ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ლიდერებმა იოლად მოიგეს

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონის მეორე წრე ტიტულის მთავარ მაძიებელთა დამაჯერებელი გამარჯვებებით დაიწყო, რის შემდგომ პირველობის ლიდერმა ‘აიამ’ მდევარ ‘ლელოსთან’ 1-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. ‘ბათუმი’-1-მა მიჯრით მე-4 მოგებით მესამე ადგილზე აინაცვლა. აჭარლებმა ცხრილში ადგილი ‘ხარებს’ გაუცვალეს და თან ‘აკადემიასთან’ საშინაო გადავადებული შეხვედრაც რჩებათ ჩასატარებელი.

‘ხარებმა’ მოწინავე კვარტეტში ადგილი ‘ყოჩებთან’ უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო შეინარჩუნა. ‘აკადემია’ 14 ქულით მეექვსე ადგილზე დარჩა და გასავარდნ ზონაში მყოფ ‘ხვამლთან’ კვლავ 9-ქულიან ჰანდიკაპს ფლობს. ცხრილის ბოლო საფეხურს კი მინუს 2 საჯარიმო ქულის მქონე და მოუგებლად მყოფი ‘არმაზი’ იკავებს.

‘ლელომ’ აუტსაიდერ ‘არმაზს’ მესამე მასივში უმასპინძლა. იმის მიუხედავად, რომ ‘ლელოს’ დამრიგებელმა თორნიკე ბუბუტეიშვილმა ძირითადში უმეტესად მარქაფა დაასაქმა, ფავორიტი განუზომელ უპირატესობას ფლობდა, რაც მასპინძელთა 13 უპასუხო ლელოში აისახა. გუნდის კაპიტანმა და ფულბეკმა ლუკა ხორბალაძემ, მგეზავმა ლუკა ჭინჭარაულმა და შეცვლაზე შესულმა ბურჯმა ნიკა მურადაშვილმა „დუბლი“ გაიფორმეს. ქვემო ქართლელთა „მშრალი“ ანგარიშით გამანადგურებელ მარცხს წერტილი მარბიელმა ანდრო დვალმა დაუსვა – 77:0.

მოქმედმა ჩემპიონმა ‘აიამ’, ‘ლელოს’ მსგავსად, კიდევ ერთ აუტსაიდერ ‘ხვამლთან’ 77 სამატჩო ქულა აიღო. რიონისპირელებმა 11 ლელო გაიტანეს, მათი ფულბეკი ოთარ მეტრეველი შესრულებული „ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა. ‘აიას’ მგეზავმა ელგუჯა მახარაშვილმა კი წყვილ გატანილ ლელოსთან ერთად, 6-ივე შესრულებული გარდასახვა გამოიყენა. გასავარდნ ზონაში მყოფი მუხიანელები „მშრალი“ ანგარიშით მარცხს მატჩის მიწურულს ბურჯ გიორგი მესხიძის გატანილი ლელოთი გადაურჩნენ – 77:7.

მოგებათა იშტაზე მოსულ ბათუმი-1-თან, „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემიამ’ ტოლ-სწორი პაექრობა მხოლოდ პირველ ტაიმში მოახერხა, რომელიც სტუმრებმა ფრთა ზურა ნინიძის გარდაუსახავი ლელოს წყალობით მოიგეს. მეორე ნახევარში აჭარელთა უპირატესობა თვალსჩინო გახდა. სტუმართა რიგებში გამორჩეულმა, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრმა ზურა ნინიძემ „დუბლი“ გაიფორმა და თან ოთხივე შესრულებული გარდასახვაც გამოიყენა. წყვილი ლელოს გატანა სტუმართა მღლეტელმა გიორგი ირემაძემაც მოახერხა, ვისმა მეორე დადებულმა ლელომ ბათუმელთა „მშრალი“ ანგარიშით და ბონუსით მოგება დააფიქსირა – 36:0.

„ხარები არენაზე“, ‘ხარები’-ბოლნისის ‘ყოჩების’ ქვემო ქართლური დერბი უშეღავათო ბრძოლითა და 2 განსხვავებული ტაიმით გამოირჩა. პირველ ნახევარში ‘ყოჩები’ დომინირებდა, რაზეც ბოლნისელთა 3 გატანილი ლელო და 20-ქულიანი უპირატესობაც ნათლად მეტყველებს. მართალია, ‘ხარებმა’ მარბიელ თემო გელაშვილის ლელოთი ანგარიშში დაწინაურება მოახერხა, თუმცა შესვენებამდე გიორგი ჭინჭარაულის ბიჭებმა მასპინძლებს გასაქანი არ მისცეს და ბურჯ მათე ღურწკაიას, ფრთა ალექსანდრე ტატიშვილისა და მხტომელ ცოტნე რაზმაძის ლელოთა წყალობით გამარჯვებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს.

შესვენებაზე ‘ხარების’ დამრიგებელ გიორგი ზირაქაშვილის შეგონებას ფუჭად არ ჩაუვლია და მასპინძლები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ. ჰავბეკ ცოტნე უცენაშვილისა და მხტომელ ზურა ტალახაძის ლელოები ‘ხარების’ მგეზავმა გიორგი სარდალაშვილმა გარდასახა, მანვე ჯარიმაც გაიტანა და მატჩის მიწურულს ანგარიშში ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირა. ბოლო წუთებზე ‘ყოჩები’ თავს კარგად იცავდა და ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს სივრცეზე მოპოვებული უპირატესობით ფრთა დავით ბოჭორიძემ ისარგებლა, ვისმა გატანილმა ‘ლელომ’ მასპინძლები საცხრილო ქულების გარეშე დატოვა – 32:22.