ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ რეგულარული სეზონი ვადამდე მოიგო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მე-12 ტურის გამორჩეულ შეხვედრაში ‘ლელომ’, მდევარ ‘ხვამლს’ აჯობა და რეგულარული სეზონის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე პირველობა ოფიციალურად გაინაღდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ პლეი ოფის სამივე ეტაპზე (ფინალის ჩათვლით) ჩემპიონს საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება.

‘ხვამლის’ წაფორხილებით ‘აიამ’ ისარგებლა. რიონისპირელებმა მუხიანელებთან ცხრილში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და თან გაგა გურეშიძის შეგირდებს მარაგში ‘არმაზსთან’ გადადებული საშინაო შეხვედრაც რჩებათ. აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმმა’  გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა, რამაც ლაშა დუმბაძის ბიჭებს პლეი ოფში მოხვედრის მიზერული შანსიღა დაუტოვა და თან სეზონში პირველი საყაიმო ანგარიშიც დაფიქსირდა.

პირველობის ერთ-ერთი საკულტო შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა. ჩემპიონმა ‘ლელომ’ კვლავ მოახერხა პრემიის აღება და პრინციპული მეტოქე ‘ხვამლი’ 28:7 დაამარცხა. მატჩის მიმართ ინტერესს ‘ხვამლის’ ფულბეკ დავით ნინიაშვილის მონაწილეობა ზრდიდა, თუმცა უნიჭიერესმა ჭაბუკმა ბორჯღალოსანმა ამჯერად ჩვეულ შესაძლელობებზე სუსტად ჩაატარა შეხვედრა და აქტივში მხოლოდ, მეორე ნახევარში მარქაფადან ჩართული ფრთის გიორგი პიტიურიშვილის დადებული ლელოს  ზუსტი გარდასახვა მიითვალა. ნინიაშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან  4 ჯარიმაც გაუცუდდა.

‘ლელო’ უპირატესობას შეხვედრის დებიუტშივე დაეფლა. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდები კარგად ორგანიზებულ დაცვას, სწრაფ იერიშებს უნაცვლებდნენ და სტატიკაშიც  მეტოქეს პრობლემებს უქმნიდნენ. ჩემპიონმა მუხიანელებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა. პირველ ნახევარში ლელოს გატანა ჰავბეკმა გიორგი კურტანიძემ და ბურჯმა სანდრო ქუნთელიამ მოახერხეს. აღსანიშნავია რომ ქუნთელია, თანაგუნდელ მღლეტელ ბექა გელხვიძესთან ერთად მატჩის გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. მეორე ნახევარში  ჩემპიონმა უპირატესობა ჰუქერ გიორგი მაისურაძისა და მარბიელ ლაშა ციხისთავის ლელოებით სასურველი პრემიის მომტან ანგარიშამდე გაზარდა. ჩვეული შემართებითა და უნარიანი თამაშით ირჯებოდა ‘ლელოს’ მგეზავი პეტრე ხუციშვილი, ვინაც თანაგუნდელთა გატანილი ყველა ლელოს გარდასხვაც ზუსტად შეასრულა. მუხიანელებმა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ სეზონში ჩემპიონს 1 თამაშში ყველაზე ცოტა ქულა ააღებინეს და ასევე შედარებით მცირე სხვაობით მოგებას დააჯერეს.

‘ლელომ’ სეზონის 12-ივე შეხვედრა პრემიით მოიგო და მაქსიმალური შედეგით,  60 ქულით რეგულარული სეზონის დამთავრებამდე  2 ტურით ადრე პირველობაც დაიბევა. ქულათა სხვაობა ლიდერსა და ‘ხვამლს’ შორის 19-მდე გაიზარდა. ტიტულის შენარჩუნებასთან ერთად, ‘ლელოს’ ხელნმძღვანელობის მთავარ ამოცანას ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებებისთვის მაქსიმალურად დიდი ოდენობით ნიჭიერ მორაგბეთა მომზადება წარმოადგენს. გუნდის სტაფი გეგმაზომიერი, კარგად გაწერილი სავარჯიშო პროგრამითა და მოთამაშეთა აღზრდა-დაოსტატების სწორად წარმართული პროცესით დაკისრებულ ამოცანას წლებია, რაც  თავს წარმატებით ართმევს.

ქუთაისში, ‘აიამ’ რუსთავის ‘ხარებს’ უმასპინძლა. რიონისპირელებმა სულ 17 კაცის ამარა ჩასულ  ბრინჯაოსმედალოსანს  „მშრალი“ ანგარიშით 60:0  მოუგეს. გაგა გურეშიძის ბიჭები მართალია ცხრილში ‘ხვამლს’ 1  ქულით ჩამორჩებიან და მესამე პოზიციაზე რჩებიან, თუმცა ‘არმაზსთან’ გადადებული საშინაო შეხვედრის მოგების შემთხვევაში სასურველ მეორე ადგილზე დაბრუნდებიან.

მეტოქეთა კლასში არსებული სხვაობის გამო, ‘აიას’ თავი დიდად არ გამოუდია. რიონისპირელები მთლიანობაში 10 ლელოს დაჯერდნენ. „დუბლით“- ფრთა სოლომონ რაზმაძე, მხტომელი ვახტანგ შარვაშიძე, გუნდის შუამარბი და კაპიტანი გივი ლეჟავა გამოირჩნენ.

სეზონის მეორე ნახევარში აშკარად მოღონიერებულმა ‘ბათუმმა’ საკუთარ არენაზე ‘ლოკომოტივს’ დიდი ბრძოლა გაუმართა და ანგარიშში უპირატესობას ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა. ‘ბათუმს’ პლეი ოფში მოხვედრის შანსს მხოლოდ გამარჯვება უნარჩუნებდა.

მატჩის დიდი ნაწილი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. მარბიელ ქრისტიანე მოწყობილისა და შუამარბ ილია ზოიძის ლელოთა წყალობით ლაშა დუმბაძის შეგირდები 12 ქულით დაწინაურდნენ. ‘რკინიგზელებს’ მხსნელად ბურჯი გიორგი ბერიძე მოევლინათ, ვისმა შესრულებულმა „დუბლმა“ ვახტანგ კავთიძის ბიჭები მარცხისაგან იხსნა 12:12. ბერიძემ თავისი მეორე ლელო, მატჩის ბოლო წუთზე მოგებული დერეფანიდან აგორებული მოლის მეშვეობით დადო. გარდასახვის შერულება კი ‘რკინიგზელთა’ ფულბეკ ბადრი გოგოტიშვილს არ გაჭირვებია.  ‘ლოკომოტივი’ ცხრილში 25 ქულით მეხუთე ადგილზე რჩება.

‘ბათუმს’ კი პლეი ოფში მოსახვედრად, დარჩენილ შეხვედრებში ‘ხარების’ უქულოდ დარჩენის შემთხვევაში, ჯერ მომდევნო ტურში სტუმრად ‘აიასთან’ ნუგეშის აღება მართებს, რაც  საკმაოდ რთულად შესასრულებელ მისიას წარმოადგენს. თანაბარი ქულებით სეზონის დამთავრების შემთხვევაში, უკეთესი პირისპირ ბალანსის მქონე ‘ხარები’ ცხრილში აჭარლებზე მაღლა დარჩებიან.

ტურის დასკვნით შეხვედრაში მარნეულის ‘არმაზი’ ვაზისუბანში ქუთაისის ‘არესს’  დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 31:20 იმარჯვა. ქვემო ქართლელებმა სეზონში მეექვსე გამარჯვებით 29 ქულა დააგროვეს და ცხრილში მეოთხე პოზიცია გაიმყარეს. პლეი ოფის პირველ ეტაპზე  ‘არმაზის’ მეტოქე დიდი ალბათობით ‘ლოკომოტივი’ იქნება.  ‘არესმა’ კი სეზონში მეთერთმეტე შეხვედრა დათმო და „ომის მრისხანე ღმერთი“ ცხრილის ბოლო საფეხურზე რჩება.

დაძაბულ და თვალსასეირო შეხვედრას ელფერი ტყუპების, გოგა და გიგა ახალაძეების რკენამაც შემატა. საპირისპირო ბანაკში მყოფმა ორივე ძმამ მოახერხა ლელოს გატანა. მართალია ქვემო ქართლელები სათამაშო დისციპლინაში მოიკოჭლებდნენ,  თუმცა დავით კიკნაძის შეგირდები ინდივიდუალურად უკეთ ირჯებოდნენ და უპირატესობას სტატიკაშიც ფლობდნენ.

‘არმაზმა’ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა. მასპინძელთა მხტომელმა ავთო გოგიაშვილმა „დუბლის“ შესრულება მოახერხა. მატჩის საბოლოო ანგარიში სწორედ გოგიაშვილის მეორე ლელოთი დაფიქსირდა. ‘არმაზის’ ფრთა რომეო ბოკუჩავას გატანილი ლელო კი იშვიათი სილამაზის გამოდგა. კიკნაძის ბიჭებმა მეტოქის 22-იანთან აგორებული მოლით ბოკუჩავა შუაში მოიქციეს და  ლელომდე მანძილი ერთი ამოსუნთქვით დაფარეს.