ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ კონცენტრაციას არ კარგავს

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში ‘ლელომ’ კალენდარული წელი უნიკალური შედეგით დაასრულა. 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონებით გაძეძგილმა ლიდერმა გასული სეზონიდან მოყოლებული 24-ივე გამართული შეხვედრა პრემიის თანხლებით მოიგო და აღნიშნულ პერიოდში არცერთ მეტოქეს მცირე წარმატების შანსიც არ დაუტოვა. ჩემპიონი ზამთრის არდადეგებზე მაქსიმალური შედეგით, 50 საცხრილო ქულით წავიდა და მდევარ ‘აიას’ 9 ქულით უსწრებს. მიმდინარე სეზონში ‘ლელო’ თამაშში საშუალოდ 55 ქულაზე მეტს აგროვებს, მეტოქენი  კი მხოლოდ 4 ქულის აღებას ახერხებენ.  რომელი გუნდი შეძლებს ჩემპიონთან დაპირისპირებაში თუნდაც ნუგეშ-ქულის მოპოვებას?! სპეციალისტთა აზრით, ‘ლელოსთან’ პაექრობაში ყველაზე მეტად სწორედ აღნიშნული კითხვის დასმაა უპრიანი.

‘ლელო-ხარების’ მე-10 ტურის გამორჩეული შეხვედრა მესამე მასივში დამაინტრიგებლად დაიწყო. ქვემო ქართლელთა კვაჭმა ნიკოლოზ გომიაშვილმა მოახერხა ლელოს გატანა, რომლის გარდასახვა ფრთა ალექს ზაზაძეს არ გაჭირვებია-0:7. განრისხებულმა ჩემპიონმა სტუმრებს სტატიკური ფაზებით ძალუმად შეუტია და მთლიანობაში 6 დადებული ლელოთა ნაწილი სწორედ მორკინალთა აქტიურ თამაშს მოჰყვა.

სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ‘ლელოს’ კვაჭმა ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა, ვინაც „პოკერი“ გაახერხა და მათ შორის 3 ლელო კარგად დაყენებული მოლის მეოხებით გაიტანა. თითო ლელო აქტივში ჩემპიონის შუამარბმა ვაჟა მიქაძემ და ფრთა შალვა აფციაურმა მიითვალეს. ‘ლელოს’ კაპიტანმა და მგეზავმა პეტრე ხუციშვილმა კი ექვსივე გარდასახვა გამოიყენა და საკუთარი გუნდის მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებაც დააფიქსირა-42:7.

ქუთაისში, ‘აია’-‘არმაზის’ შეხვედრამ ადგილობრივი ქომაგის დიდი ინტერესი გამოიწვია. მრავალრიცხოვანი გულშემატკივარის შეძახილებითა და ყიჟინით გამხნევებულმა მასპინძლებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ‘აია’ სწრაფად, მწყობრად მოქმედებდა და უპირატესობას სტატიკაშიც ფლობდა. რიონისპირელთა კვაჭმა გიგი ჭუმბურიძემ მოლით წყვილი ლელოს დადება მოახერხა, რასაც ფრთა სოლომონ რაზმაძისა და ჰავბეკ ლადო ტყაბლაძის ლელოებიც დაერთო-26:0.

მეორე ნახევარი მწირქულიანი გამოდგა. ‘აიამ’ უპირატესობა ფულბეკ ოთარ მეტრეველის ლელოთი გაიღრმავა. ‘არმაზი’ ბოლომდე შეუპოვრად იბრძოდა და „მშრალი“ ანგარიშით თავის დაღწევა ზურა ონიანის მეტად ეფექტური ლელოთი მოახერხა. ქვემო ქართლელთა შუამარბმა მოედნის ცენტრიდან, ფინტებით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და ულამაზესი ლელოთი მატჩსზე დამსწრე საზოგადოების ოვაციაც დაიმსახურა-31:7. ‘აიამ’ მესამე ადგილზე მყოფ რუსთავის ‘ხარებს’ უკვე 9 ქულით გაუსწრო და რეგულარულ სეზონში მეორე ადგილი თითქმის გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ მოწინავე სამეულს პლეი ოფის საგზური კარგა ხანია დაბევებული აქვს. ‘არმაზს’ კი სეზონში მეექვსე მარცხი მე-6 პოზიციამდე დაქვეითების ფასად დაუჯდა.

‘ხვამლი’-‘ლოკომოტივის’ დედაქალაქური დერბი „ხვამლი არენაზე“ გაიმართა. მართალია, ვიცე-ჩემპიონმა მუხიანელებმა 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს, თუმცა აუტსაიდერთა შორის მყოფმა „რკინიგზელებმა“ მასპინძლებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და მატჩის მიწურულს ჰავბეკ საბა მაჩიტიძის გატანილი ლელოთი ნუგეშს გამორჩნენ-26:20. ‘ლოკომოტივს’ პლეი ოფის ზონასთან და ელიტაში დასარჩენ ადგილთან 12 ქულა აშორებს, რისი აღმოფხვრაც რეგულარული სეზონის დარჩენილ 4 ტურში ურთულეს ამოცანას წარმოადგენს.

‘ხვამლი’ მთელი შეხვედრის მანძილზე ანგარიშში უპირატესობას ინარჩუნებდა. გიორგი მეტრეველის შეგირდები ხაზსში კარგად ირჯებოდნენ და მეტოქეს სტატიკაშიც აღემატებოდნენ. მუხიანელთა მხრიდან პირველ ტაიმში ლელოს გატანა მარბიელმა ლუკა სულუაშვილმა, ფრთა ნუგზარ წაქაძემ და შუამარბმა დავით სეფიაშვილმა მოახერხეს. მასპინძელთა უპირატესობა მეორე ტაიმში ჰავბეკ გიორგი გრძელიშვილის დადებულმა ლელომ გაამყარა. ‘ლოკომოტივმა’ მთლიანობაში 3 ლელოს გატანა მოახერხა. პირველ ტაიმში „რკინიგზელთა“ მარბიელი ლუკა ონიანი „დუბლით“ გამოირჩა.

ტური, ‘იუნკერები’-‘აკადემიას’ „რაგბი პლატოზე“ გამართული შეხვედრით დასრულდა. ნომინალური მასპინძლის როლსა და ცხრილში უქულოდ მყოფმა კიკეთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა სამატჩო ქულების აღება ვერ მოახერხეს. უკეთ შეთამაშებული ბესიკ ჩინჩალაძის შეგირდები დაცვაში საიმედოდ ირჯებოდნენ, ოვალს კარგად შლიდნენ და მაღალი სათამაშო კომუნიკაციის ხარჯზე კომბინაციათა სიუხვითაც გამოირჩეოდნენ. ‘აკადემიამ’ მთლიანობაში 4 ლელო გაიტანა და ბონუსის თანხლებით მატჩი „მშრალი“ ანგარიშით-27:0 მოიგო. „მხატვართა“ კვაჭმა გიორგი ჭანტურიამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, კიკეთელთა მარცხს კი წერტილი მარქაფადან ჩართულმა ფრთა დავით ხაზალიამ დაუსვა.

‘აკადემიამ’ სეზონში მეხუთე გამარჯვება გაიფორმა, 23 საცხრილო ქულით ‘ხვამლს’ გაუთანაბრდა და უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის ხარჯზე მიმდინარე პირველობაზე მოწინავე კვარტეტში პირველად აინაცვლა.