ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ რეკორდულ აღმასვლას აგრძელებს

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ელიტას მეორე ტური ორი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. ჩემპიონმა ‘ლელომ’ გასული სეზონიდან მოყოლებული, პრემიით მიჯრით მე-16 მატჩი მოიგო და ხსენებულ ლიგაში თავისივე რეკორდული შედეგი კიდევ უფრო გააღრმავა. რუსთავის ‘ხარებმა’ კი (პრაქტიკულად ჩაგდებული გასული სეზონის შემდეგ) პირველობის სადებიუტო შეხვედრებში ბრინჯაოს მედალოსან ‘აიასა’ და ვიცე-ჩემპიონ ‘ხვამლის’ ძლევა მოახერხეს და მესამე ტურში მორიგ გამოცდას გიორგი ზირაქაშვილის ბიჭები ჩემპიონ ‘ლელოსთან’ საკუთარ არენაზე ჩააბარებენ.

‘ლელომ’, აკადემიას’ საკუთარ ბაზაზე, მესამე მასივში უმასპინძლა. ჩემპიონს, „მხატვრებთან“ დაპირისპირებაშიც რატი შანიძისა და ნიკა მამისაშვილი დუეტი თავკაცობდა. ჩემპიონი ჩვეულ სათამაშო რიტმს მხოლოდ მეორე ტაიმში დაუბრუნდა. პირველ ნახევარში კი ‘ლელოს’ ხშირმა დაჯარიმებამ და მცირე სათამაშო უდისციპლინობამ „მხატვრებს“ მარბიელ ლუკა ფილიშვილის ლელოთი და შუამარბ გიორგი გამყრელიძის ჯარიმა-გარდასახვით ტაიმის მოგების შესაძლებლობა მისცა-10:7.

მეორე ნახევარში ‘ლელო’ გააქტიურდა, სტატიკაში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა და მთლიანობაში ჩემპიონის 6 გატანილი ლელოდან, უმრავლესობა მორკინალთა აქტიური თამაშის შედეგად დაიდო. მარქაფადან ჩართულმა კვაჭმა გიორგი დიდებაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. ‘ლელო’ შეჯგუფებასა და გადაწყობას მეტოქეზე სწრაფად და ეფექტურად ახორციელდება. აქტიურობდნენ ჩემპიონის ხაზის მოთამაშეებიც. გუნდური, კომბინაციური სტილით შეტევები ფრთა ლუკა მაისურაძემ და ფულბეკმა თემურ ანჯაფარიძემ ლამაზი ლელოებით დააბოლოვეს -52:20.

‘ლელო’ 2 მოგებითა და 10 მაქსიმალური ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. მართალია, ‘აკადემიმ’ პირველობის ორივე სადებიუტო შეხვედრა დათმო, თუმცა ბესიკ ჩინჩალაძის რამდენიმე მოთამაშე სპეციალისტთა ყურადღებას ამთავითვე იპყრობს და გუნდის ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, „მხატვრებთან“ წარმატების მისაღწევად ნებისმიერ მეტოქეს ძალთა სრულად დახარჯვა მოუწევს.

მეორე ტურის გამორჩეული მატჩი, მუხიანში ‘ხვამლი’-ხარების’ დაპირისპირება გახლდათ. გარდამავალი უპირატესობით, ორმხრივ იერიშებში წარმართული შეხვედრა დრამატული ფინალით დასრულდა. მუხიანელები უპირატესობას დერეფანსა და შემტევ მოლში ფლობდნენ, რამაც მასპინძლებს მატჩის დებიუტში 12-ქულიანი უპირატესობა არგუნა. ქვემო ქართლელებმა გარდატეხის შეტანა პირველივე ნახევარში მოახერხეს, ხშირი ეფექტური ბოჭვებისა და კარგად ორგანიზებული შეტევის ხარჯზე 17 უპასუხო ქულა აიღეს და შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობითაც წავიდნენ – 20:15.

მატჩის სურათი მეორე ნახევარშიც არ შეცვლილა, თუმცა მეტოქენი დაცვას მეტ ყურადღებას უთმობდნენ, რაც მეორე ტაიმის საერთო ქულათა მონაგარს დაეტყო. მართალია, ‘ხვამლმა’ მეტოქეზე ორით მეტი, 4 ლელო გაიტანა, თუმცა მატჩის მოგება მაინც ვერ მოახერხა, რაშიც მთავარი „დამნაშავე“ სტუმართა შუამარბი ალექსი ზაზაძე გახლდათ. უნივერსალური თვისებების მქონე (მგეზავის პოზიციასაც კარგად ითავსებს) 17 წლის ჭაბუკმა, უნარიან თამაშთან ერთად იუველური სიზუსტე გამოიჩინა. ზაზაძემ თანაგუნდელთა ორივე ლელო გარდასახა, სამივე ჯარიმა ზუსტად დაარტყა, ბოლო წუთებზე კი კარგად გასუფთავებული რაქიდან გამოტანილი ოვალი არეკნით ძელებს შუა გაატარა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოუტანა – 26:25. ‘ხარებმა’ 8 საცხრილო ქულა დააგროვეს და მესამე ადგილზე განთავსდნენ.

ლიგის დებიუტანტ ‘იუნკერებს’ უამინდობის გამო მშობლიური კიკეთის ნაცვლად საშინაო შეხვედრის გამართვა ‘არმაზსთან’ მეტოქის არენაზე, ვაზისუბანში მოუხდათ. კიკეთელებმა მედგრად იბრძოლეს, თუმცა სათანადო გამოცდილების უქონლობამ შეტევის დასკვნით ფაზაში ‘იუნკერებს’  პირველი მატჩის მსგავსად ლელოს დადების შესაძლებლობა ამჯერზეც არ მისცა.

‘არმაზი’ რაციონალურად ირჯებოდა. დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, დავით კიკნაძის ბიჭებმა მეტოქის ლამის ყველა სერიოზულ შეცდომაზე იხეირეს, მთლიანობაში 4 უპასუხო ლელო გაიტანეს და მატჩი ბონუსით – 24:0 მოიგეს. ქვემო ქართლელთა წარმატებას სათავე ბურჯ ნიკა ნამიჩეიშვილის ლელომ დაუდო, სტუმართა მარცხს კი წერტილი ფრთა ლუკა მერაბიშვილის დადებულმა ლელომ დაუსვა. მატჩის გამორჩეული მოთამაშე ‘არმაზის’ ფულბეკი გივი გაბუნია გახლდათ, ვინაც გააზრებულ და ეფექტურ თამაშთან ერთად ორი გარდასახვა ზუსტად გამოიყენა. ‘არმაზმა’ 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

ქუთაისის ‘აიამ’ სეზონის სადებიუტო შეხვედრაში განცდილ მარცხზე ჯავრი ‘ლოკომოტივზე’ იყარა. რიონისპირელები „რკინიგზელებს“ თამაშის ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ, 10 ლელოს გატანა მოახერხეს და მატჩიც ბონუსით-60:5 მოიგეს. ბრინჯაოს მედალსონათა რიგებში „დუბლი“ კვაჭმა გივი ჭუმბურიძემ და ფრთა სოლომონ რაზმაძემ შეასრულეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘აიას’ ფულბეკ ოთარ მეტრეველის საუცხოო თამაში. მეტრეველმა, გატანილ ლელოსთან ერთად სათავე თანაგუნდელთა არაერთ შედეგიან შეტევასაც დაუდო.  ‘ლოკომოტივი’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს, მეორე ნახევარში მხტომელ გიორგი გოცაძის დადებული ლელოთი გადაურჩა.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე