ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელოს’ ფეიერული წინსვლა გრძელდება

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის უპირობო ფავორიტი ‘ლელო’ ტიტულს მიჯრით მეხუთედ ეშურება და თან ყოველ ტურში რეკორდულ აღმასვლასაც წარმატებით აგრძელებს. გასული სეზონიდან მოყოლებული, თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებმა ყველა შეხვედრა ბონუსით მოიგეს და ჩემპიონის ფეიერული სერია უკვე 19 მატჩს შეადგენს. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესესს ‘ლელოს’ მონაწილეობით პირველი წრის ორი დარჩენილი შეხვედრა იწვევს.

საინტერესოა, თუ რამდენად მოახერხებენ გასული სეზონის პრიზიორები – ‘აია’ და ‘ხვამლი’ ფავორიტისთვის უშუალო შეხვედრებში ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევას. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას მომდევნო ტურში, დედაქალაქში ‘ლელო’-აიას’ დაპირისპირება იპყრობს. მაქსიმალური შედეგის, 25 საცხრილო ქულის მქონე ჩემპიონი მდევარ რიონისპირელებს კვლავინდებურად 4 ქულით უსწრებს.

„ოქროს“ ჯგუფის მეხუთე ტურში, ‘ლელო’ ვაზისუბანში მარნეულის ‘არმაზს’ ესტუმრა და სეზონის ზედიზედ მესამე შეხვედრაში მეტოქეს სამატჩო ქულის აღების შესაძლებლობა არ მისცა. ჩემპიონი სწრაფად, ლაღად მოქმედებდა, ოვალს კარგად შლიდა და მთლიანობაში 10 უპასუხო დადებული ლელოდან, უმეტესი ნაწილი კომბინაციურ სტილში, ხელდახელ თამაშით გაიტანა. კვაჭმა თორნიკე ბოყოველმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, მარქაფადან ჩართული მხტომელი თორნიკე ჯიქურაშვილი კი „დუბლით“ გამოირჩა – 60:0. სეზონში მესამე მარცხის მიუხედავად, ქვემო ქართლელები ცხრილში მეხუთე ადგილს ინარჩუნებენ.

‘აიამ’ მიჯრით მეოთხე მოგება ამჯერზეც პრემიალური ქულით გაიფორმა. რიონისპირელებმა ტურის გამორჩეულ შეხვედრაში ‘ხვამლს’ უმასპინძლეს და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს – 29:8.

მართალია მატჩის დებიუტში მუხიანელები მგეზავ გიორგი ბურდულის ჯარიმით დაწინაურდნენ, თუმცა პირქარში თამაშის მიუხედავად ‘აიას’ უპირატესობის მოპოვება არ გაჭირვებია. ძლიერმა ქარმა გუნდებს ფეხით და ღია თამაში შეუზღუდა, რამაც მატჩის სანახაობრივი მხარე დააკნინა. სტატიკაში მასპიძლები მუხიანელებს აშკარად აღემატებოდნენ და მთლიანობაში რიონისპირელთა ხუთივე გატანილი ლელო მორკინალთა აქტიური თამაშის შედეგი გახლავთ.

პირველ ნახევარში ლელოს დადება ‘აიას’ მხრიდან კვაჭმა გიგი ჭუმბურიძემ და მგეზავმა ოთარ მეტრეველმა მოახერხეს. მეორე ტაიმში კი რიონისპირელთა უპირატესობა მატჩის გამორჩეული მოთამაშის ემზარ მინდიაშვილის მეტად ეფექტური, ფრთა სოლომონ რაზმაძისა და მარქაფადან ჩართული ლადო ტყაბლაძის ლელოებით გამყარდა. ბოლო წუთზე კი მარბიელ დავით მაჭარაშვილის გატანილი ლელო მუხიანელთათვის ოდენ პრესტიჟის ხასიათის გამოდგა. სეზონში მეორე მარცხმა ‘ხვამლი’ სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე დააქვეითა.

რუსთავის ‘ხარებმა’ სეზონის მეოთხე გამარჯვება რეკორდული სხვაობით გაიფორმეს. ქვემო ქართლელებმა მოუგებლად მყოფ ერთ-ერთ აუტსაიდერ ‘იუნკერებს’ მშობლიურ არენაზე 15 უპასუხო ლელო გაუტანეს და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით, 95:0 მოიგეს. ჩვენი რაგბისთვის იშვიათი „პენტა-თრიკი“ (5 ლელო) ‘ხარების’ მარბიელმა თამაზ ჭამიაშვილმა შეასრულა. მასპინძელთა ჰავბეკმა ცოტნე უსენაშვილმა კი პირად აქტივს „ჰეთ-თრიკი“ შემატა. მცირე პაუზის შემდეგ ‘ხარები’ ლიდერთა სამეულში დაბრუნდენ.

ტური, ‘ლოკომოტივი’-აკადემიას’ დედაქალაქური დერბით დასრულდა. „ავჭალა-არენაზე“ პირველ ნახევრში „მხატვრები“ დომინირებდნენ და კვაჭ საბა ჯელიას, მხტომელ კოსტა იოსელიანისა და შუამარბ რატი პაპაშვილის ლელოთა წყალობით შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

„რკინიგზელები“ არ შედრკნენ და მეორე ნახევარში სეზონის საუკეთესო თამაშიც აჩვენეს. მხტომელ გიორგი გოცაძისა და ფრთა თემურ ომაძის ლელოები, მანამდე გატანილი ჯარიმის ავტორმა, ჰავბეკმა საბა მაჩიტიძემ გარდასახა და ანგარიშში ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირა. დარჩენილმა ოცმა წუთმა ორმხრივ იერიშებში ჩაიარა და მეტოქეთა მხრიდან ლელოს გატანის არაერთი შანსის ქონის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა – 20:17.

‘აკადემიამ’ სეზონში მეორე გამარჯვებითა და 9 ქულით პლეი ოფის ზონაში მეექვსე პოზიცია გაიმყარა და ‘ლოკომოტივ’-‘იუნკერების’ აუტსაიდერთა დუეტს 8 ქულით მოწყდა. ‘ლოკომოტივმა’ აღებული ნუგეშით პირველი საცხრილო ქულა მოიპოვა და მასსავით მოუგებლად მყოფ ‘იუნკერებს’, ბურთების უკეთესი საერთო სხვაობის ქონის გამო ბოლო ადგილი დაუთმო.