლა და მოედნის სივრცეზე უპირატესობის მოპოვება არ გაჭირვებია. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებმა მთლიანობაში 9 ლელო გაიტანეს, რომელთა შორის 7 ლელო ხელდახელ თამაშით, კომბინაციურ სტილში იქნა დადებული. ჩემპიონის წარმატებას სათავე მატჩის დებიუტში ფულბეკ ვაჟა მიქაძის ლელომ დაუდო. მასპინძელთა კვაჭმა ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. ‘ლელოს’ კაპიტანმა და მგეზავმა პეტრე ხუციშვილმა კი ჩვეულ, უნარიან თამაშთან ერთად 6 გარდასახვა გამოიყენა. მეტოქეთა კლასში არსებული სხვაობის მიუხედავად, ‘ყოჩებმა’ ბოლომდე იბრძოლა და ბოლო წუთზე კვაჭმა იმედა ახოტელაშვილმა პრესტიჟის ლელოს გატანაც მოახერხა – 57:7.

‘ლელოს’ მეტოქეს ნახევარფინალში, ‘აკადემია’(4)-ხვამლის’ (5) „რაგბი პლატოზე“ გამართული შეხვედრა არკვევდა. რეგულარულ სეზონში მეტოქეთა ურთიერთშეხვედრებში წარმატებას სტუმარმა გუნდებმა მიაღწიეს, თუმცა ხსენებული ტრადიცია პლეი ოფში დაირღვა. ქომაგმა დრამატული ფინალის თანხლებით, ორი განსხვავებული ტაიმი იხილა.

პირველ ნახევარში ‘ხვამლი’ ლაღად ბურთაობდა. მუხიანელები სწრაფად და ეფექტურად შლიდნენ ოვალს, რაც ფულბეკ ჯუმბერ როსტომაულის შესრულებულ „დუბლსა“ და მხტომელ დათო მაჭარაშვილის ლელოებში აისახა. „მხატვრები“ კი გადამეტებული მღელვარებით გამოწვეული ბურთის ხშირი წინ ვარდნის გამო, რამდენიმე გაცუდებულ კარგ იერიშთან ერთად, შუამარბ ლუკა კობაურის გატანილ ეულ ჯარიმას დაჯერდნენ – 15:3.

მეორე ტაიმში ბესიკ ჩინჩალაძის ბიჭებმა თამაში დაალაგეს, მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, რასაც ‘ხვამლის’ მხრიდან ჯარიმების სიუხვე მოყვა. მართალია, კობაურმა მხოლოდ 2 ჯარიმის გამოყენება მოახერხა, სანაცვლოდ ჯერ მარქაფადან ჩართულმა ფრთა დავით ხაზალიამ გაიტანა ლელო, მატჩის მიწურულს კი შერკინებიდან ჩინებულ ოფლოუდს „მხატვართა“ შუამარბის გიორგი მოსაშვილის გამარჯვების მომტანი ლელო მოყვა – 21:15. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასკვნით 4 წუთში ‘აკადემიამ’ საკუთარ 5-მეტრიანში, ‘ხვამლს’ ოვალი 2-გზის „გაუჭედა“ და ვიცე-ჩემპიონი მიმდინარე სეზონში პოდიუმს მიღმა დატოვა. მცირე პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნებული „მხატვრებისთვის“ მოწინავე კვარტეტში მოხვედრა უდაოდ დიდი წარმატებაა, რაშიც ლომის წილი მათ ნიჭიერ და შრომისმოყვარე დამრიგებელ ბესიკ ჩინჩალაძეს მიუძღვის. ‘აკადემიას’ 1/2-ფინალში მოქმედ ჩემპიონ და უპირობო ფავორიტ ‘ლელოსთან’ ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

ქუთაისში, ბრინჯაოსმედალოსანი ‘აია’ (2) „ვერცხლის“ ლიგის გამარჯვებულ ‘ბათუმს’ (7) დაუხვდა. რიონისპირელები სრულ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, აჭარლებს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდენ და მეტოქეს სამატჩო ქულების აღების შესაძლებლობა არ მისცეს. ‘აიამ’ 5 უპასუხო ლელო გაიტანა. პირველ ტაიმში თავი მარბიელმა დავით ვარდანიძემ და კვაჭმა გიგი ჭუმბურიძემ გამოიჩინეს, მეორე ნახევარში კი ლელოს დადება შუამარბმა გივი კაშიამ, მარქაფადან ჩართულმა ფრთა სოლომონ რაზმაძემ და ფულბეკმა მიხეილ ჟორჟოლიანმა მოახერხეს. ჟორჟოლიანმა 3 გარდასხვაც ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა – 31:0.

‘აიას’ მეტოქე ქვემო ქართლის დედაქალაქში გაირკვა. „ხარები არენამ“, ‘ხარები’ (3)-არმაზის’ (6) რეგიონულ დერბის უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ‘არმაზი’ პლეი ოფში, რეგულარული სეზონის მიწურულს სწორედ ‘ხარებთან’ გასვლით შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების წყალობით მოხვდა. მართალია, ბრძოლა ამჯერზეც ფიცხელი გამოდგა, თუმცა გიორგი ზირაქაშვილის შეგირდებმა შეხვედრის სადავეები მატჩის პირველივე წუთებიდან მყარად იგდეს ხელთ და დამაჯერებელ რევანშთან ერთად 38:14 იმარჯვეს.

‘ხარები’ საწყის 10 წუთში, ნიკა ლომიძისა და თამაზ ჭამიაშვილის ლელოთა წყალობით 14-ქულით დაწინაურდნენ. მასპინძელთა ორივე ხსენებულმა მარბიელმა „დუბლის“ შესრულებაც მოახერხა, ხოლო მგეზავმა გიორგი სარდალაშვილმა თანაგუნდელთა დადებული ხუთივე ლელო ზუსტად გარდასახა. ‘ხარები’ უპირატესობას ხელდახელ თამაშს ანიჭებდნენ, ოვალს სისწრაფეზე კარგად შლიდა და მოედნის გამოთავისუფლებულ სივრცესაც მაქსიმალურად იყენებდა. ‘არმაზი’  შეხვედრაში გარდატეხის შეტანას უმეტესად სტატიკის ხარჯზე ცდილობდა. დათო კიკნაძის ბიჭებმა რამდენჯერმე მოლი კარგად ჩამოაყალიბეს, თუმცა ხეირი მხოლოდ ტაიმებში გატანილ თითო ლელოში პოვეს.

„ოქროს“ პლეი ოფის ერთმატჩა ნახევარფინალში ითამაშებენ

‘ლელო’ (1) – ‘აკადემია’ (4)

‘აია’ (2) – ‘ხარები’ (3)

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე