ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ლიდერები დამაჯერებლად იგებენ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეათე ტური, ტიტულის მთავარი მაძიებლების ‘ლელოსა’ და ‘აიას’  დამაჯერებელი გამარჯვებებით აღინიშნა. დიდ დიღმელებმაც და რიონისპირელებმაც ბონუსით მოიგეს და შესაბამისად ჩემპიონმა ცხრილში მეტოქესთან 1-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

სეზონში მესამე მარცხის მიუხედავად, ‘ბათუმი’-1 ცხრილის მესამე პოზიციას მყარად ინარჩუნებს, თუმცა ‘ლელოს’ უკვე 16 ქულით ჩამორჩება. მოწინავე კვარტეტში ‘აკადემია’ დაბრუნდა. „მხატვრები“, ქვემო ქართლურ მდევრებს რუსთავის ‘ხარებსა’ და ბოლნისის ‘ყოჩებს’ შესაბამისად 2 და 3 ქულით უსწრებენ და თან მარაგში ბათუმელებთან პირველობის სადებიუტო გადადებული გასვლითი შეხვედრაც რჩებათ.

‘ხვამლმა’, ბოლოადგილოსან მარნეულის ‘არმაზს’ პირველობის მეორე შეხვედრაც ბონუსით მოუგო, რამაც მუხიანელებს პლეი ოფში მოხვედრისა და ელიტაში დარჩენის თეორიული შანსი შეუნარჩუნა. მუხიანელები, პლეი ოფის ბოლო, მეექვსე საფეხურზე მყოფ ‘ყოჩებს’ 9 ქულით ჩამორჩებიან. აღსანიშნავია, რომ ‘ხვამლმა’ სეზონის მანძილზე მოპოვებული 10-ივე საცხრილო ქულა ‘არმაზთან’ დაპირისპირებაში მოიპოვა.

„აია არენაზე“, ადგილობრივმა ‘აიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ ტაიმებში 3-3 ლელო გაუნაწილა და ქვემო ქართლელები „მშრალი“ ანგარიშით – 38:0 დაამარცხა. რიონისპირელთა კვაჭმა შოთა ხელაძემ პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა, მის ნაცვლად კი მეორე ტაიმში მოედანზე შესული კვაჭის ავთო ქიმუცაძის ლელომ სტუმართა მარცხს წერტილი დაუსვა. ‘აიას’, წამყვანი მგეზავის ელგუჯა მახარაშვილის გამოკლება არ დატყობია. რიონისპირელთა კაპიტანმა მიკროტრავმის მიღებამდე 3 გარდასახვის ზუსტად შესრულება მოასწრო.

მესამე მასივში, ‘ლელო’-‘ბათუმი’-1-ის ტურის გამორჩეულმა შეხვედრამ უთანასწორო ბრძოლაში ჩაიარა. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდები პირველივე წუთებიდან განუზომელ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ფავორიტის ხარისხიან, კარგად საცქერ თამაშსა და 9 გატანილ ლელოში აისახა. მასპინძელთა კვაჭმა მიხეილ ხახუბიამ „დუბლი“ შეასრულა, აჭარელთა მარცხს კი წერტილი მარბიელმა ნიკა აბესაძემ დაუსვა. აღსანიშნავია, რომ ‘ლელოს’ მგეზავმა ლუკა ჭინჭარაულმა, მის მიერ შესრულებული 6-ივე გარდასახვა გამოიყენა და თან ლელოს გატანაც მოახერხა. აჭარლები „მშრალი“ ანგარიშით მარცხს, პირველ ტაიმში მგეზავ ზურა ფირცხალაიშვილის გატანილი ეული ჯარიმით გადაურჩნენ – 59:3.

„ხვამლი არენაზე“, მოუგებლად მყოფმა ‘არმაზმა’ მასპინძელ ‘ხვამლს’ ჯეროვანი წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწია და ფულბეკ გივი გაბუნიას დადებული ლელოთი / გაბუნიამ თავადვე გარდასახა/ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით წავიდა. თამაშის სურათმა სახე მეორე ტაიმში მკვეთრად იცვალა. მარქაფადან თამაშში ჩართულ ‘ხვამლის’ კაპიტან ირაკლი ბეგლარიშვილს, ფრთა საბა ზანდარაშვილმა და შუამარბმა გიორგი კანთელაძემ მხარი კარგად აუბეს. ბეგლარიშვილის ანგარიშის გამთანაბრებელ ლელოს (კაპიტანმა 2 გარდასახვაც გამოიყენა), ზანდარაშვილის შესრულებული „დუბლი“ დაერთო. პრემიალური ქულის მომტანი ლელო კი აუტსაიდერს ბოლო წუთებზე კანთელაძემ დაუდო – 24:7.

„ხარები არენაზე“, ცხრილში მეზობლად მყოფნი ‘ხარები’ და ‘აკადემია’ დაუპირისპირდნენ, სადაც ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში ‘ხარები’ საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მხოლოდ ჰავბეკ ცოტნე უსუნაშვილის ლელოს დაჯერდნენ და შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლება ანგარიშში 9-ქულამდე სხვაობა მღლეტელ თეიმურაზ გელაშვილის დადებული ლელოთი გაზარდეს, მაგრამ დარჩენილ დროში ორგანიზებულ და სისწრაფეზე მობურთავე მეტოქესთან ვერაფერი გააწყეს. „მხატვრები“ მასპინძლებს ხაზსსაც უჭრიდნენ და სტატიკაშიც მძლავრობდნენ. ‘აკადემიას’ მესამე ხაზელი მარბიელების ალექსანდრე ბეროშვილისა და გიორგი ლომიძის გატანილი ლელოები, ფულბეკმა გიორგი ბოლქვაძემ გარდასახა და ‘ხარები’ ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა – 17:12. გიორგი ბოლქვაძე მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეც გახლდათ.

ზამთრის არდადეგების წინ, მე-11 ტურში ‘აკადემია’ „რაგბი პლატოზე“ ‘ლელოს’ უმასპინძლებს. ტურის გამორჩეული შეხვედრა კი აჭარის დედაქალაქში გაიმართება, სადაც ‘ბათუმი’-1-ი ლიდერ ‘აიას’ დაუხვდება.